გაუცხოების ესთეტიკა ► ფემინსტრიმი

პუბლიკა

„ფემინსტრიმი“ წარმოგიდგენთ პოდკასტების სერიას, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის – „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საქართველოში“ – ფარგლებში ხორციელდება, ქალთა ფონდის მიერ საქართველოში. „ფემინსტრიმის“ მედიაპარტნიორია Publika.ge.

 

ავტორი: სალომე მიქაძე

იმის დადგენა, თუ რა უწყობს ხელს სტიგმის ჩამოყალიბებას, სოციოლოგიის სადავო საკითხია. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ სტიგმისა და ნეგატიური სტერეოტიპების გავლენა მარგინალიზებული ჯგუფებისთვის დიდი ზიანის მომტანია. შშმ პირთა შემთხვევაში მიიჩნევა, რომ სტიგმის ფორმირებაზე მოქმედებს შეზღუდული შესაძლებლობის ტიპი, თუ რამდენადაა ის გამოხატული და შშმ პირის გენდერი.

შშმ ქალებს სხვა ქალებთან და შშმ კაცებთან შედარებით განათლებისა და დასაქმების მხრივ ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, საზოგადოებისა და ოჯახებისთვის ტვირთად და სირცხვილად არიან მიჩნეულნი. მაქსიმალური პოზიტიური განწყობა, რაც მათ მიმართ არსებობს, არის სიბრალული, უხერხულობა ან იგნორი. მაგრამ ეს განწყობები ჰაერწვეთოვანი გზით არ ვრცელდება. ბუნებრივია ამას ხელშემწყობი ფაქტორები აქვს.

ზოგადად, მედიას დიდი გავლენა აქვს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე და ის ინფორმაციის გავრცელების მთავარ მეთოდს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მას მეტი სიზუსტე მოეთხოვება სოციალური საკითხების გაჟღერებისას. მართალია, თანამედროვე მეინსტრიმულ მედიაში ქალთა ჩართულობა იშვიათობა არ არის, მაგრამ შშმ ქალებს ბევრგან ვერ ნახავთ, მით უმეტეს ისეთი საკითხების განხილვისას, როგორიცაა პოლიტიკა, ეკონომიკა, ჯანდაცვა და ა.შ. ქალთა სოციალურ საკითხებზე ინფორმაციას, როგორც წესი, პირდაპირ კონკრეტული ჯგუფიდან (ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური უმცირესობები და ა.შ) არ ვიღებთ, ანუ მას გვაწვდის ზოგადად ფემინისტური მოძრაობა ან თვითონ მედია. შშმ ქალებისთვის აქტუალური საკითხების განხილვას დრო თითქმის არ ეთმობა.

შშმ პირთა თემის მედიაში გაშუქება ძალიან ზედაპირულად ხდება. როგორც წესი, ეს არის მშრალი ტექსტები უფლებრივ მდგომარეობაზე, რაც ძირითადად შშმ პირთა საერთაშორისო დღეებში ქვეყნდება. თვითონ შშმ პირებისგან მსმენია უკმაყოფილება იმის შესახებ, რომ, როდესაც სტატიები ან სიუჟეტები იწერება, ძირითადად ყურადღება ფიზიკურ, გამოხატულ შეზღუდულ შესაძლებლობას და მასთან დაკავშირებულ ბარიერებს ექცევა.

როდესაც მედია შშმ პირთა შესახებ გვაწვდის ინფორმაციას, მისი გაშუქების მეთოდები ხშირად პრობლემურია. ალბათ, ყველაზე გავრცელებული მეთოდი შშმ პირის უსუსურად და უძლურად წარმოჩენაა, რაც შეზღუდული შესაძლებლობის, როგორც აუცილებლად განსაკურნი მდგომარეობის აღქმიდან გამომდინარეობს. ის ფაქტი, რომ შშმ პირები, განსაკუთრებით ქალები, მარგინალიზებულ ჯგუფს წარმოადგენენ, არ საჭიროებს ტრაგედიის გათამაშებას, თავისი სევდიანი მელოდიებითა და ბნელი კადრებით. უმჯობესია მეტი ყურადღება მიექცეს იმ გარემოებებს, რომლებიც ამ უსუსურობას განაპირობებს. არავის მოსწონს, როდესაც სიბრალულის ობიექტი ხდება და მისი არსებობა დაკარგულ პოტენციალთან და უბედურების განცდასთან ასოცირდება.

