მოხალისე გოგოები თელავიდან

თითქმის ორი თვეა, თელავში მოხალისე გოგოები მოხუცებს, მრავალშვილიან ოჯახებსა და სოციალურად დაუცველებს საკვებით ეხმარებიან. 8 მეგობარმა გადაწყვიტა, რომ ახლა ის დროა, როცა თავიანთი პატარა ქალაქიდან უნდა დაიწყონ და ერთმანეთის დასახმარებლად გაერთიანდნენ. კრიზისის გამო მათ ირგვლივ ბევრი ადამიანი სამსახურისა და საარსებო შემოსავლების გარეშე დარჩა. თავდაპირველად მარტოხელა მოხუცების დახმარება იყო მიზანი – მათი, ვინც ამ პერიოდში ყველაზე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ შემდეგ დახმარების მსურველთა სია ისე გაიზარდა, რომ თანხა რამდენსაც გასწვდებოდა, ყველასთან მიჰქონდათ პროდუქტი. „დავეხმაროთ მოხუცებს თელავში“ – ამ ჯგუფის საშუალებით გოგოებმა მოახერხეს და შეწირულობებით შეგროვებული თანხით უკვე 262 ოჯახს დაეხმარნენ.

სოფო სუხიტაშვილის ოჯახს თელავში პატარა საოჯახო კაფე აქვს. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, როცა ქალაქში ყველაფერი გაჩერდა, კაფეს თანამშრომლებიც სამსახურის გარეშე დარჩნენ. ოჯახი, რისი საშუალებაც ჰქონდა, რამდენიმე მათგანს პროდუქტით ეხმარებოდა. ერთ-ერთი მიზეზი, საიდანაც სოფოს მოხალისეობრივი საქმიანობის იდეა გაუჩნდა, ესეც იყო. შემდეგ უკვე სოციალურ ქსელში აღმოაჩინა ჯგუფი – ახალგაზრდები თბილისში მცხოვრებ მოხუცებსა და გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ. რამდენიმე მეგობართან ერთად გადაწყვიტა, რომ კარგი იქნებოდა, ასეთი ჯგუფი მათაც შეექმნათ და რა თანხაც მოგროვდებოდა, პროდუქტი შეეძინათ თელავში მცხოვრები მოხუცებისთვის.

ჯგუფი – „დავეხმაროთ მოხუცებს თელავში“ 24 მარტს შეიქმნა. ადგილობრივების მხარდაჭერით, მალევე შეძლეს რამდენიმე ოჯახისთვის პროდუქტის დარიგება. გოგოებმა თვითონ შეადგინეს ძირითადი, არამალფუჭებადი პროდუქტებისგან შემდგარი კალათა ერთი ოჯახისთვის. როგორც ამბობენ, საკმაოდ დიდი სია გამოვიდა – წიწიბურა, ზეთი, კარაქი, პურის ფქვილი, მაკარონი, ბრინჯი, შაქარი… პროდუქტს ყველა ოჯახისთვის თანაბრად ანაწილებენ.

„არ ველოდებოდით ამხელა გამოხმაურებას. ისიც იყო, რომ თელავში ყველა ერთმანეთს იცნობს. იცოდნენ, რომ არ დაიკარგებოდა მათი თანხა და ნამდვილად საქმეს მოხმარდებოდა. ამ ნდობამაც გამოიწვია, რომ ბევრი თანხა ჩაირიცხა ძალიან მალე. მეორე დღიდანვე დავიწყეთ დარიგება. განსაკუთრებით გვიხარია, რომ ბევრისთვის მაგალითის მიმცემი აღმოჩნდა ჩვენი ინიციატივა. გოგომ, რომელიც ერთ-ერთ ახლომდებარე სოფელში ცხოვრობს, მოგვწერა, რომ ადგილზე შეაგროვა თანხა და სოფელში დაეხმარა რამდენიმე მოხუცს“, – გვიყვება სოფო სუხიტაშვილი.

გოგოებს, ძირითადად, ფეისბუქის ჯგუფის საშუალებით უკავშირდებიან ადამიანები, რომელთაც დახმარება სჭირდებათ ან გაჭირვებულ ოჯახს იცნობენ. ბევრის შესახებ ნაცნობებისგან შეიტყვეს. ამასთანავე, ჰქონდათ თელავში ერთ-ერთი ადრინდელი პროექტის გამო შედგენილი მოხუცი ბენეფიციარების სიაც. თავდაპირველად ამ სიას მიჰყვნენ.

