მარადონას „ღმერთის ხელმა“ ვეღარ უშველა

პუბლიკა

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა

25 ნოემბერს გარდაიცვალა ლეგენდარული ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა. ის 60 წლის იყო… ფეხბურთის „ნახევარღმერთის“ (ბევრის აზრით, მეორე ნახევარი პელეა) ჯანმრთელობის მდგომარეობა უკანასკნელ თვეებში აშკარად დამძიმდა. ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში, თავის ტვინში სისხლის გაჟონვის გამო ბუენოს-აირესის ერთ-ერთ კლინიკაში სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. ერთი კვირის შემდეგ ის კლინიკიდან გაწერეს, თუცა ალკოჰოლზე აშკარა დამოკიდებულების გამო ისევ უკან დააბრუნეს. 25 ნოემბერს მდგომარეობა კრიტიკული გახდა და სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია და მისი პრეზიდენტი, კლაუდიო ტაპია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფეხბურთის ლეგენდის, დიეგო არანდო მარადონას გარდაცვალების გამო. „შენ ყოველთვის იქნები ჩვენს გულებში“ – ნათქვამია ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დიეგო მარადონა საფეხბურთო კარიერის განმავლობაში „ბარსელონაში“, „სევილიაში“, „ნაპოლიში“, „ბოკა ხუნიორსში“, „არგენტინოს ხუნიორსში“ თამაშობდა. ამ კლუბებში 493 მატჩში 258 გოლი გაიტანა, ხოლო არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში 91 მატჩში ითამაშა და 34-ჯერ აიღო მეტოქის კარი.

თუმცა ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ყველაზე საოცარი, დასამახსოვრებელი და საკამათო მაინც 1986 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე, ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ გატანილი გოლი იყო. რასაც თავად მარადონამ „ღმერთის ხელით გატანილი გოლი“ უწოდა (იგულისხმება მისი თავური დარტყმა, რომელსაც ხელიც „წააშველა“). გარკვეულწილად, ეს ეპიზოდი ცნობილი „ოსკაროსანი“ იტალიელი რეჟისორის, პაოლო სორენტინოს ახალი ფილმის შთაგონების წყარო გახდა.

გასული საუკუნის 80-იან წლებში პაოლო სორენტინო ნეაპოლში ცხოვრობდა, როდესაც მარადონა კლუბ „ნაპოლის“ შეადგენლობაში თამაშობდა. მომავალი რეჟისორი ლამის შეპყრობილი იყო ფეხბურთით, „ნაპოლის“ ყველა მატჩს ესწრებოდა და მარადონას ფანი იყო… იმ დროიდან გამოყოლილი ოცნება – გადაეღო ფილმი დიეგო მარადონას შესახებ, მხოლოდ 2020 წლის ზაფხულში, კომპანია Netflix-ის დაფინანსებით აისრულა. გადაღებები დაასრულდა, თუმცა ფილმის ეკრანებზე გამოსვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. მიზეზი რამდენიმეა: ჯერ ერთი, ფილმის სათაური – „ღმერთის ხელი“, რომელიც მარადონას არ სურდა. გარდა ამისა, მარდონას ადვოკატის, მათიას მორლას აზრით, ფეხბურთის ვარსკვლავი წინააღმდეგი იყო, რომ აუზში მისი ბანაობის ეპიზოდი ფილმში შესულიყო.

ჯერ კიდევ მარადონას გარდაცვალებამდე მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ სასამართლოში სარჩელს შეიტანს რეჟისორისა და ასევე Netflix-ის წინააღმდეგ. მისი აზრით, ფილმის სათაური „ღმერთის ხელი“ უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს ფეხბურთელს. არადა, ეს მხოლოდ კონკრეტული მატჩი იყო და არ შეიძლება განზოგადდეს. ფილმის ტრეილერის შემდეგ გაჩნდა Netflix-ის შეფასებაც, რომ ეს სპორტული ფილმია, რომელიც რეჟისორის საფეხბურთო ვნებებს და მის შეხედულებას გამოხატავს და არა კონკრეტულად მარადონას.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სორენტინო საფეხბურთო თემას ეხება. ჯერ კიდევ 2015 წელს გადაღებულ ფილმში „ახალგაზრდობა“ (სხვათა შორის, წარდგენილი იყო „ოსკარზე“ უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში), არის ეპიზოდი, როდესაც მთავარი გმირი სერანოს შესრულებით ძალიან წააგავს მარადონას. ის მდიდრულ ოტელში ცხოვრობს, საჩოგბურთო ბურთს კენწლავს და სწორედ მარადონას სიტყვებს იმეორებს.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ განვითარდება მოვლენები, ან რას აპირებს სტუდია Netflix. მით უმეტეს, როცა მსოფლიო ახლა დიდ ფეხბურთელს გლოვობს. არგენტინაში კი სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. ამასობაში ნეაპოლის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტლებით ქალაქის სტადიონს დიეგო მარადონას სახელი მიენიჭა.