„ქალების ადგილი არის ყველგან, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება“ ► ფემინსტრიმი

პუბლიკა

ელენე ქაიხოსროშვილისა და ესმა იმერლიშვილის პოდკასტი:

„ქალების ადგილი არის ყველგან, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება“

რუთ ბეიდერ გინსბურგი

ეს არის ჩვენი ბოლო პოდკასტი, რომელშიც პანდემიასა და პანდემიასთან ბრძოლის საქმეში ქალების ეფექტიან მმართველობაზე ვისაუბრებთ. დღეს გვინდა, ლიდერი ქალების და მათ მიერ განხორციელებული წარმატებული გადაწყვეტილებების შესახებ მოგიყვეთ, რომელზეც პანდემიის დაწყებიდან მედია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, აქტიურად ალაპარაკდა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის[1] თანახმად, პანდემიასთან ბრძოლის საქმეში, იმ ქვეყნებმა, სადაც ლიდერ პოზიციაზე ქალები არიან წარმოდგენილნი, გაცილებით უკეთესი შედეგები აჩვენეს, ვიდრე გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე კაცებით დომინირებულმა ქვეყნებმა. ანგარიშში ასეთი ქვეყნების მაგალითად მოყვანილია დანია, ეთიოპია, ფინეთი, გერმანია, ისლანდია, ახალი ზელანდია და სლოვაკეთი. მათ მოახერხეს, რომ სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების გზით, მნიშვნელოვნად შეემცირებინათ დაავადების გავრცელების ეპიდემიოლოგიური მრუდი და სიკვდილობის მაჩვენებელი.

ქალების მიერ განხორციელებულ ეფექტიან ქმედებებზე უამრავი სტატია დაიწერა მსოფლიოს წამყვან ჟურნალებში და არაერთი მკვლევარი დაინტერესდა ამ საკითხით. გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ქალების მმართველობა პანდემიასთან ბრძოლის საქმეში გამოირჩეოდა უფრო გამჭვირვალე და ეფექტიანი კომუნიკაციით, კოლაბორაციული მიდგომით, ხალხის მხარდამჭერი გამოსვლებითა და აქტივობებით. ამან მნიშვნელოვნად გაზარდა მოსახლეობის ნდობა მთავრობისადმი და შესაბამისად, გააძლიერა მათ მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების კოეფიციენტი. ქალების ეფექტიან მმართველობასთან დაკავშირებით ლივერპულის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევა ამბობს,[2] რომ მიუხედავად მოკლე დროისა და სარწმუნო დასკვნების გამოსატანად საჭირო არგუმენტების სიმცირისა, პანდემიასთან ეფექტიანად მებრძოლ ქვეყნებში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე მაღალია გენდერული ბალანსი და სწორედ ეს უნდა იყოს მიჩნეული წარმატების ამოსავალ წერტილად მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის.

ამავე აზრს იზიარებს გაეროს ქალთა ორგანიზაციაც, რომელიც თავის ანგარიშში აღნიშნავს,[3] რომ ქალთა წარმატებული მმართველობის მაგალითებმა მნიშვნელოვანი გავლენა უნდა იქონიოს შემდგომ აქტივოებებში: მთავრობებმა, სხვადასხვა ოფიციალურმა არჩევითმა უწყებებმა და გაეროს სააგენტოებმა უნდა უზრუნველჰყონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალების მეტი ჩართულობა და გენდერულად დაბალანსებული ინსტიტუციების ჩამოყალიბება. მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი, ერთიანი, საჭიროებებზე ორიენტირებული და ეფექტიანი მმართველობა ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეებზე.

ბუნებრივია, ამის მისაღწევად გარკვეული ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული, რომელიც მაგალითად, გულისხმობს გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში გენდერულ ბალანსს, პანდემიასთან ბრძოლის გენდერულად დაბალანსებული არსებული ინსტიტუციების  და მექანიზმების შენარჩუნებას, პანდემიასთან ბრძოლის საქმეში ეროვნული პოლიტიკისა და ბიუჯეტირების პროცესში გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრირებას, ქალების პოლიტიკაში მონაწილეობის ხელშემშლელი ფაქტორების იდენტიფირებას და მათ აღმოფხვრას, ქალებისა და ქალების ორგანიზაციებისთვის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას და სხვა მსგავსი ტიპის აქტივობების განხორციელებას.

გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებში ქალთა მონაწილეობის გაზრდის საჭიროებასთან დაკავშირებული დისკუსია ჯერ კიდევ პანდემიამდე პერიოდში დაიწყო და უკვე წლებია, გრძელდება. საზოგადოების დიდი ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ ქალთა მონაწილეობა უნდა გაიზარდოს ქვეყნების საჯარო ცხოვრებაში და ეს საზოგადოებას მხოლოდ კარგს მოუტანს, თუმცა, მათი დიდი ნაწილი ვერ თანხმდება ამისთვის დროებითი, სპეციალური ღონისძიებების გატარების მიზანშეწონილობაზე.

აღნიშნული დისკუსია დღეს საქართველოში ისეთი აქტუალურია, როგორც არასდროს. აქტიურად მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რამდენად „დამსახურებულად“, თუ „დაუმსახურებლად“ შეიძლება მოხვდეს ქალი კონკრეტულ პოზიციაზე დროებითი, სპეციალური ზომების (ე.წ. კვოტების) შემოღების პირობებში.