პროდუქტს ყიდულობდნენ, ანაწილებდნენ და საკუთარ მანქანებით არიგებდნენ. ისინი თელავში მალე ყველამ გაიცნო. შემდეგ უკვე თელავის მერიაშიც რეკავდა დახმარების მსურველი, ვინც მათ სოციალური ქსელის საშუალებით ვერ უკავშირდებოდა.

გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გამო, რაღაც პერიოდი ვეღარ ახერხებდნენ პროდუქტის დარიგებას, ამიტომ კალათის ღირებულების თანხას ურიცხავდნენ ოჯახებს. გარდა ამისა, რადგან ბავშვებსა და მოხუცებთან უწევდათ შეხება, ცდილობდნენ, მათთვის საფრთხე არ შეექმნათ. ამის გამოც გაჩერდნენ ცოტა ხნით, თუმცა ბოლოს ორი დღის წინ დაარიგეს ათ მისამართზე პროდუქტი.

გოგოები ამბობენ, რომ ამ ორი თვის განმავლობაში ძალიან დიდი მხარდაჭერა იგრძნეს ადგილობრივებისგან. ბევრი ბიზნესმენიც დაეხმარათ. რამდენიმემ სოლიდური თანხა ჩარიცხა, მაგალითად, გიორგი მათურელმა. ზოგმა პროდუქტი შეიძინა. თელავის მერიამ კი რამდენჯერმე საწვავის ტალონები მისცა.

„ყველაზე რთული და მძიმეა, როცა პროდუქტები მიგაქვს, მაგრამ აღმოაჩენ, რომ იმდენად უჭირს ოჯახს, ეს პროდუქტები რომ მოამზადოს, ამის საშუალებაც არ აქვს, რადგან არც გაზი აქვს, არც გათბობა, არც შეშა. მაგალითად, მაკარონი მიგაქვს მაგრამ ვერსად მოხარშავს. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები ვნახეთ. პროდუქტი მარტო საკმარისი არ არის და დამატებით, სხვა დახმარება სჭირდება ამ ხალხს. იმდენად გაჭირვებული ოჯახი დაგვხვდა რამდენიმე, რომ მეორედაც მივუტანეთ ამ თვეში პროდუქტები“, – ამბობს სოფო.

მოხალისე ჯგუფის ერთ-ერთი წევრია სოფო დანიბეგაშვილიც. მისი თქმით, მართალია ეს ჯგუფი ისეთივე მასშტაბური არ არის, როგორც თბილისის, მაგრამ იმედი აქვს, რომ მალე გახდება, რადგან აპირებენ ამ საქმის გაგრძელებას.

როგორც სოფო იხსენებს, ამ პერიოდში ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა მათი მხარდაჭერის სურვილი და ქალაქში პატარა-პატარა ინიციატივებიც გაჩნდა, ერთმანეთის დასახმარებლად. სოფო ჰყვება, რომ, მაგალითად, აფთიაქების ქსელმა, „ნეოფარმმა“ გოგოებს მოხუცებისთვის  წამლების 20 შეკვრა და ნატურალური წვენები გადასცა.

„ჩვენი წამოწყების უმთავრესი გეგმა სწორედ ის იყო, რომ მოკლევადიანი არ ყოფილიყო და გაგვეგრძელებინა. ადამიანების კეთილ ნებასა და დახმარების სურვილზე ვართ დამოკიდებულები. სანამ ეს იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ. ჯგუფი აქტიურია, ხალხი ემატება. მადლობა ყველას, ვინც გვერდით დაგვიდგა და დახმარება გამოხატა. მათი გადმორიცხული თანხით ვახერხებთ პროდუქტების შეძენას და მოხუცების გახარებას“, – ამბობს სოფო დანიბეგაშილი.

გოგოები ამბობენ, რომ ამგვარი ინიციატივა გადამდებია, რადგან მათაც სწორედ ასე დაიწყეს. ცდილობენ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწვდინონ ხმა. ჯგუფში „დავეხმაროთ მოხუცებს თელავში“ მითითებულია ანგარიშის ნომრები, რომლებზეც მოხალისე გოგოების მხარდაჭერის მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ.


მასალა მომზადდა CTC-ისა და „პუბლიკის” ერთობლივი პროექტის  -„Covid-19 და საზოგადოებრივი ინციატივების” ფარგლებში.