გურული მოჯირითეები ამერიკაში – მურალით მოყოლილი უცნობი ისტორია

ფასიანი განთავსება

წყარო: argacherde.ge

გურიაში დოღის ლამის საუკუნოვანი ტრადიცია არსებობს – გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაისახა და მას შემდეგ ყოველწლიურად კონკრეტულ დღესა და სივრცეში, 19 აგვისტოს ბახმაროში იმართება. ტრადიციის ძალა და ინერცია არსაიდან, წინარე ისტორიების, ლეგენდებისა და ადამიანების გარეშე არ ჩნდება, ტრადიცია დროს უძლებს მძლავრი ისტორიული მოვლენისა თუ გამოცდილების დახმარებით.

როგორ მოხვდნენ გურული მოჯირითეები ამერიკაში – ესაა ისტორიული მოვლენა და გამოცდილება, რომელიც გურიაში ცხენოსნობას, ცხენებით ჯირითს, დოღს კოლორიტულ და ორგანულ ნაწილად აქცევს.

ყველაფერი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, 1892 წელს დაიწყო, როდესაც იმ ხანის ძალიან პოპულარული ამერიკელი შოუმენის, ბუფალო ბილის წარმომადგენელი, თომას ოლივერი ბათუმში ჩამოვიდა – მიზანი Wild West Shows-თვის [ველური დასავლეთის შოუები] მონაწილე ცხენოსნების შერჩევა იყო.

ველური დასავლეთის შოუების წარმომადგენლობა საბოლოოდ გურიაში აღმოჩნდა და ბევრი გაკითხვისა თუ ძიების შემდეგ, კირილე ჯორბენაძის დახმარებით შეიკრიბა ათკაციანი გუნდი, 10 მოჯირითე, რომელთაც ივანე მახარაძე ხელმძღვანელობდა.

დაიწყო გურული მოჯირითეების დიდი თავგადასავალი: ჯერ ისინი მარსელში ჩავიდნენ, მარსელიდან პარიზში, მერე ჰავრში, ბოლოს კი ინგლისში აღმოჩნდნენ; თავიდანვე დიდი ინტერესი გამოიწვია შოუს მაყურებლებში გურულმა ათეულმა, მათ ლონდონელებმა კაზაკები შეარქვეს, როდესაც მათი გამოსვლა ნახეს Earl’s Court-ში მიმდინარე საერთაშორისო მებაღეობის გამოფენაზე. ეს იყო გურულების პირველი შოუ და პირველი გამოცდილება; ივანე მახარაძის გუნდი თვით სამეფო ოჯახისა და არისტოკრატების წინაშეც კი წარდგა. დედოფალმა ვიქტორიამ ამ წარმოდგენის ამსახველი ფოტოების მოოქრული ალბომიც კი უსახსოვრა მათ.

წარმატებული დებიუტის შემდეგ იწყება ამერიკული შოუები – 1893 წლის 10 აპრილს ბრიტანეთიდან ნიუ-იორკში ჩავიდა გემი, რომელზეც გურული მოჯირითეები იმყოფებოდნენ შემდეგი შემადგენლობით: პრინცი ივანე მახარაძე; ლუკა ჩხარტიშვილი; ქიშვარდ მახარაძე; ყარამან კალანდარიშვილი; ივანე მეტსახელად „ჩოხაგრძელა“ მახარაძე; ს. დგებუაძე; სილიბისტრო მახარაძე; გიორგი კალანდარიშვილი; იოსებ ტალახაძე და პავლე მახარაძე.

1893 წლიდან ყოველ წელს ორი ჯგუფი მიემგზავრებოდა გურიიდან ამერიკაში – 30 წელზე მეტხანს გასტანა ამ მოგზაურობებმა და როგორც ბევრი რამ, ესეც დაასრულა რუსულმა სამხედრო ანექსიამ საქართველოში. ამერიკაში ნამყოფი მოჯირითეები ამერიკის აგენტებად და ჯაშუშებად შერაცხეს, ბევრი დააპატიმრეს, ბევრი დახვრიტეს, ბევრმაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

ველური დასავლეთის შოუებში მონაწილე ქართველი მოჯირითეებიდან განსაკუთრებით გამოსარჩევია ქალი მოჯირითე, ქრისტინე ცინცაძე – ის ლუკა ჩხარტიშვილმა 1908 წელს ჩაიყვანა ამერიკაში; ქრისტინეს მშობლები მის გამგზავრებაზე უარს აცხადებდნენ, თუმცა საბოლოოდ მან მაინც მოახერხა საკუთარი სურვილის ასრულება, ნიჭითა და მონდომებით ოკეანის გადაღმაც დაამახსოვრა მაყურებელს თავი.

გურული მოჯირითეების მიმალული და უცნობი ამბავი პროექტ ნიკოს ფარგლებში გაცოცხლა კედელზე; ორი მხედრის ამბავი – ასე ჰქვია გიორგი პაბლო კალანდარიშვილის მიერ შექმნილ ნახატს, რომელზეც მისი მოგვარეები, ორი ისტორიული პერსონაჟი, ცხენზე ამხედრებული ძმები გიორგი და ყარამან კალანდარიშვილები არიან გამოსახული.

პროექტი ნიკო ქუჩის ხელოვნების მოძრაობაა, რომლის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია. ამ მხარდაჭერის ფარგლებლებში 2019 წლიდან დღემდე სხვადასხვა ქალაქის არაერთ ქუჩაზე მოიხატა ისტორიული თუ კულტურული მნიშვნელობის ნახატი და მათ შორის სულ ახლახან შეემატა გურული მხედრების მურალი ნათანებში, ოზურგეთის გზაზე.

„დღეს ვინც გურულ მხედრებს შეხედავს, მინდა ახსოვდეს და ამაყობდეს თავისი წინაპრებით, კულტურითა და ისტორიით, რომლის შემადგენელი ნაწილიც თვითონაა.“ – გვეუბნება კედლის მხატვარი. ისტორიის ძალა და ტრადიციის დროითი გამძლეობაც ხომ ეგაა, მუდმივი მახსოვრობა წარსულისა, მისი გათავისება, გააზრება და დახმარება აწმყოში, რომ მომავალშიც იყოს სივრცე და შესაძლებლობა ასეთი შთამაგონებელი ამბების შექმნისთვის.