ევროპა უსმენს ბერლინს

დავით ბუხრიკიძე

ბერლინის ფილარმონიაში კოვიდ აკრძალვების შემდეგ პირველი „ცოცხალი“ კონცერტი გაიმართა, რომელსაც ათასამდე მსმენელი სამედიცინო ტესტირების გავლის შემდეგ დაესწრო. 

გერმანიის დედაქალაქში 21 მარტს მართლაც დასამახსოვრებელი საკონცერტო საღამო გაიმართა – ბერლინის ფილარმონიის ორკესტრმა დიდი ხნის პაუზის შემდეგ პირველი ცოცხალი კონცერტი გამართა მაყურებლის თანდასწრებით. როგორც გერმანული გამოცემა „rbb 24“ წერს, „ეს იყო თითქმის იდეალურად ორგანიზებული საპილოტე პროექტი, რომელმაც ათასამდე სტუმარს კოვიდ ტესტირების გავლის შემდეგ კონცერტზე დასწრების საშუალება მისცა“.

ორმოცდაათამდე სამედიცინო სპეციალისტი (მათ შორის, სპეციალურად მიწვეული სამი ექიმი ბერლინის „შარიტედან“) ფილარმონიის კამერული მუსიკის დარბაზის შესასვლელში ვიზიტორ-მსმენელს ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში უტარებდა ტესტირებას. კლასიკური მუსიკის თაყვანისმცემლებმა ტესტირების შედეგები 20 წუთის შემდეგ შეიტყვეს. აღმოჩნდა, რომ არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა პოზიტიური პასუხი. 

კონცერტის დაწყების წინ ბერლინის ფილარმონიის ინტენდანტმა, ანდრეა ზიცშმანმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს და ერთგვარი სიამაყით აღნიშნა: „დღეს თითქმის მთელი მსოფლიო უსმენს და უყურებს ბერლინს. კულტურის აქციის გარდა ეს ჩვენი გამოცდაცაა, თუ როგორ გავუმკლავდით პანდემიას და როგორ მუშაობს სამედიცინო პროცედურები“.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე ერთი წელია, თეატრები, საოპერო თუ საკონცერტო დარბაზები ყველგან დაკეტილია, ევროპასა და აშშ-ში, ბერლინმა მაინც მოახერხა დახშული კულტურული სივრცის გახსნა, თანაც ფილარმონიის უზარმაზარ დარბაზში. კულტურის ინსტიტუტებს გერმანიაში საშუალება მიეცათ, დარბაზის ნახევარი შეავსონ, თუმცა უსაფრთხოების მკაცრი ზომების დაცვითა და სამედიცინო მუშაკებთან თანამშრომლობით. 

როგორც ჟურნალისტები აღნიშნავენ, „ბერლინის ფილარმონიაში გამართული სიმფონიური მუსიკის კონცერტი ერთგვარი საჩუქარი იყო ზეციდან… სამედიცინო პერსონალის დახმარებით. როდესაც სადირიჟორო პულტთან „ბერლინერ ფილარმონიკერის“ მთავარი დირიჟორი კირილ პეტრენკო მივიდა, დარბაზში თითქოს მისტიკურმა სიჩუმემ დაისადგურა“. 

შესრულდა სერგეი რახმანინოვის მეორე სიმფონია და ჩაიკოვსკის სიმფონიური სიუიტები. დარბაზი ცხადია, ბედნიერი იყო, რადგან ერთი წლის განმავლობაში ეს პირველი ცოცხალი კონცერტი იყო. აღსანიშნავია, რომ კონცერტს პოლიტიკოსებიც ესწრებოდნენ და ეს სიმბოლური ჟესტი იყო: მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ქალაქ ბერლინის მერი, მიხაელ მიულერი და ბუნდესტაგის პრეზიდენტი ვოლფგანგ შოუბი. უახლოეს მომავალში ბერლინის ფილარმონიაში დაგეგმილია კიდევ რამდენიმე კონცერტი. 

…კარგი მაგალითები კი მოგეხსენებათ, გადამდებია და იმედია, საკონცერტო დარბაზები ჩვენთანაც მალე გაიხსნება. მით უმეტეს, რომ თეატრები უკვე სრულ მზადყოფნაშია და აპრილის დადგომასა თუ „მკვდარი სეზონის“ დაძლევას საპრემიერო სპექტაკლებით ეგებებიან. მათ შესახებ სხვა დროს და ცალკე მოგითხრობთ.