გენდერი და შეზღუდული შესაძლებლობები ► ფემინსტრიმი

პუბლიკა

მსმენელს პოდკასტების ამ სერიის მოსმენისას ალბათ უჩნდება კითხვა: და მაინც რა გადაკვეთა არსებობს გენდერსა და შეზღუდულ შესაძლებლობას შორის? რატომ არიან შშმ ქალები შშმ კაცებზე უფრო მოწყვლად მდგომარეობაში? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა პირველად დავიწყე 2015 წელს, როდესაც ქალთა საინფორმაციო ცენტრის ტრენინგკურსისთვის აპლიკაციას ვავსებდი. კურსი განკუთვნილი იყო სტუდენტებისთვის და ეხებოდა ქალთა უფლებებს. იმ დროს არ ვიცნობდი კონკრეტულად შშმ ქალთა უფლებადამცველებსა და შშმ ფემინისტებს. სწორედ მაშინ დავფიქრდი იმაზე, თუ რა ბარიერებსა და პრობლემებს აწყდებიან ქალები (როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ასევე, შშმ პირთა დედები და ოჯახის სხვა ქალი წევრები) სწორედ ცხოვრების დამამძიმებელ ამ ორ გარემოებას შორის მიმართებაზე ვისაუბრებ.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ დედების, როგორც მზარეულების, ჭურჭლის მრეცხავების, დამლაგებლებისა და სუფრების გამშლელ–ამლაგებლების გენდერული როლით ყველაზე მეტად სწორედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ზარალდებიან. ხშირად მინახავს ქუჩაში გაზრდილი ისეთი ოჯახის შვილები, რომლებსაც ჩვენში „კარგ ოჯახებად“ მიიჩნევენ. მათი დედებიც მთელი დღე ზემოთჩამოთვლილ მოვალეობათა შესრულებაში არიან, მამები კი საერთოდ ან თითქმის არ მონაწილეობენ შვილების აღზრდაში. შედეგი ისაა, რომ ასეთ ოჯახებში შვილების აღზრდა ხშირად შემოიფარგლება სახლში სადილობით, მოდური აქსესუარების ყიდვით, ჯიბის ფულის რეგულარულად მიცემით, რეპეტიტორთა დაქირავებით, უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადახდითა და „ისწავლე შვილოს“ ძახებით. ახლა წარმოიდგინეთ ამგვარი ოჯახის შვილი შშმ ბავშვი, რომელსაც გადაადგილების შესაძლებლობის შეზღუდვის გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად ქუჩაში გასვლა, იქ ადამიანებთან ურთიერთობების დამყარება, ანუ ბავშვი, რომლისთვისაც ქუჩაში სწავლა-განვითარების შესაძლებლობა შეზღუდულია. წარმოიდგინეთ ამგვარი ოჯახის შვილი უსინათლო ან ყრუ ბავშვი, რომელიც ვერ ხედავს ქუჩაში განვითარებულ მოვლენებს და არ ესმის, რას ამბობენ ქუჩაში მყოფი მისი თანატოლები და არათანატოლები. ანუ როცა დედა შშმ ბავშვისთვის ვერ, მამა კი– არ იცლის, არა შშმ ბავშვისგან განსხვავებით შშმ ბავშვს ქუჩაში განვითარების პირველი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობაც არ აქვს, რაც თავისთავად იწვევს ამ ბავშვის გარიყულობასა და საზოგადოებიდან გამოთიშვას ადრეული ასაკიდანვე, რისი დაკომპენსირებაც მოზრდილ ასაკში უკვე რთულია.

ბავშვობაა ის დრო, როდესაც საფუძველი ეყრება ადამიანის განათლებასა და განვითარებას. დედაზე ძალადობა, ჩაგვრა, მიტოვება ანდა მშობელთა შორის ოჯახურ მოვალეობათა არაპროპორციული გადანაწილება ხელს უშლის მომავალი თაობის შშმ პირთა სრულფასოვან განვითარებას.

