ირმა ანსიანი - ფერმერი სვანეთიდან ტრადიციული ყველის დასაცავად

პუბლიკა

ზემო სვანეთში სულ რამდენიმე ოჯახი დარჩა, სადაც სვანური ტრადიციული ყველის – ნარჩვის დამზადებას აგრძელებენ.

ნარჩვის დამზადების წესს 2020 წელს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ირმა ანსიანი ერთ-ერთი მცირეთაგანია, რომელმაც ამ ყველის მომზადების წესი დღემდე შეინარჩუნა და მეტიც, ოჯახური ტრადიცია ბიზნესად აქცია.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულაში მცხოვრები ფერმერი წლებია, დაინტერესებულია ყველის, მათ შორის ევროპული ყველის, წარმოებით. ამიტომ, როდესაც ევროკავშირის მიერ გამოცხადებული პროექტის შესახებ გაიგო, ბევრი არ უფიქრია, რომ ოჯახური მცირე მეურნეობა სწორედ ამ მიმართულებით განევითარებინა.

სვანური ნარჩვი ძროხის ყველისგან მზადდება და ის განსაკუთრებული მისი მომზადებისა და შენახვის წესის გამოა. ჯერ ახალ ყველს დაფშვნიან, შემდეგ მარილმოყრილს სპეციალურ ხის ყუთში კარგად პრესავენ. ყუთს ნახვრეტები აქვს გაკეთებული, რომ იქიდან წვენი მაქსიმალურად გამოიდევნოს. შემდეგ უკვე კარგად დაპრესილ-დაწნეხილს, ზემოდან მძიმე ქვას ადებენ. და ასე ჩერდება ახალი ყველი ამ ხის ყუთში ერთიდან ხუთ თვემდე.

„ნარჩვის გაკეთებას დიდი მოფრთხილება უნდა, რომ კარგი გამოვიდეს. ამიტომაც, წლებია, ბევრმა ოჯახმა შეწყვიტა მისი მომზადება“, – მეუბნება ირმა ანსიანი.

მაგრამ ლახამულაში ირმამ გადაწყვიტა, პირიქით, მოფრთხილებოდა ამ ტრადიციას და თან, ამისგან შემოსავალი მიეღო.

მონაწილეობა მიიღო „ევროკავშირისა“ და „ქეა ავსტრიის“ მიერ გამოცხადებულ პროექტში. ჯერ გაიარა, ტრენინგები და კონსულტაციები და შემდეგ საგრანტო კონკურსშიც გაიმარჯვა.

ამ თანხით შეიძინა პასტელიზატორის ქვაბი; უჟანგავი ფოლადის მაგიდები და თაროები. მოკლედ, ყველა ის საჭირო ტექნიკა, რაც ირმას ნარჩვისა და ევროპული ყველის დამზადებას ერთი მხრივ, გაუმარტივებდა და მეორე მხრივ, ტრენინგებიდან მიღებული ცოდნა, დაეხმარებოდა, ყველი მეტად ჰიგიენურ და სტანდარტიზებულ პირობებში დაემზადებინა.

„სურსათთან მიმართებით საჭირო ევროსტანდარტები ახალი იყო ჩვენთვის. ტრეინინგებზე ბევრი გავიგე ჰიგიენის, სურსათის უვნებლობის შესახებ და საწარმოს კეთების დროს, ეს ინფორმაცია ძალიან დამეხმარა. ვეცადე რომ გამეთვალისწინებინა მაქსიმალურად. და ამან შემიმსუბუქა კიდევაც საქმე. მეტად სუფთა გარემოში ვარ. უვნებელ პროდუქტს ვაკეთებ, რაც მთავარია. ამიტომ, ცოდნის მიღებასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა“.

ირმა ანსიანი ამბობს, რომ ზოგადად, მცირე საოჯახო მეურნეობების ხელშეწყობა მით უმეტეს მაღალმთიან რეგიონებში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ფერმერისთვის.

ამ ეტაპზე ირმა ნარჩვსა და სხვა ევროპულ ყველს, ძირითადად, თბილისში ყიდის. აბარებს „ქართული ყველის სახლში“; ჰყავს ინდივიდუალური კლიენტები; ასევე, აგზავნის ბათუმში.

ამბობს, რომ ადრე თუ ნარჩვს ერთეული ადამიანები ამზადებდნენ ზემო სვანეთის რამდენიმე სოფელში, ახლა ეს ათეულობითაა გაზრდილი.

„ამ ტრადიციის დაკარგვა დანაშაული იქნება. რატომ? იმიტომ, რომ ნარჩვი არის უნიკალური პროდუქტი. იშვიათი, რომელსაც მხოლოდ ზემო სვანეთში ვამზადებთ და რომელიც მსოფლიომაც აღიარა. ვხუმრობ ხოლმე, რომ ქართველებზე მეტად, ტურისტებს უფრო მოსწონთ. ამიტომ, მგონია, რომ დიდი პერსპექტივა აქვს“.