გაშუქების კიდევ ერთი მეთოდია შშმ პირისგან ინსპირაციული, გმირის ხატის შექმნა. ეს გულისხმობს იმ შშმ პირის ქებას, ვინც ახერხებს და სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობს, რითაც, ასე ვთქვათ, „ამარცხებს“ საკუთარ შეზღუდულ შესაძლებლობას. ეს ვითომ გამამხნევებელი მიდგომა საზოგადოების მხრიდან, უფრო უხერხულობის დაძლევის მცდელობაა,  რომელიც „თავზე ხელის გადასმით“ თითქოს მიმღებლობას და პატივისცემას გამოხატავს. რეალურად, ასეთი ისტორიები სხვების, არა შშმ პირების, შთაგონებისთვის და პოზიტიური განწყობის შესაქმნელად უფრო გამოიყენება.

შშმ ქალთა საკითხების მიმართ ინტერესი შედარებით ახალი სფეროა და ის საჭიროებს მათ არა როგორც ერთიანი, უსახო მასის აღქმას, არამედ როგორც ინდივიდების, რომლებიც სისტემური დისკრიმინაციის გამო ვერ ახერხებენ სრულყოფილად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. შშმ სტატუსის არსებობაზე ხაზგასმამ შეიძლება დაგვავიწყოს, რომ მის მიღმა ჩვეულებრივი ადამიანები არსებობენ. ამან რიგითი მოქალაქე შეიძლება იმ აზრამდეც მიიყვანოს, რომ ყველაფრის თავი და თავი რაიმე სახის დარღვევის არსებობაა და არა ის ფიზიკური, სოციალური თუ კანონმდებლობითი ბარიერები, რომლებსაც ამ შემთხვევაში შშმ ქალები შეიძლება აწყდებოდნენ.

ეს ყველაფერი მხოლოდ მედიის არასწორი გაშუქების ბრალი არ არის, რეალურად მსგავსი მიდგომები ეყრდნობა საზოგადოების უმრავლესობის ქცევას, რომელიც ფიქრობს, რომ, როგორი წარმატებულიც არ უნდა იყოს შშმ პირი, მით უმეტეს ქალი, ის ვერასდროს იქნება „სრულყოფილი“. მგონია, საზოგადოება შშმ პირის გენიალურობას უფრო კარგად მიიღებს, როგორც სამაგალითო გამონაკლისს, რომლის არსებობასაც ისევ თავისი თავის მოტივირებისთვის გამოიყენებს, ვიდრე იმის გააზრებას შეძლებს, რომ შშმ ქალები და კაცები უბრალო ადამიანები არიან, თავიანთი კარგითა და ცუდით. ეს შშმ პირთა არსებობის ნორმალიზებას მოითხოვს, რაც შეიძლება რთული იყოს მათთვის, ვისაც ეგონა და ჰგონია, რომ საზღვარგარეთ უფრო მეტი შშმ პირი ცხოვრობს, რადგან ქუჩაში უფრო ხშირად ხედავენ. რასაკვირველია, ნორმალიზება ამ შემთხვევაში სისტემური ბარიერების იგნორირების საბაბი არ უნდა გახდეს. არაფერია იმის აღიარებაში ცუდი, რომ გარკვეული პრობლემების დასარეგულირებლად უფრო კომპლექსური მიდგომებია საჭირო.

ბევრი ქალისგან მსმენია, რამდენად დიდი დადებითი გავლენა მოუხდენია მედიაში კარგ გაშუქებას და სათანადო რეპრეზენტაციას მათზე; როგორ აკლდათ მსგავსი პოზიტიური გავლენები ბავშვობაში, როდესაც ასეთი დადებითი მუხტის მიღება, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია. კონკრეტულად შშმ ქალთა რეპრეზენტაციის მხრივ, ამ დრომდე არ მახსენდება კარგი მაგალითები. ამიტომაც უნდა ვიყოთ განსაკუთრებით კრიტიკულები მაშინ, როცა საქმე უმცირესობების წარმოჩენას ეხება. არ აქვს მნიშვნელობა, ეს შემეცნებითი ხასიათის იქნება, თუ გასართობი, რეალობის დროებით დასავიწყებლად შექმნილი, თუ კრიტიკისთვის გამიზნული.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ჟანრობრივი მედიაც იმსახურებს ყურადღებას. მაგალითისთვის კინოსა და ლიტერატურას არანაკლები ძალა და გავლენა აქვს, თუმცა როდესაც საქმე შშმ პირებს ეხება, სტერეოტიპებს ისინიც ამყარებენ და ჯგუფი გაბოროტებულ ადამიანებად გამოჰყავთ ხოლმე. თუმცა სუფთა ტოკენიზმისთვისაც (ანუ ცრუ ჩართულობისთვის) თამამად ხდება ქალების გამოყენება, მათ შორის შშმ ქალებისაც.

