კონსერვატორთა კავშირის დამფუძნებელი - რა ვიცით ოთარ ფარცხალაძის შვილზე

პუბლიკა

საქართველოს ყოფილმა პროკურორმა, აშშ-ის სანქცირებულმა ოთარ ფარცხალაძემ გუშინ, 20 სექტემბერს შვილის სახელზე არაერთი უძრავი ქონება გადააფორმა. 25 წლის ანდრია ანზორ ფარცხალაძე არაერთ ბინას, ნაკვეთს, მშენებარე და კომერციულ ფართს ფლობს. „პუბლიკა” ქვემოთ მისი ქონების შესახებ დეტალურად წერს, თუმცა მანამდე ყურადღებას ანდრია ფარცხალაძის საზოგადოებრივ აქტიურობაზე გავამახვილებთ.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ანდრია ფარცხალაძე ააიპ „კონსერვატორთა კავშირის“ დამფუძნებელია. კონსერვატორთა კავშირი არასამთავრობო ორგანიზაციაა და საზოგადოებრივი მიმართულება აქვს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიხედვით, მან „კონსერვატორთა კავშირი“ 2022 წლის 25 მაისს დაარეგისტრირა. დოკუმენტების მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი მხოლოდ ფარცხალაძეა, თავმჯდომარე კი – არჩილ ბუბუტეიშვილი.

რა მიზანი აქვს „კონსერვატორთა კავშირს“?

როგორც ორგანიზაციის წესდებაშია აღნიშნული, მათ ერთ-ერთი მიზანს წარმოადგენს კავკასიის რეგიონში, ზემოთ აღნიშნული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით, მჭიდრო ურთიერთობის დამყარება კავკასიელ ხალხთა შორის. ქვეყნის შიგნით აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებთან კულტურული, სოციალური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო ურთიერთობების აღდგენა და განმტკიცება.

საზოგადოების საქმიანობის მიზნებს შორის ასევე აღნიშნულია საგანმანათლებლო, სოციალური, აგრარული, საქველმოქმედო მოტივებით მოქალაქეთა გაერთიანება;

ორგანიზაციის საქმიანობების ჩამონათვალს შორის აღნიშნულია: კონფერენციების, სემინარების, ლექციების, ღონისძიებების ჩატარება.  შეხვედრების, მიტინგების, დემონსტრაციების, მსვლელობისა და შეკრების ჩატარება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. მონაწილეობა საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმირებაში ღირებულებების, დემოკრატიისა და უფლებების დაცვის საფუძველზე. სოციალური, ეკონომიკური, კულტურული სამეცნიერო, საგანმანათლებლო სფეროში პროექტების შექმნა, მოზიდვა., დახმარების გაწევა, დაფინანსება მონიტორინგი. ადგილობრივი და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, საწარმოების, ფონდების, სახელმწიფო კერძო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნებაყოფლობითი კანონით დადგენილი წესით შემოწირულებების მოზიდვა ნაღდი ფულის ფორმით ნებისმიერი მოძრავი ან უძრავი ქონებით. 

„კონსერვატორთა კავშირის“ თავმჯდომარე და „რუსულ-ქართული ურთიერთობები“

რუსული ორგანიზაცია „გორჩაკოვის ფონდის“ ინფორმაციით, 2022 წლის 7 დეკემბერს ზემოთ აღნიშნული არჩილ ბუბუტეიშვილი მონაწილეობდა რუსულ-ქართულ ფორუმში, რომელიც მოსკოვში გაიმართა.

„გორჩაკოვის ფონდისვე“ ინფორმაციით, ფორუმზე – „რუსულ-ქართული ურთიერთობები და მათი განვითარების პერსპექტივები“ განიხილეს რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენის აღდგენა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივება.

რუსეთის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო დუმის დეპუტატები: ლეონიდ კალაშნიკოვი, ყაზბეკ ტაისაევი, არტიომ კავინოვი, ვლადიმერ ისაკოვი. საქართველოს მხრიდან კი მონაწილეობდნენ: პრორუსი პოლიტიკოსი ვალერი კვარაცხელია, ორგანიზაცია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ თავმჯდომარე მერაბ ჭიქაშვილი, პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე, საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის ლიდერი თემურ ფიფია.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა რომან ბოკერია, რომელიც კომპანია Московский Бизнес Брокеридж-ის ვებგვერდის მიხედვით, ამ კომპანიის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. რუსული ბიზნესის რეესტრის მონაცემებით, Московский Бизнес Брокеридж-ში 50%-იან წილს ოთარ ფარცხალაძე ფლობს.

არჩილ ბუბუტეიშვილი მონაწილეობდა მრგვალი მაგიდის ფორმატით გამართულ ონლაინკონფერენციაშიც, რომელიც რუსეთის კომუნისტური პარტიის ორგანიზებით, 2021 წლის 22 დეკემბერს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაუმჯობესებაზე სასაუბროდ გაიმართა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები: შოთა მარტინენკო, ზურა მახარაძე. ასევე ნიკოლოზ მჟავანაძე, ირაკლი უბილავა და სხვები.

