„გეშინოდეთ მშიერი ბავშვების"

პუბლიკა

„ეკრანებიდან გამოდიან და გველაპარაკებიან ისე, რომ თვალებს ვერ გვისწორებენ. გველაპარაკებიან წარმატებაზე, მაგრამ ამ წარმატებამდე ჩვენ გვჭირდება, რომ ბავშვები სკოლებში იყვნენ გამოკვებილი“.

შვიდმა მოსწავლემ დაწერა პიესა სკოლაზე, სკოლაში შიმშილზე, მშიერი ბავშვების ყოველდღიურობაზე. ეს ამონარიდი კი პრემიერის შემდეგ დისკუსიაზე გამოთქმული მოსაზრებებიდანაა.

„შოშია” – ასე ჰქვია პიესას, რომელზეც ანა მაღრაძე, ანასტასია სანიკიძე, ანიკო ცერცვაძე, ელენე კვინიკაძე, ლიზა საური, თამარ მაღრაძე და თეკლა ჭუმბურიძე ერთად მუშაობდნენ.

წარმატების თავსმოხვეული, გაუაზრებელი, ქოუჩ-ინფლუენსერების მიერ ნაკარნახევი მზა ფორმულების ნაკადის ფონზე საქართველოს სკოლებში ბავშვებს შიმშილისგან გული მისდით. პიესის გმირები სკოლის ბუფეტში „ნისიების” რვეულსაც აღმოაჩენენ, რომელსაც დასასრულ ანადგურებენ, როგორც სიმბოლოს ბედისწერის შეცვლისა – ვალის ბედისწერისა.

Unicef-ის კვლევით, სასკოლო საათებში კვება მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ვინაიდან სასკოლო საათების განმავლობაში ყოველდღიურად იკვებება ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%). კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის, რომ ბავშვების მესამედზე მეტი (34.9%) არასდროს იკვებება სასკოლო საათების პერიოდში.

პიესის საჯარო კითხვის შემდეგ საკითხზე დისკუსია წარიმართა, სადაც სკოლის მოსწავლეებმა მათი თანაკლასელების, სკოლისა და მასწავლებლების გამოცდილებაზე ისაუბრეს. ისაუბრეს იმაზე, თავად როდის გააცნობიერეს, რომ საკითხი მეტად მნიშვნელოვანია და უშუალოდ ეხება ყველა მოსწავლეს, მათ მომავალსა და განვითარებას.

თეკლა: „თუ თქვენ, მაგალითად, გაიფიქრებთ, რა შუაშია პიესის პირველი და მეორე ნაწილი ერთმანეთთან, გეტყვით, რომ ჩვენ ყოველდღიურად ამ რეალობაში ვცხოვრობთ. ეკრანებიდან გამოდიან და გველაპარაკებიან ისე, რომ თვალს ვერ გვისწორებენ. გველაპარაკებიან წარმატებაზე, მაგრამ ამ წარმატებამდე ჩვენ გვჭირდება, რომ ბავშვები სკოლებში იყვნენ გამოკვებილი“.

ელენე: „ამასწინათ ვლაპარაკობდით, როგორ აერთიანებს საკვები ადამიანებს. როდესაც რაღაცას აღნიშნავ და ა.შ. ეს ყველაფერი ყოველთვის საჭმლის გარშემო ხდება, რაც ძალიან აერთიანებს ადამიანებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ასეთი ჯანსაღი გარემო.

მე-7 კლასში, დედაჩემმა სკოლაში გამატანა საჭმელი, რომელიც დიდ შესვენებაზე გავხსენი და ვინც მოვიდა, ყველას გავუნაწილე. მე ვიდარდე იმ ბავშვებზე, რომლებსაც არ შეხვდა. აი, მე რომ მანდ არაკომფორტულად ვიგრძენი თავი, ისე შიმშილს არ შევუწუხებივარ და მირჩევნია, ბოლო 3 გაკვეთილი საჭმელზე ვფიქრობდე მათემატიკის ნაცვლად, ვიდრე ვჭამდე და ვიღაცებს ვუყურებდე, როგორ შიათ მათ”.

ანიკო: „ძალიან მომწონს ჩემი პერსონაჟი, მის მსგავს ადამიანებს ვიცნობ, ვისაც შიმშილის გამო გული წასვლიათ. მე პირადად არასდროს წამსვლია გული, მაგრამ მუცელი ამტკივებია”.

მოდერატორი ვახტანგ ნაცვლიშვილი: „საქართველოში 10 500 ბავშვი საგანმანათლებლო ისტორიის გარეშეა, ანუ სკოლაში არ დადის. უფასო სასკოლო კვებას შეუძლია, რომ ასეთი ბავშვები სკოლაში დააბრუნოს.

პიესაში ლილეს გულის წასვლა და შემდგომი დიალოგები, ნამდვილი ამბავია. ერთ-ერთმა ბავშვმა თქვა, როცა გონს მოვდიოდი, მრცხვენოდა, ვიცოდი რა კითხვასაც დამისვამდნენ და არ ვიცოდი, რა მეპასუხაო…

პიესის მეორე ნაწილი ნისიების რვეულის გარშემო აიგო. ტასოს აქვს ამის გამოცდილება და მოგვიყვა, როგორ მუშაობს სკოლის ნისიების ეკონომიკა, ვის აძლევენ ნისიას, ვის არა”.