შეგვიძლია დაუსრულებლად ვიკამათოთ იმაზე, თუ რა სახის მედია რა გავლენას ახდენს ადამიანზე, მით უმეტეს, რომ ტექნოლოგიური პროგრესის შედეგად მუდმივად ვექვემდებარებით დაუსრულებელი საინფორმაციო და გასართობი შინაარსის მასალის შემოდინებას. თუმცა მაინც მგონია, რომ სტიგმის ფორმირებასა და გაბათილებაში ამ მასალას დიდი როლი აქვს.

გაუცხოებას წარმატებით მივყავართ სეგრეგაციისკენ. ის სტიგმაცა და სტერეოტიპიც გაუცხოების წისქვილზე წყლის დასხმაა და სხვა არაფერი. ადამიანები სოციალური ცხოველები ვართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თავი ავარიდოთ მარტოობას, უნდა მიგვიღონ, უნდა დაგვაფასონ. შშმ ქალებს კი საზოგადოებაცა და მედიაც მეტწილად აიგნორებს, მათთან დისტანციას ზრდის, რადგან არასტანდარტულთან სიახლოვე არაკომფორტულია, არაესთეტიურია, უცხოა.

მეინსტრიმიდან ჩამოშორება ჰიპსტერული გაგებით კარგიც არის, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ამას ვინმე საკუთარი სურვილით აკეთებს და არა იმიტომ, რომ სხვა გზა არ გრჩება. ბოლომდე ჩემი ნებით არ მოვშორებივარ ასეთ სივრცეებს, მაგრამ რაღაც მომენტში გადავწყვიტე, რომ იქ დარჩენას, სადაც ადგილს ვერ ვპოულობდი, ჩემი კომფორტის ზონის შექმნა ჯობდა. არ ვიცი, რამდენად სწორი საქციელია ეს, მაგრამ მე და ჩემი ფავორიტი ფრანგული შუგეიზი ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს. ზოგჯერ. მე მივეჩვიე სასარგებლო და საინტერესო ინფორმაციის ძებნას იმ მედიაში, სადაც, როგორც წესი, შშმ პირებს დიდი ყურადღება არ ექცევა.

ხანდახან, ასე მგონია, რომ ტექნოლოგიურ პროგრესს ადამიანის ცნობიერება ვერ ეწევა და ზუსტად ამიტომ ვცხოვრობთ ფაქტობრივ 21 საუკუნეში, მაშინ, როდესაც მოძველებული და შემბოჭავი იარლიყები ვერ მოგვიშორებია. საქმეც ესაა. ფიზიკური შეზღუდვა გამოხატული ან ძალიან გამოხატულია, ის არის, რაც არის და ვინმეს ესთეტიკური შეხედულებების მიუხედავად არსებობს.

ყველაზე ცუდი აქ ისაა, რომ სტიგმის არსებობა თავად შშმ ქალში აჩენს ხოლმე გადაულახავ ნეგატივს საკუთარი თავის მიმართ და დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ ეს პროცესი უკუიქცეს. ხანდახან, ძალიან მკაფიოდ ვიაზრებ, რომ რეალურად კუთხეში ვარ მიმწყვდეული და საკუთარი ცხოვრება ჩემს კონტროლს არ ექვემდებარება.

შშმ ქალები არავის პრიორიტეტებში არ იკავებენ წამყვან ადგილებს. ბევრ შშმ ქალს გასაქანსაც არ აძლევენ საკუთარი თავის დასამკვიდრებლად. სამწუხაროდ, ვვარაუდობ, რომ ჩაგრულები ყოველთვის იარსებებენ, საზოგადოება ხომ იერარქიულია, როგორც არ უნდა ცდილობდეს, სამართლიანი იყოს. ეს სამართლიანობაც ბევრისთვის ერთი „შენ ეს შეგიძლიას“ შემოძახებაა და მეტი არაფერი.

გამოყენებული მასალა:

  • Disabling imagery and the media;
  • Concepts of health, wellbeing and illness, and the aetiology of illness: section 5. Stigma and how to tackle it;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება მედიაში;