1992 წელს დაბადებული არჩილ ბუბუტეიშვილი მეწილეა შემდეგ კომპანიებში: შპს სმარტ ასისტენსი, შპს ტრანსატლანტიკ ოილ, ვინგჰაუსი;

შოთა მარტინენკო და არჩილ ბუბუტეიშვილი

„სოლიდარობა მშვიდობისთვის“ და სამხედრო ნეიტრალიტეტი

ანდრია ფარცხალაძე ასევე დაკავშირებულია ორგანიზაციასთან – „სოლიდარობა მშვიდობისთვის“. ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭიქაშვილია. ის მოსკოვში გამართული ფორუმის ერთ-ერთი მონაწილე და პირველი ავიარეისის მგზავრი იყო, რომელიც მოსკოვიდან პირდაპირი ფრენის აღდგენის შემდეგ თბილისში გამოფრინდა.

„ჩემი და ჩემი ორგანიზაციის სახელით, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სახელით, მინდა, მადლობა გადავუხადო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინს ხელმოწერისა და ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის. ეს იყო ერის მოთხოვნა“, – თქვა ჩამოფრენის შემდეგ მერაბ ჭიქაშვილმა რუსულ მედიასთან.

„სოლიდარობა მშვიდობისთვის“ თავის სტრატეგიაში საგარეო პოლიტიკის შესახებ წერს, რომ მათი მიზანია, საქართველო გახდეს სამხედრო ნეიტრალური ქვეყანა. „სამხედრო ნეიტრალიტეტის გარანტად მივიჩნევთ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ აქტორებს“.

„სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ორგანიზაცია ვიდეომასალებსაც ქმნის. ანდრია ფარცხალაძე ორგანიზაციის ვიდეობლოგერია. მაგალითად, ერთ-ერთ ვიდეობლოგში ის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დაწყებულ განათლების რეფორმას აკრიტიკებს და კრიტიკის ერთ-ერთ ობიექტად „ლიბერალურ ძალებს“ ასახელებს.

ანდრია ფარცხალაძე „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ვებგვერდზე გუნდის შემადგენლობაში არ არის მოხსენიებული, მაგრამ ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მერაბ ჭიქაშვილმა „თავისუფლების მონიტორს“ 2022 წლის 26 მარტს გამოქვეყნებულ ფილმში დაუდასტურა, რომ ფარცხალაძე მათი წევრი იყო.

„მე, პირადად, მერაბ ჭიქაშვილმა ანდრია ფარცხალაძეს, რომელიც არის ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტიური წევრი, დიახ, მე ვთხოვე პირადად, რომ მას მიეღო მონაწილეობა“, – უთხრა მერაბ ჭიქაშვილმა „თავისუფლების მონიტორის“ ჟურნალისტს.

რა ქონებას ფლობს და რა მიიღო მამისგან საჩუქრად?

როგორც „პუბლიკამ“ ოფიციალურ ბაზებში მოიკვლია, უძრავი ქონების რეესტრში გუშინ, 20 სექტემბერს 12 განაცხადი შევიდა. რეესტრის ვებგვერდის მიხედვით, განაცხადები უწყებაში 12:04-დან 12:17 წუთამდე პერიოდში შევიდა. საბოლოოდ კი, სარეგისტრაციო წარმოება  17:31 დასრულდა.

ოთარ ფარცხალაძემ შვილს ანდრია ანზორ ფარცხალაძეს სხვადასხვა დანიშნულების უძრავი ქონება აჩუქა, მათ შორის არის: ფართი თბილისის ცენტრში, კოსტავაზე, მშენებარე ბინა მგალობლიშვილის ქუჩაზე, კომერციული ფართები ყიფშიძესა და ფალიაშვილზე, ორი ბინა დაბა ბაკურიანში, ორი მიწის ნაკვეთი წავკისში და წავკისშივე მდებარე წმ. პანტელეიმონ მკურნალის ეკლესია. 

ზემოთ ჩამოთვლილი უძრავი ქონების ჩუქებამდე 25 წლის ანდრია ფარცხალაძეს ასევე უფიქსირდებოდა და ახლაც უფიქსირდება სხვადასხვა ქონება, მაგალითად – სამი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მუხათწყაროს მიმდებარედ,  მიწის ნაკვეთი ბაკურიანში, მშენებარე ფართი ჭავჭავაძის გამზირზე (67 კვ.მ.-მდე), წყნეთში, კაკლების დასახლებაში კერძო სახლი თანასაკუთრებაში, სახლი ყიფშიძეზე და ა.შ.

რაც შეეხება ანდრია ფარცხალაძის ბიზნესსაქმიანობას, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, მას ამ დროისთვის მონაწილეობა შემდეგ კომპანიაში უფიქსირდება:

  •       ააიპ კონსერვატორთა კავშირი – დამფუძნებელი;
  •       შპს ეკო გრუპი, დირექტორი/მეწილე – 50%;
  •       შპს ჯორჯია გრანდ კონსალტინგ დირექტორი/მეწილე – 50%;
  •       შპს ჰექსა, მეწილე – 20%;
  •       შპს ჯიპიეს კონსალტინგ, მეწილე – 100%. ეს უკანასკნელი ანზორ ფარცხალაძემ მამისგან, ოთარ ფარცხალაძემ მიიღო. ჩუქების ხელშეკრულება ამა წლის 19 სექტემბრით თარიღდება. ანდრია ფარცხალაძემ კი სამეწარმეო რეესტრს განცხადებით მომდევნო დღეს მიმართა.