ამასთან ოჯახში შშმ ბავშვის დაბადება ხშირად და არაადეკვატურად ბრალდება დედას, რაც ისედაც ტრავმირებული და დაბნეული დედის დამატებითი ჩაგვრისა და ზოგ შემთხვევაში მასზე ძალადობის მიზეზი ხდება.

დედაჩემს, მაგალითად, უთხრეს, ორსულობის დროს ტელევიზორს რომ უყურებდი ხშირად, ამიტომ გაგიჩნდა „უსინათლო შვილიო“. არცთუ იშვიათია შემთხვევები, როცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის დაბადების შემდეგ მამა შორდება მეუღლეს და ტოვებს ოჯახს, რაც შშმ ბავშვის დედისთვის ნიშნავს შვილის მატერიალური უზრუნველყოფის მთელი სიმძიმის დაწოლას, რის გამოც დედას აღარ რჩება დრო შშმ შვილის განვითარებაზე მუშაობისთვის, რაც შშმ ბავშვის განვითარებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე – არაშშმ – სთვის. აქვე აღვნიშნავ, რომ ზოგადად, შშმ ბავშვის განვითარებაზე სამუშაოდ საჭიროა უფრო მეტი დრო და ძალისხმევა, ვიდრე – არაშშმ ბავშვის განსავითარებლად.

ქართულ რეალობაში არსებობს რამდენიმე შემთხვევა, როცა ოჯახს არ სურდა სამეზობლოში თავისი შშმ შვილის შესახებ ინფორმაცია გავრცელებულიყო, რადგან, მათი წარმოდგენით, ეს ხელს შეუშლიდა (და შეიძლება, მართლაც გამხდარიყო რეალური დაბრკოლება) მათი შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე შვილების დაოჯახებისთვის. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გოგო ერთ ოთახში ჰყავდათ ჩაკეტილი საზოგადოებისგან სრული იზოლირების მიზნით, რომ მას ხმა არ ამოეღო და სახლში შემოსულ სტუმრებს მისი არსებობის შესახებ არ გაეგოთ. სცემდნენ და ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდნენ მასზე.

შეზღუდული შესაძლებლობა ქალზე ოჯახში ძალადობის კიდევ ერთი შესაძლო საფუძველია. შშმ ქალებზე ძალადობენ როგორც ქმრები და პარტნიორები, ასევე მშობლები და სხვა ნათესავები. ამავდროულად მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ქალობასთან დაკავშირებული (რომ ის არ ემორჩილება ქმარსა თუ ოჯახს), ასევე შეზღუდულ შესაძლებლობასთან (როდესაც ძალადობენ შშმ ქალზე ზრუნვით გამოწვეული გაღიზიანების გამო, რომ არ ესმის საუბარი, ვერ კითხულობს ბრტყელი შრიფტით დაბეჭდილ ტექსტს, ისე სწრაფად ვერ გადაადგილდება).

