„შშმ პირებისთვის ქალები ვართ, ქალებისთვის - ინვალიდები“ ► ფემინსტრიმი

პუბლიკა

„ფემინსტრიმი“ წარმოგიდგენთ პოდკასტების სერიას, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის – „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საქართველოში“ – ფარგლებში ხორციელდება, ქალთა ფონდის მიერ საქართველოში. „ფემინსტრიმის“ მედიაპარტნიორია Publika.ge.

 

ავტორი: ესმა გუმბერიძე

შშმ ქალები ერთდროულად მინიმუმ ორ ჯგუფს განეკუთვნებიან: ქალებსა და შშმ პირებს. ამიტომ შეიძლება, გვევარაუდა, რომ მათი უფლებების დაცვაზე მუშაობს როგორც ქალთა, ასევე შშმ პირთა მოძრაობა. თუმცა რეალობა სულ საპირისპიროა. დღესაც აქტუალურია 2011 წლის მაია ბიბილეიშვილის მიერ ჩატარებულ კვლევაში არსებული ერთი შშმ ქალის ციტატა: „შშმ პირებისთვის ქალები ვართ, ქალებისთვის- ინვალიდები“. დასავლეთშიც შშმ ქალთა ჩართულობა ქალთა მოძრაობაში გამოწვევებით იყო სავსე. ქალთა მოძრაობები მიიჩნევდნენ, რომ შშმ ქალების მიერ წამოყენებული საკითხები შშმ თემატიკას უფრო ეხებოდა, ვიდრე- გენდერისა და სქესის ნიშნით დისკრიმინაციას. იყო უთანხმოებებიც აბორტის გარშემო. შშმ ქალებისთვის პრობლემური იყო ე.წ „ევგენიკური ნიშნით“ აბორტი, როდესაც ქალები უარს ამბობდნენ ისეთი ნაყოფის ტარებაზე, რომელსაც სამომავლოდ შეზღუდული შესაძლებლობის გამომწვევი დიაგნოზი ჰქონდა.

ახლა კი დავუბრუნდეთ ქართულ რეალობას. სახალხო დამცველის მონაცემებით, იმ 50 მუნიციპალიტეტიდან, სადაც შშმ პირთა საკითხებზე არსებობდა საკონსულტაციო საბჭოები, მხოლოდ 16-ში იყვნენ შშმ ქალი წევრები. არცერთი შშმ ქალი წევრი არ ჰყავს თბილისის შშმ პირთა საკონსულტაციო საბჭოსაც იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მოსახლეობის მესამედი აქ ცხოვრობს და, მაშასადამე, ყველაზე მეტი შშმ ქალიც. არც გენდერული თანასწორობის მუნიციპალურ საბჭოებში არიან შშმ ქალები წარმოდგენილნი.

2016 წელს, მაშინ ჯერ კიდევ საინიციატივო ჯგუფის ფორმით არსებულმა დღეს კი უკვე შშმ ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციამ „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“ გააკეთა მოკვლევა შშმ ქალთა ჩართულობის ხარისხის შესახებ როგორც ქალთა, ასევე შშმ პირთა მოძრაობაში. კვლევის თანახმად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ყოველი მეხუთე ქალი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსს უფრო მეტი ქალი ატარებს (19.2 %), ვიდრე _ კაცი (12 %). ეს კი გამოწვეულია ქალებისა და გოგონების მამაკაცებთან შედარებით დაბალი სოციალური და ეკონომიკური სტატუსით, საზოგადოებრივ სიკეთეებზე ნაკლები ხელმისაწვდომობით, გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ მაღალი მოწყვლადობითა და საზოგადოების მხრიდან მეტად დისკრიმინაციული დამოკიდებულებით.

ის, თუ რატომ არიან შშმ ქალები ორმაგი, სინერგიული და ინტერსექციური დისკრიმინაციის მსხვერპლნი, ვფიქრობ, ცალკე პოდკასტის თემაა.

