„მზესუმზირა აჯიკით“ - სოფო მურაჩაშვილის სტარტაპი სოფელ დირბიდან

პუბლიკა

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სოფო მურაჩაშვილმა მეგობრებისთვის მზესუმზირების განსხვავებული გემოთი მოხალვა დაიწყო. მეგობრები კი მის მომზადებულ აჯიკიან მზესუმზირას გემრიელად აკნატუნებდნენ, თან ურჩევდნენ რამე მოეფიქრებინა და ეს საქმე ბიზნესად ექცია. სოფო თვითონაც სულ ფიქრობდა და ოცნებობდა ამაზე, მაგრამ არ იცოდა როგორ დაეწყო, ცოტა დაუჯერებლად ეჩვენებოდა.

სულ ექსპერიმენტებს ატარებდა, განსხვავებულ გემოებს ეძებდა და ცდიდა. ამასობაში კულინარიითაც დაინტერესდა და გადაწყვიტა პროფესიულ სასწავლებელში ჩაებარებინა. როგორც ამბობს, ახლა უკვე პროფესიით მზარეულია. მზესუმზირების მოხალვას კი ისევ აგრძელებდა.

ერთ დღესაც, პანდემიის დროს, საზოგადოება „ბილიკის“ დახმარებით LINKS-ის პროექტში მოხვდა, სადაც სხვადასხვა პროფესიულ ონლაინკურსებს დაესწრო. ერთ-ერთი სწორედ მეწარმეობის შესახებ ტრენინგები იყო. კურსის დასრულების შემდეგ პროექტის მენტორმა უთხრა, რომ სოფოს შეეძლო ბიზნესიდეა მოემზადებინა, რომლის დახვეწაშიც დაეხმარებოდნენ და შემდეგ დასაფინანსებელ კონკურსზეც წარადგენდნენ.

LINKS, იგივე „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების“ პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება, პროგრამა „განათლება დასაქმებისთვის“ (skills4jobs) ფარგლებში, „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ.

პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ცოდნისა და უნარების განვითარებას, ასევე, დასაქმების ხელშემწყობი პლატფორმების, თუ რესურსების ხარისხის და ხელმისაწვდომობის გაზრდას ოთხ რეგიონში: აჭარა, გურია, შიდა ქართლი და ქვემო ქართლი.

33 წლის სოფო მურაჩაშვილი ქარელის რაიონის სოფელ დირბიდანაა. მისი სტარტაპიდეა სწორედ სოფელში, საკუთარ სახლში პატარა საწარმოს მოწყობას გულისხმობდა.

ბიზნესგეგმის წარდგენამდე რამდენიმე ეტაპი გაიარა მენტორთან ერთად. სოფოს იდეა დაიხვეწა, პროცესში დაემატა კიდევ ერთი გემო – მზესუმზირა სუნელებით. შემდეგ კი მისი ბიზნესგეგმა განხილვაზე გავიდა.

სოფო მურაჩაშვილის ბინზესიდეა 4 ათასი ევროთი დაფინანსდა. ამ თანხით სოფელში მოაწყო მზესუმზირის მოსახალი, წარმოების ოთახი, შეიძინა ტექნიკა, ნედლეული და სხვადასხვა საჭირო მასალა. უკვე რამდენიმე კვირაა  „მურაჩას მზესუმზირა“ გაყიდვაშია, ჯერ მხოლოდ თბილისის სამ მაღაზიაში, მაგრამ ეს დასაწყისია.

„რემონტიც კი ჩემი ხელით გავაკეთე, ყველაფერი მოვაწყვე. დიზაინისა და ეტიკეტირების საკითხშიც ამ პროექტის დახმარებით გავერკვიე და მოვაგვარე. ახლა იმ ეტაპზე ვართ, რომ აქტიური რეალიზაციის დაწყება გვინდა. ვყიდით ონლაინ, სოციალური ქსელების საშუალებითაც. ასევე, ვმუშაობთ კიდევ ერთ გემოზე და ვფიქრობთ დამატებას, “- ამბობს სოფო მურაჩაშვილი.

სოფო ჰყვება, რომ ამ პროექტით ისეთი იდეის ხორცშესხმის საშუალება მიეცა, რომელზეც ვერც იოცნებებდა. როგორც ის ამბობს, შეიძლება თანხა გქონდეს, ან შეძლო როგორღაც ფინანსების მოძიება, მაგრამ არ იცოდე გზა, როგორ დაიწყო საქმიანობა და რა გჭირდება ამისთვის. ტრენინგები კი სწორედ ამაში დაეხმარა.

„ბევრი რამ, რაც ამ საქმისთვის იყო საჭირო, არ ვიცოდი. თუნდაც როგორ მეწარმოებინა მოლაპარაკებები, როგორ დამეგეგმა ბიზნესი, შემდეგ დიზაინი, შეფუთვა, რეალიზაციის საკითხები, არაფერი ვიცოდი. ამიტომ ამის სწავლა და პროფესიონალების დახმარება მნიშვნელოვანი იყო. გავერკვიე ბუღალტრულ საკითხებშიც. პროექტის მენტორის ძალიან დიდი თანადგომით და ჩართულობით, მივხვდი, როგორ უნდა დამეწყო ეს საქმე. ამიტომ ხშირად ფინანსურ მხარდაჭერაზე მეტად შესაბამისი ცოდნის გაზიარება უფრო გვეხმარება,”- ამბობს ის.

მიუხედავად იმისა, რომ ცოტა დროა გასულია, რაც „მურაჩას მზესუმზირა“ ბაზარზე გამოჩნდა, სოფო გვეუბნება, რომ მოწონება ძალიან დიდია. იმედი აქვს, ნაბიჯ-ნაბიჯ სტარტაპი დიდ ბიზნესად იქცევა. როგორც სოფო ამბობს, ამის სურვილი და მიზანიც აქვს.

სოფო მურაჩაშვილის „მზესუმზირებთან“ ერთად LINKS პროექტის ფარგლებში 8 სტარტაპიდეა დაფინანსდა, რომელთა დახვეწასა და განვითარებაში მონაწილეობას გამოცდილი სპეციალისტები იღებდნენ.

სამი წლის განმავლობაში, LINKS-ის პროექტში, სულ  1 200 ახალგაზრდა ჩაერთო. მონაწილეთა ნახევარზე მეტი  დასაქმების, განათლებისა და ტრენინგის მიღმა დარჩენილი ე.წ. NEET ბენეფიციარი იყო.