ევროკავშირი დაკარგული კულტურის ძიებაში

დავით ბუხრიკიძე

როდესაც ევროპის ქვეყნების მთავრობა Covid-19-თან დაკავშირებული რთული სიტუაციიდან გამოსავალს აქტიურად ეძებენ, ევროკავშირის კომისარიატმა გამოაქვეყნა სახელმძღვანელო მითითებები, რომლებიც  სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობის გარდა, კულტურის სფეროში გამოცოცხლების ტენდენციასაც ეხება.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ქვეყნებმა მასობრივი შეკრებები, სხვადასხვა ფესტივალები თუ კონცერტები აკრძალეს, ეს განიხილებოდა, როგორც უმნიშვნელოვანესი ფორმით სოციალური და კულტურული აქტივობის შეზღუდვა. თუმცა, სულ ორიოდე თვის შემდეგ, რაც აკრძალვები ძალაში შევიდა, ევროკომისიამ გამოაქვეყნა დოკუმენტი სახელწოდებით „ერთობლივი ევროპული რუკა Covid-19 შეკავების ზომების ასამაღლებლად“. კომისია გვთავაზობს ხალხთა თავშეყრის, ე.წ. პროგრესული აღდგენის სქემას.

მაინც რას გულისხმობს „პროგრესული აღდგენის“ გეგმა?

დოკუმენტში შემოთავაზებულია ჯერ საგანმანათლებლო ინსტიტუტების ხელახალი გახსნა, რის შემდეგაც რესტორნების, კაფეების და ბარების გახსნაა ნავარაუდევი. რასაც პარალელურად მასობრივი შეკრებების აკრძალვის გაუქმებაც მოჰყვება. გერმანიის, ავსტრიისა და დანიის მთავრობათა მიერ მიღებულ დადგენილ გეგმებს მალე საფრანგეთი, ბელგია და ლუქსემბურგი შეუერთდებიან.

ევროკომისია ზომების ეტაპობრივი გაუქმების აუცილებლობაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ თითოეულ გადადგმულ ნაბიჯს საკმარისი და გონივრული დრო უნდა დაეთმოს. რაც დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. დოკუმენტში ასევე მოცემულია „ეტაპობრივი მიდგომა“ როგორც შიდა, ისე გარე საზღვრების გახსნისთვის. რაც საბოლოო ჯამში მოაწესრიგებს „ნორმალური ფუნქციონირების აღდგენას“ შენგენის ქვეყნებს შორის.

სპეციალურად შექმნილი კომისია კოორდინაციას გაუწევს ევროკავშირის პირობებში გამკაცრებული ზომების მოხსნას. რაც დადებითად იმოქმედებს ევროპის ქვეყნების ურთიერთობაზეც. „საზღვრების თანდათანობით გახსნამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ინტერნაციონალურ კავშირებს და თავიდან აიცილოს ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია ევროკავშირის წევრი თუ არაწევრი ქვეყნების მიმართ”, – ნათქვამია მოხსენებაში.

გარდამავალ ეტაპზე უნდა გაძლიერდეს ურთიერთობებიც. ევროკავშირის კომიტეტი აცხადებს, რომ აპირებს, უზრუნველყოს მეტი კოორდინაცია მის წევრ ქვეყნებს შორის. მაგალითად, ერთ-ერთი ცნობილი ჰოლანდიური მუსიკალური სააგენტო მკაცრად გააკრიტიკეს ევროკავშირის ქვეყნებთან  თანამშრომლობის ნაკლებობის გამო.

„იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს კოორდინაციის ძალისხმევას, კომისია მზად იქნება, შემდგომი შეიმუშაოს სახელმძღვანელო მითითებანი. რაც მეტია კოორდინაცია ევროკავშირის დონეზე წევრ ქვეყნებს შორის, მით უფრო დიდია გავლენა სახელმწიფოებრივ დონეზე მიღებული ზომების განხორციელებაში“, – ნათქვამია ევროკომისიის მოხსენებაში.

P.S. ექსპერტთა ნაწილი სკეპტიკურად უყურებს ევროკავშირის მცდელობებს გაუქმებული ფესტივალებისა და დარღვეული კულტურული კავშირების სწრაფი აღდგენის შესახებ. უცნაურია ისიც, რომ ევროპის უდიდესი და უძველესი ფესტივალების (ავინიონი, ვენა, ზალცბურგი, ბაიროითი) 2020 წელს გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ამ ფესტივალების დირექტორატმა სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ მიიღო.