შშმ ქალს აქვს ქალისთვის დაკისრებული ყველა მოვალეობა (მაგ. ეკრძალება სექსუალური ცხოვრება ქორწინების გარეთ), მაგრამ ტიპური განვითარების მქონე ქალებისთვის მინიჭებული უფლებებიც არ აქვს. მაგ. ხშირად კიცხავენ ან უკვირთ შშმ ქალთა მოტივაცია გემოვნებიანად ეცვათ, იყენებდნენ კოსმეტიკას, სამკაულებს. საზოგადოება ხშირად ოჯახის შექმნის საშუალებასაც არ აძლევს. მაგალითად, ერთ შშმ ქალს მოუწია სოცქსელის დროებით გაუქმება დაქორწინების შემდეგ, რადგან მასაც და მის ქმარსაც საყვედურობდნენ „ასეთ კარგ ბიჭს რატომ აეკიდე ტვირთად? რა უნდოდა მას შენისთანასთან“. ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ერთ-ერთ ქალს სოცმუშაკი ეჩხუბა, როგორ შეიძლებოდა შენი დაორსულება, ბავშვის გაჩენაო. სამშობიაროებშიც ხშირია შშმ ქალებთან აკრძალვის ენით საუბრები. პანდემიის პერიოდში ორმა უსინათლომ იმშობიარა. ერთს დედის სამშობიაროში შეშვებაზე უთხრეს უარი და ბავშვის მოვლაში საჭირო ასისტირებას პალატის სხვა პაციენტები უწევდნენ. მეორეს კი პერსონალმა მოთხოვა, ვინმე თუნდაც თავისი ხარჯით დაექირავებინა, ვინც სამშობიაროში დაეხმარებოდა, რადგან ოჯახის წევრი არ ყავდა. უსინათლო დედისგან მსმენია, როგორ არ ესალმებოდნენ მას სხვა ბავშვების მშობლები, თავისი შვილი ბაღში რომ დაყავდა. როგორ გარიყულად გრძნობდა თავს სხვა მშობლების გარემოცვაში.

პრობლემურია ასევე შშმ ქალთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და კონფიდენციალობა სამედიცინო მომსახურების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სამართლებრივად განმტკიცებული და უზრუნველყოფილია პაციენტის დიაგნოზისა და სხვა პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას სამედიცინო პერსონალი, როგორც წესი, ოთახიდან არ ითხოვს ამ შშმ პირის ოჯახის წევრებსა და თანმხლებ პირებს, მაშინ როცა შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე პაციენტისთვის იგივე მომსახურების გაწევისას მის თანმხლებ პირებს აუცილებლად დაითხოვდნენ.

პირიქით, შშმ პაციენტის მომსახურებისას სამედიცინო პროცედურებთან, მის დიაგნოზთან ან ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას ექიმები აცნობენ არა უშუალოდ შშმ პაციენტს, არამედ– მის თანმხლებ პირებს, რაც გამოწვეულია სამედიცინო პერსონალის სტერეოტიპული აზროვნებით, გულგრილობითა და შშმ პაციენტისთვის მისი ოჯახის წევრთა/თანმხლებთა დახმარების გარეშე სამედიცინო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული შესაძლო სირთულეებთან გამკლავებისგან პასუხისმგებლობის არიდების სურვილით.

ერთხელ მამა გამყვა კლინიკაში. პროცედურის დროს შესაძლოა, ჩემი გაშიშვლება ყოფილიყო საჭირო. მაგრამ სანამ მე არ მოვითხოვდი, მამაჩემს ექთანი ადგილს უჩვენებდა, რომ იქვე დამჯდარიყო და დასწრებოდა. არსებობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები, რომელთა გამხელა შშმ ქალს უფრო მეტად, ვიდრე– შშმ კაცს, შეიძლება, არ სურდეს, თუნდაც თავისი ოჯახის წევრებთან, რისი უფლებაც მას აქვს შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე ქალების მსგავსად, თუმცა ამ უფლების განხორციელება ძალზე ჭირს.

2018 წელს შშმ ქალთა ორგანიზაციამ „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“ ჩაატარა ჯანდაცვის სერვისების მისაწვდომობის მოკვლევა. ექიმ – გინეკოლოგებთან გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა, რომ შშმ ქალებს ბლანკეტურად უშვებენ საკეისრო კვეთაზე გართულებების შიშით, ასევე ბუნებრივი მშობიარობის პროცესში მისი ასისტირების წესების უცოდინრობის გამო. კონკრეტულ დიაგნოზსა და მასთან ბუნებრივი მშობიარობის შეთავსებადობას ინდივიდუალურად არ სწავლობენ. ხარ, მაგალითად, უსინათლო? (თუნდაც თვალი აღარ გქონდეს). გაქვს ფსიქო-სოციალური საჭიროებები? ავტომატურად გიშვებენ ოპერაციაზე, რომელიც გაცილებით უფრო რისკიანია ბუნებრივ მშობიარობასთან შედარებით.

