ერთი დღე დაჯილდოებამდე - ყველაფერი, რაც „საბა 2021-ზე“ უნდა ვიცოდეთ

ფასიანი განთავსება
ლიტერატურის მოყვარულებს 23 დეკემბერს, 23 საათზე,  „საბა 2021-ის“ დაჯილდოების ცერემონიალი ელით. დაჯილდოების ცერემონიამდე სულ ცოტა ხნით ადრე, ჩვენ ირინა ჯავახაძეს, „საბას“ დირექტორს, რამდენიმე კითხვა დავუსვით:

როგორი იქნება წელს დაჯილდოების ფორმატი? მახსოვს, შარშანდელმა „საბამ“ დიდი მოწონება დაიმსახურა…

მიმდინარე კონტექსტის გათვალისწინებით წელსაც სტუმრებს არ ვეპატიჟებით დაჯილდოების ცერემონიალზე. მაყურებელი შედეგებს ტელეეკრანებიდან შეიტყობს. ფორმატის დეტალების აღწერისაგან თავს შევიკავებ, თუმცა ყველას ვპირდები, რომ საინტერესო საღამო ელით.  

როგორ შეაფასებდით გასული წლის ლიტერატურულ მოსავალს, რამდენად დიდი იყო წელს კონკურენცია“?

წელს 260 კონკურსანტმა შემოიტანა განაცხადი „საბაზე. პანდემიამ საგამომცემლო სფეროს დიდი ზიანი მიაყენა, თუმცა სირთულეების მიუხედავად ქართველმა გამომცემლობებმა მოახერხეს საგამომცემლო პროექტების გაგრძელება, შესაბამისად საკონკურსო წიგნების რაოდენობა არ შემცირებულა.

გასულ წლებთან შედარებით უფრო მეტი კონკურსანტია წარმოდგენილი კრიტიკისა და პიესის ნომინაციაში, რაც ძალიან გვიხარია. ჟიურიმ 9 თვის განმავლობაში იმუშავა და 43 ავტორი შეარჩია მოკლე სიაში.

როგორც ყოველ წელს, ყველაზე მეტი ფინალისტი თარგმანის ნომინაციაშია წარმოდგენილი. ქართველი მკითხველისთვის დიდი ფუფუნებაა, ამ რაოდენობის და ხარისხის თარგმანების გამოცემა ყოველწლიურად. 

რა განაპირობებს „საბასადმი“ მზარდ ინტერესს მკითხველში და მის მნიშვნელობას ნომინანტებში? საპრიზო ფონდი რა თანხას შეადგენს?

წელს „საბა“ მეცხრამეტედ ტარდება, ამ წლების განმავლობაში პრემიამ მოიპოვა მკითხველების ნდობა და სიყვარული. „საბამ“ უამრავი  დამწყები ავტორი გააცნო მკითხველს, რომლებიც დღეს ყველასათვის საყვარელი მწერლები და პოეტები არიან. 

 „საბას“ ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სწორედ ესაა, ლიტერატურისთვის ორი თანაბრად მნიშვნელოვანი აქტორი – ავტორი და მკითხველი მჭიდროდ დააკავშიროს ერთმანეთთან.

„საბას“ გამარჯვებული ავტორები 9 ნომინაციაში 6000 ლარს მიიღებენ, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ საპრიზო ფონდი 10 000 ლარს შეადგენს.

წელს  კონკურსს დაემატა მე-10 ნომინაცია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ დააწესა და გამარჯვებულს ჯილდოს გადასცემენ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი. რა ტიპის ნომინაციაა და რატომ გადაწყვიტეთ მისი დამატება?

ამ ნომინაციის შესახებ დეტალებს მაყურებელი დაჯილდოების დღეს შეიტყობს, რომლის გამარჯვებულიც საბას ჟიურის მიერ იქნება შერჩეული.

როგორც წესი, მოკლე სიის გამოქვეყნებას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვება ხოლმე  გარჩევა, შეფასება, სიხარული, გულისწყვეტა… რას ნიშნავს ეს პროცესი „საბასთვის“, მისი დამფუძნებლებისთვის,  თქვენთვის?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები ელოდებიან „საბას“; გამოხატავენ ემოციებს, უხარიათ… ისიც გასაგებია, რომ ყოველთვის ყველა ვერ მოხვდება მოკლე სიაში და ყველა ვერ გაიმარჯვებს და ცხადია, ამ პროცესს გულისწყვეტაც ახლავს ხოლმე თან რაც იმას ნიშნავს, რომ „საბა“ ძალიან აქტუალურია.

გაისად „საბა“ 20 წლის ხდება,  ორი იუბილე გვაქვს. ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“ ხდება 10 წლის, ხოლო ლიტერატურული პრემია „საბა“ 20 წლის.  „საბას“ ბრენდის სიძლიერეზე მეტყველებს,  ის რომ 19 წელია სტაბილურად ვატარებთ კონკურსს თიბისის ხელშეწყობით. ხალხს, მკითხველს შეუყვარდა ის, ელოდება და გულშემატკივრობს მას.

მაყურებელს ვპირდებით ძალიან ლამაზ საღამოს. დაგველოდეთ დღეს,  23 დეკემბერს, 23:00 საათზე, ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში, ასევე „საბას“, თიბისისა და „ფორმულას“ FACEBOOK-გვერდებზე. ღონისძიებას ასევე შეგიძლიათ, თვალი ადევნოთ გამომცემლობების „პალიტრა L“, „დიოგენე“, „ინტელექტი“, „არტანუჯი“, „ზოლიანი კატა“, „სულაკაურის გამომცემლობა“, „სეზანი“, „პეგასი„ და წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და მედიების On.ge, Marketer.ge, Publika.ge, „ინდიგო“ და „პალიტრა“ FB-გვერდებზე.