ტასო: „ყველას აუღია ნისია, სკოლებშიც რომ არის ეს ნისიების რვეული, ბევრმა არ იცის. ნუ, ადრე იყო და ახლაც ვიცი, სადაც არის. ეს რვეული ყველასთვის არ იყო განკუთვნილი, ვისაც ნისიებს აძლევდნენ, ის ბავშვები იყვნენ გამორჩეული. მაგალითად, მასწავლებლის შვილები ან შვილიშვილები. თუ იცოდნენ, რომ დააბრუნებდი, მოგცემდნენ, თუ არადა, უნდა დამდგარიყავი და დაგეწყო ხვეწნა – გეხვეწებით, მოგიტანთ მალე და ასე შემდეგ… ასე თუ დაგთანხმდებოდნენ. იყო შემთხვევები, როცა მასწავლებლები რეკავდნენ მებუფეტესთან, რომ აი, ამ ბავშვს ნისიად მიეცი და მოგიტანს.

ხშირად იყო, რომ არ მიუციათ კონკრეტული ბავშვებისთვის ნისიად, მეგობარს უყიდია და ა.შ. ყოველი შემთხვევისთვის, ხშირად დარჩენილან მშივრები. მე ვფიქრობ, რომ ბავშვმა სკოლაში საჭმელი ნისიად არ უნდა აიღოს”.

ვახტანგი: „პრინციპში თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში ყველაფერი ვალით ხდება – სწავლა ვალით, ჯანმრთელობა ვალით, ჯანდაცვის სისტემა არ გვაქვს ისეთი, რომ წამლის საყიდლად ან ოპერაციის გასაკეთებლად ვალის აღება არ დაგჭირდეს, ბინა ვალით, დასვენება ვალით. ბავშვების შემზადება ხდება „ნამდვილი ცხოვრებისთვის”…

პრინციპში, ეს პიესა რა არის? – ეს არის ვალის ბედისწერის შეცვლა. ბავშვები იღებენ ნისიების რვეულს, ჩამოწერენ ამ ნისიებს, ვალის რეესტრია ხომ რეალურად ეს ნისიების რვეული”…

ტასო: „ბიჭებს სხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ, თითქოს არ აინტერესებთ. კლასელს უთქვამს ჩემზე, ეს უფასო საკვების გოგო არ არისო?! რა უფასო კვება აგიტყდა, მე სახლში ვჭამო. შენ რომ ჭამ სახლში, იქნებ მე ვერ ვჭამ-მეთქი.

მეორეჯერაც მითხრეს, 9 წელია არ ჭამ სკოლაში და კიდევ 3 წელი მოითმინეო, დაამთავრებ სკოლას და ეგ პრობლემა აღარ იქნებაო. ბევრი ვერ ხვდება მის მნიშვნელობას. რა ვიცი, ჩვენ თუ ვერ მოვესწრებით, პატარებს მაინც ექნებათ”.

თამარი: „ჩვენც ერთი წელი დაგვჭირდა, რომ გაგვეანალიზებინა საკითხის მნიშვნელობა. კომენტარები მხვდებოდა, რომ უფასო საკვები არ არსებობს და ასე შემდეგ. ის, რომ ჩვენი სახელმწიფო არ იხდის ფულს საკვებში, არც ესაა უფასო, ჩვენ ამაში საკმაოდ დიდ საზღაურს ვიხდით”.

თეკლა: „ყველას აქვს სურვილი იმისა, რომ იყოს უფასო საკვები სკოლაში, მათ შორის მასწავლებლებსაც, რადგან მათაც შიათ, ისინიც ხედავენ ყველაფერს, ვგულისხმობ გულის წასვლებს და ასე შემდეგ”.

ვახტანგი: „30 მასწავლებელი გამოვკითხეთ სასკოლო კვებაზე და ისინიც იტანჯებიან იმით, რასაც ხედავენ: ყურადღებაგაფანტულ მოსწავლეებს, დაბალ აკადემიურ მოსწრებას და ასე შემდეგ”.


ქვეყანაში საარსებო შემწეობას 16 წლამდე ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს. შემწეობის მიღება კი ჯამში 340 281 ბავშვს სურს (37.7%). ბავშვებში აბსოლუტური სიღარიბის დონე 19.6%-ია [ყოველი მეხუთე] – ასეთია ოფიციალური სტატისტიკა საქართველოში ბავშვთა სიღარიბესთან დაკავშირებით.

„პუბლიკის” სტატიაში –სიღარიბიდან ამოყვანა | ქართული უსისტემობის კრიტიკა” – გამოსავალზე საუბრისას ვახტანგ ნაცვლიშვილი მოკლევადიან ღონისძიებებს შორის სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული სერვისების შექმნას ასახელებს, რომელთა შორისაა უფასო სასკოლო კვება.

„აუცილებელია უფასო სასკოლო კვება. ეს არის ერთგვარი ფუნდამენტი სოციალური დაცვის სისტემის, რომ ბავშვს ჰქონდეს საკვები სკოლაში იმისათვის, რომ ისწავლოს და განვითარდეს. უფასო კვებაში იგულისხმება უნივერსალური, ყველა მოსწავლეზე გათვლილი სასკოლო კვება, სახელმწიფოს დაფინანსებით.

დღეს 10 404 ბავშვი სკოლაში არ დადის. კვლევები ადასტურებს, რომ უფასო სასკოლო კვება აუმჯობესებს მოსწავლეების, განსაკუთრებით, ყველაზე შეჭირვებული მოსწავლეების განათლების ხარისხს, ზრდის მოსწავლეთა სკოლაში დასწრების მაჩვენებელს და ამცირებს სკოლის მიტოვების შემთხვევებს, ამცირებს ბულინგს, ურთიერთჩაგვრას, ხელს უწყობს სოციალიზაციას…”, – ამბობს ნაცვლიშვილი.