საგანმანათლებლო სისტემაშიც შშმ გოგოებს ტიპური განვითარების მქონე თანატოლებთან თანაბრად ტვირთავენ გენდერული სტერეოტიპებით. უსინათლოთა სკოლაში ჩემი სწავლის დროს 13 წლის გოგონა რომ დაქორწინდა 23 წლის კაცზე, მასწავლებლებმა ის ერთგვარად შეაქეს და ჩვენ მისაბაძ მაგალითად წარმოგვიჩინეს, მან მაინც იპოვა თავისი გზაო, გვითხრეს. ამავდროულად დირექციამ ამ 13 წლის ბავშვს სკოლაში სიარულის უფლება აღარ მისცა: „გათხოვილი ქალი ბავშვებთან ერთ მერხზე არ უნდა იჯდეს“. თან შეაქეს და თან შესაძლებლობა წაართვეს.

ცალკე განსახილველი საკითხია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, უფრო მეტად კი კონკრეტულად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა, პირადი ცხოვრებისა და დაოჯახების პრობლემა. მაშინ როცა შშმ პირთა განათლების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისა და დასაქმების იდეა თბილისში თეორიულად მაინც აღიარებულია, დაოჯახებისა და პირადი ცხოვრების შესაძლებლობის უზრუნველყოფა ჯერ კიდევ ტაბუირებული თემაა. ზოგადად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალს უფრო უჭირს ოჯახის შექმნა იგივე ტიპის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კაცებთან შედარებით. ეს განპირობებულია ისევ და ისევ ქალის გენდერული როლის შესახებ გაბატონებული შეხედულებით, რომლის მიხედვითაც სწორედ მას ევალება სახლის მოვლა, საჭმლის მომზადება, ქმრის მომსახურება და შვილების აღზრდა. აქედან გამომდინარე, თუ საზოგადოებაში მიჩნეულია, რომ შშმ ქალს არაფრის კეთება შეუძლია, ის ჩაითვლება არასასურველ საცოლედ, შეყვარებულად და ოჯახის წევრად, მაშინ როცა კაცს მაინც არ ეკისრება ამ  საოჯახო მოვალეობათა შესრულება და ქალთან შედარებით უფრო ეპატიება უსაქმურობა, მისი შეზღუდული შესაძლებლობა არ წარმოადგენს მისი პირადი ცხოვრებისთვის იმგვარ დაბრკოლებას, როგორსაც შშმ ქალისთვის. ამასთან საქართველოში გაბატონებული ქალის სილამაზის კონკრეტული სტანდარტის კულტი ასევე უშლის ხელს შშმ ქალს, ვინაიდან ის ამ სტანდარტებში, საზოგადოების აზრით, ვერ ჯდება. დაბოლოს, სხვადასხვა დაავადებათა შვილზე გადაცემა ბრალდება ქალს მეცნიერული დასაბუთების გარეშე, მარტო იმიტომ, რომ ნაყოფი მის სხეულში იზრდება. ჰგონიათ, რომ შშმ ქალი თავის დიაგნოზს ბავშვს მემკვიდრეობით უფრო გადასცემს, ვიდრე შშმ კაცი.

შშმ ქალებს საქართველოში დღემდე არცერთი პოლიტიკური თანამდებობა არასდროს დაუკავებიათ, რასაც ასევე გარკვეულწილად ხელს უწყობს შშმ ქალთათვის ოჯახის შექმნის სირთულე, ვინაიდან საქართველოში დღეს გაბატონებული წარმოდგენის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიმღები მაღალ თანამდებობაზე მყოფი ქალი დაოჯახებული უნდა იყოს. შშმ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხს ერთი პოდკასტი უკვე მივუძღვენი, მაგრამ ესეც უნდა მოვყვე: ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის უცხოელმა დამკვირვებელმა მკითხა – სერიოზული კარიერა გაქვს, ღირებული გამოცდილებაც დაგიგროვებია და რომელიმე პარტიას ხომ არ შემოუთავაზებია შენთვის არჩევნებში კენჭისყრა?