გამოკითხულ ქალთა ორგანიზაციებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები ან საერთოდ არ მუშაობენ, ან მათი რაოდენობა არ აღემატება ერთს.  დამოუკიდებელი ფემინისტური, ქალთა ორგანიზაციები, მოხალისეობრივ სამუშაოს ეწევიან და შესაბამისად, ანაზღაურებადი პოზიცია ან მმართველი რგოლი არ აქვთ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები ამ ორგანიზაციების ბენეფიციარების დაახლოებით 20%-ს შეადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო კვლევებით შშმ ქალები სხვა ქალებთან შედარებით კიდევ უფრო ხშირად ხდებიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი, აღნიშნულ საკითხებზე გამოკითხულ ქალთა ორგანიზაციებს აქამდე არ უმუშავიათ. კვლევაში მონაწილე შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებიდან, რომელთა საქმიანობაც წევრობაზეა დაფუძნებული,  შშმ ქალ წევრთა მაქსიმალური მაჩვენებელი 40 პროცენტია (ერთი ორგანიზაცია).

დანარჩენ ორგანიზაციებში შშმ ქალ წევრთა ხვედრითი წილი 0-დან 20 პროცენტამდე მერყეობს. სულ, კვლევის მონაწილე ორგანიზაციებში დასაქმებულია 125 ადამიანი, რომელთაგან მხოლოდ 15-ია შშმ ქალი. საშუალოდ, ყოველ 8 თანამშრომელში ერთი შშმ ქალია. ორგანიზაციების 50 პროცენტში, მმართველ რგოლში შშმ ქალები საერთოდ არ არიან, ხოლო დანარჩენ 50 პროცენტში, საშუალოდ, 30დან 50 პროცენტამდე მერყეობს. საერთო ჯამში, გამოკითხული ორგანიზაციების მმართველ რგოლში შშმ ქალთა ხვედრითი წილი საშუალოდ 25 პროცენტია. შშმ ქალ ბენეფიციართა წილი საშუალოდ 30 პროცენტი, ანუ ერთ მესამედზე ნაკლებია. აქვე ვიტყვი, რომ გადაწყვეტილების მიმღები შშმ კაცები ხშირად გამოირჩევიან აგდებული, დამცინავი დამოკიდებულებით შშმ, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ქალებისადმი. ისინი ცდილობენ მათს დათრგუნვას და, თუნდაც უფრო ძლიერი ხმის ტემბრით შშმ ქალებისა და გოგოების შეწყვეტინებას, გაჩუმებას.

ქალთა ორგანიზაციებს რომ დავუბრუნდეთ: სამუშაო შეხვედრებს ისინი ხშირად მართავენ მიუწვდომელ გარემოში, (არაადაპტირებულ შენობაში, ჟესტური ენის თარჯიმნების გარეშე და მისთ) რაც შშმ ქალებს ფიზიკურად არ აძლევს იქ დასწრების საშუალებას. მისაწვდომი გარემოს შექმნა დამატებით ფინანსურ და ადამიანურ რესურსს მოითხოვს, რასაც დონორებიც ხშირად არ ითვალისწინებენ. განსაკუთრებით თუკი პროექტი კონკრეტულად შშმ ქალთა ჩართულობას არ ითვალისწინებს. არადა ხომ შეიძლება, შშმ ქალს მოუნდეს ისეთ ღონისძიებაზე დასწრება, რომელიც ეხება არამხოლოდ შშმ, არამედ ზოგადად ქალებს. ასეთი სპონტანურობის შემთხვევებს ბევრი საგრანტო პროექტის გაუთვალისწინებელ ხარჯთა გრაფა არ გულისხმობს.

ასევე ნაკლებია შშმ ქალთა მიმართ პირადი სოლიდარობის განცდაც, იგივე ქალთა მოძრაობაში. ხშირად ადამიანის უფლებებზე, თავისუფლებაზე, თანასწორობასა და სოლიდარობაზე მოლაპარაკეთ არ უნდათ, რომ შშმ პირს ელემენტარული რამე შეხვედრის შემდეგ საჭმლის შერჩევაში დაეხმარონ. ხშირად ეს შშმ ქალებთან ურთიერთობის გამოცდილების არქონით გამოწვეული შიში და დაბნეულობაა, თუმცა ზოგჯერ გულგრილობის გამოვლინებაც. შშმ ქალებისგან პროექტებში ჩართვის დროს ითხოვენ თანმხლების წამოყვანას. ზოგ შშმ ქალს მართლაც ურჩევნია, გაიყოლოს ვინმე. თუმცა ეს პირადი არჩევანის ამბავი უნდა იყოს და არა- იძულების. ჯერ ერთი რომ რთულია, სათანადო ანაზღაურების შეთავაზების გარეშე თხოვო ვინმეს, რამდენიმე დღით მოწყდეს სამუშაოს, თავის ცხოვრებას და გამოგყვეს ტრენინგზე, კონფერენციაზე, სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც შეიძლება, არც აინტერესებდეს.