ამ ზაფხულს ერთი პარტია დამიკავშირდა საკმაოდ გაუგებარი შემოთავაზებით –  პარტიულ საქმიანობას არ მთხოვდნენ. ჩემი ექსპერტად მოწვევა უნდოდათ, ოღონდ მოხალისეობრივ საწყისებზე, რომ შშმ პირთა უფლებებთან დაკავშირებული პროგრამის ნაწილიც დამეწერა. ჩემი დაწერილიდან რას შეიტანდნენ და რას არა, ცალკე საკითხავია. შარშან რომ შეგვახვედრა ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა პარტიებს წინასაარჩევნოდ, უამრავი საკითხი დავუსვით. არჩევნების შემდეგ ორგანიზაცია „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ მიერ ჩატარებულმა პარტიების პროგრამების კვლევამ აჩვენა, რომ შშმ თემატიკაზე მთავარ საარჩევნო პროგრამებში თითქმის არაფერი ეწერა. წინასაარჩევნოდ შშმ პირებთან ცალკე გამართულ შეხვედრებზე კი აჟღერებდნენ რაღაცეებს, მაგრამ ძირითად პროგრამულ ტექსტებში ეს არ ასახულა.

შშმ პირთა უფლებები „აპოლიტიკურ“ თემად მიიჩნევა. ითვლება, რომ ამ მიმართულებას ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა მიხედოს. პრაქტიკაში კი ეს იწვევს იმას, რომ ის არავის აინტერესებს. შშმ პირთა საკითხები გატანილია პოლიტიკურ დებატებს მიღმა, მათზე პოლიტიკური პარტიები და სხვადასხვა იდეოლოგიური ჯგუფები არ კამათობენ, რაც ამ საკითხებს აქტუალობასა და სიმწვავეს უკარგავს. იმის საჩვენებლად თუ რამდენად არაპრიორიტეტულია შშმ პირთა ჩართულობა პოლიტიკოსებისთვის, ისიც საკმარისია სახსენებლად, რომ ამა წლის აგვისტოში თბილისში შეარჩიეს მერთან არსებული შშმ პირთა საკონსულტაციო საბჭოს ახალი წევრები. საბჭოს ახალი შემადგენლობა კი ჯერჯერობით ერთხელაც არ შეკრებილა. წესით ხომ სწორედ წინასაარჩევნოდ მაინც უნდა აინტერესებდეს მერობის კანდიდატს შშმ პირთა და მათ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ხედვა. მაგრამ გვეუბნებიან, რომ პირველი სხდომა ბარემ არჩევნების შემდეგ ჩატარდება, რადგან მერს ახლა არ სცალია.

რომ დავუბრუნდეთ იმ პარტიის შემოთავაზებას: პროგრამის დაწერასთან ერთად უნდოდათ, რომ მე მომეწყო მათთვის შშმ პირთა ორგანიზაციებთან შეხვედრები. ერთი კონკრეტული პარტიის შეხვედრებზე რომ დამეძახებინა თემის წარმომადგენლებისთვის, ეს წარმომაჩენდა ამ პარტიის აქტივისტად. შესაბამისად, აღნიშნულ შეთავაზებაზე უარი ვთქვი. ვურჩიე, მიემართათ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც დაეხმარებოდნენ შშმ პირებთან შეხვედრაში. რამდენიმე თვის შემდეგ გავიგე, რომ სხვა რეგიონში ამ პარტიამ პირდაპირ შეთავაზა ჩემნაირ უსინათლოს, ოღონდ კაცს, მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამსვლელ ადგილას ყოფილიყო პარტიულ სიაში. ანუ ყოფილიყო საკრებულოს წევრობის კანდიდატი. ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე.

ამ პოდკასტში ვეცადე, განმეხილა ის გამოწვევები, რომლებსაც შშმ ქალი ცხოვრებისა და კარიერის თითოეულ ეტაპზე აწყდება. ზემოაღწერილი პრობლემების მოსაგვარებლად შშმ ქალთა უფლებათა მხოლოდ საკანონმდებლო გარანტიების აღიარება არ არის საკმარისი. მართალია, დისკრიმინაციას მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით კრძალავს საქართველოს კონსტიტუციის მე–11 მუხლი, გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია, რომლის რატიფიცირებაც საქართველომ 2014 წელს მოახდინა, რითაც ის ჩვენი სახელმწიფოს სამართლის სისტემის ნაწილი გახდა; საქართველოს შრომის კოდექსი, რომლითაც იკრძალება შრომით და მათთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა ურთიერთობებში დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც დანაშაულად აცხადებს შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით ისეთი დისკრიმინაციული ქმედების განხორციელებას, რასაც მნიშვნელოვანი ზიანი მოყვა; საქართველოს კანონი შშმ პირთა უფლებების შესახებ, რომლითაც დისკრიმინაციად არის გამოცხადებული გონივრულ მისადაგებაზე უარიც; და ბოლოს, საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. თუმცა ამ მრავალფეროვან საკანონმდებლო გარანტიათა მიუხედავად შშმ ქალთა უფლებრივი მდგომარეობა, საზოგადოებაში სრულფასოვან წევრებად ინტეგრაცია და ჩვენი პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობები საქართველოში მაინც მეტად მწირია. ადამიანი იძენს შესაძლებლობებს მხოლოდ საზოგადოებაში და საზოგადოების მეშვეობით.

უფლება თეორიულად გამოხატული იდეაა, დაშვებაა, რომ თუ ადამიანს ოდესმე ექნება რამე ან ის რამეს მიაღწევს, მას იმ რაღაცას ხელიდან არ გამოსტაცებენ. შესაძლებლობა კი უფლების განხორციელების საშუალებაა, გზაა. შესაძლებლობა უფლების ხორცშესხმაა, მისი მამოძრავებელი ძრავია. შესაძლებლობა არის ის, თუ რეალურად რის მიღწევა შეუძლია ადამიანს საზოგადოებაში, რა სიკეთეებით სარგებლობა. შესაბამისად, ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემათა მოგვარებისკენ მნიშვნელოვან გადასადგამ ნაბიჯად მიმაჩნია შშმ ქალთა მეინსტრიმინგი, ანუ მათი ჩართვის ხელშეწყობა ისეთი ორგანიზაციების აქტივობა/მუშაობაში და თუნდაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ არ უკავშირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებს.

მნიშვნელოვანია წარმატებულ შშმ ქალთა საქმიანობის გაცნობა საზოგადოებისთვის მათი შესაძლებლობების შესახებ საზოგადოებაში გაბატონებული სტერეოტიპების დამსხვრევის მიზნით. ასევე მნიშვნელოვანია, შეზღუდულ შესაძლებლობებზე არამომუშავე ორგანიზაციებმაც გაითვალისწინონ შშმ პირთა საჭიროებები, პრობლემები და განახორციელონ ამ პირთა უფლებათა დაცვისკენ მიმართული აქტივობები. მნიშვნელოვანია მშობლებისთვის შშმ პირთა განვითარებაზე ზრუნვის ხელშეწყობა და დახმარება, ასევე ამგვარი ზრუნვის მნიშვნელობისა და შედეგიანობის მშობელთათვის ჩვენება. ბოლოს კი აუცილებელია შშმ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება. ამ თემას კი უკვე ჩემს ბოლო პოდკასტს მივუძღვნი.