ჩემი პირადი გამოცდილებით, როდესაც ასისტენტი მიმყავს, ძირითადად სულ მასთან ვარ. მიჭირს შეხვედრის დანარჩენი წევრების გაცნობა ან მათთან ურთიერთობა. ხალხიც, რაღაცნაირად, ხედავს რა, რომ მარტო არ ვარ, აქტიურად არ მეკონტაქტება. იმ 1 ასისტენტისთვის 1 შეხედვით კარგ სასტუმროში წასვლა შესაძლოა, ანაზღაურების მაგიერი მოტივაცია იყოს. თუმცა როდესაც შშმ პირის ასისტირება მთლიანად 1 ადამიანზეა დღის განმავლობაში, ეს საკმაოდ დიდ ენერგიას მოითხოვს მისგან, მაშინ როცა ყველა მონაწილე თანაბრად თუ აქცევს ერთმანეთს ყურადღებას, შშმ პირის ასისტირება შესაძლოა, საერთოდ აღარ იყოს ტვირთი.

შშმ ქალების მხრიდანაც არის გამოწვევები ქალთა მოძრაობისადმი სოლიდარობის კუთხით. ისევე როგორც სხვა ბევრი ქალი და საზოგადოების სხვა წევრი, უამრავი შშმ ქალიც კონსერვატიულადაა მოაზროვნე. ისინი ვერ აცნობიერებენ ან არ უნდათ იმის აღიარება, რომ, არამხოლოდ როგორც შშმ პირები განიცდიან ჩაგვრას, არამედ- როგორც ქალებიც. 1 მცირემხედველი ქალისგან მაქვს მოსმენილი, რომ თურმე მართალია, ქმარს ის არჩენს, თუმცა „მაგიდაზე მაინც კაცმა უნდა დააბრახუნოს და მიიღოს გადაწყვეტილება“.

თუმცა შშმ ქალებს სხვებისგან განსხვავებით თავიანთი გარემოსა და გარემოცვისგან მოშორებისა და ალტერნატიული აზრის შეტყობის კიდევ უფრო ნაკლები შესაძლებლობა აქვთ. თუნდაც იმიტომ, რომ შეიძლება, სახლიდან ვერ გავიდნენ სხვათა დახმარებისა და, მაშასადამე, თანხმობის გარეშე. შშმ ქალებს ასევე ხშირად მოუწოდებენ, თან წამოიყვანონ ოჯახის წევრები ქალთა მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაზე. ეს კი ზღუდავს მათს დამოუკიდებლობას. შესაძლოა, შშმ ქალს უნდოდეს გარემოცვის გავლენისა და კონტროლისგან დროებით მაინც თავის დაღწევა, მათ კი ამის შესაძლებლობას არ უტოვებენ თვითონ ის ორგანიზაციები, რომელთა მიზანიც ადამიანთათვის დამოუკიდებლობის მიცემაა.

და ბოლოს შშმ ქალთა ჩართულობას ქალთა მოძრაობასა და ზოგადად სამოქალაქო აქტივიზმში აფერხებს კაპიტალისტურ მოცემულობაში დღეს არსებული ლოზუნგი „დრო ფულია“. ფემინისტური მოძრაობაც ხშირად იძულებულია, კაპიტალის ნაკარნახევ დღისწესრიგში თავისი ადგილი ეძებოს. საზოგადოებაში კონკურენტურები რომ იყვნენ, ხშირად უწევთ მოვლენებზე სწრაფად რეაგირება, სპონტანურად აქციების დაგეგმვა. შშმ ქალები კი, რომლებიც სხვებზე არიან ხშირად დამოკიდებულნი, ვეღარ ასწრებენ ასისტენტთა მოძიებასა და მობილიზებას.