ამ დისკუსიის დროს, კვოტების ოპონენტები ფოკუსირდებიან ხოლმე იმაზე, რომ კვოტებმა შესაძლოა, უსამართლოდ დაჩაგროს „კვალიფიციური“ ადამიანები (ამ შემთხვევაში, კაცებს მოიაზრებენ), მოხდეს „მათი ადგილების“ დაკავება კონკრეტულ პოზიციებზე.

კვოტების აუცილებლობაზე შეთანხმებული ადამიანების მსჯელობის ამოსავალი წერტილი სწორედ ის გარემოებებია, რაზეც მთელი ჩვენი პოდკასტის განმავლობაში ვსაუბრობდით, ანუ, ქალების სპეციფიური საჭიროებები, რომელთა გაგება და მათზე ზრუნვა, ქალური გამოცდილებების ქონას საჭიროებს. და დიახ, არსებობს გამოცდილებები, რომლებიც დღესდღეობით ჩვენს საზოგადოებაში გენდერულად არის განსაზღვრული.

მაგალითად, სკოლებისა და ბაღების მთელი სემესტრით დახურვის და ე.წ. ონლაინ სწავლების შემოღების გადაწყვეტილების მიღებისას, მაღალი ალბათობით, არ ჰქონია ადგილი იმაზე მსჯელობას, რომ ამ ღონისძიებას ქალების (ძირითად შემთხვევაში) შვილების განათლებაში კიდევ უფრო მეტად და იძულებითი ჩართულობა მოყვებოდა. ალბათ, არც იმაზე გამართულა მსჯელობა, რამდენი ქალი დაკარგავდა მოკლე, თუ გრძელვადიანი პერსპექტივით ამის გამო სამსახურს და შემოსავალს, როგორ იმოქმედებდა ეს მათი ოჯახების ფინანსურ მდგომარეობაზე და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკაზე.

ასევე არ გამართულა ალბათ მსჯელობა იმაზე, თუ როგორ იმოქმედებდა ეს ქალი მასწავლებლების მდგომარეობაზე როდესაც, ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე, მათ ონლან პლატფორმებზე მოუწევდათ საქმიანობის გაგრძელება.  როგორ შეძლებდნენ ისინი საკუთარი საქმიანობის გაგრძელებას და ონლაინ გაკვეთილების ჩატარებას მათი საკუთარი შვილების გაკვეთილებში ჩართულობის პარალელურად, განსაკუთრებით, იმ შემთხვევებში, როდესაც, სახლში მათ ამისთვის საკმარისი სივრცე და ტექნიკური საშუალება (მაგ. ორი კომპიუტერი) არ აქვთ? აქვე შეგახსენებთ, რომ ამ პროფესიაში უმრავლესობას სწორედ ქალები წარმოადგენენ.

ასევე, საინტერესო იქნებოდა ქალების ჩართულობა დისკუსიაში იმის შესახებ, თუ როგორ იმოქმედებდა სხვადასხვა გეგმიური სამედიცინო სერვისების მიღების გადავადება ქალებზე, როგორც ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ოჯახის წევრებზე მზრუნველებზე. ასევე, როგორ იმოქმედებდა ყოველივე ზემოაღნიშნული ქალების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივებში.

ცხადია, ჩვენი პოდკასტის მიზანი არ არის იმ ღონისძიებების ეფექტიანობისა და მიზანშეწონილობის ეჭვქვეშ დაყენება, რაც ვირუსის გავრცელების შესაკავებლად გატარდა ქვეყანაში. ჩვენი მიზანია გამოვკვეთოთ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების პარალელურად, შესაძლოა, სხვა, დამხმარე ზომები გატარებულიყო იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში სხვადასხვა გამოცდილებების (დედობის და.ა.შ) და ექსპერტიზის (მაგ. მასწავლებლები) მქონე ქალები იქნებოდნენ ჩართული.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილებების მიმღებ სტრუქტურებში ქალების მონაწილეობის გასაზრდელად დროებითი სპეციალური ღონისძიებების გატარების საჭიროება, არ საბუთდება მხოლოდ ქალებისთვის კარიერული წინსვლის გზაზე ხელოვნურად აღმართული ბარიერების ჩამოშლის აუცილებლობით. გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციებზე, ამ შემთხვევაში, კონკრეტულად ვირუსის გავრცელების შესაკავებლად გამიზნული ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას, განსხვავებული გამოცდილებების მქონე ადამიანების ჩართულობა პირდაპირ აისახება იმ ჯგუფების კეთილდღეობაზე, რომლების საჭიროებებიც, ამ ადამიანებმა იციან რაიმე ნიშნით მათი იდენტობის ან/და კონკრეტული გამოცდილებების გამო. მარტივად რომ ვთქვათ, ქალებს მეტად შეუძლიათ განსაზღვრონ, რა გამოწვევების წინაშე დადგებიან ქალები პანდემიის დროს. კაცებს, შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებები გამორჩეთ მხედველობიდან ასეთ დროს. ძირითად შემთხვევაში, მათ არ უწევთ ბავშვების მეცადინეობა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლობა, მთელი ოჯახისთვის სამჯერადი კვების მომზადება და ამის პარალელურად, ონლაინ მუშაობა.


[1] წყარო ხელმისაწვდომია: https://www.unwomen.org/en/digital-library/publications/2020/06/policy-brief-covid-19-and-womens-leadership. [ბოლო ნახვა: 25.09.2020].

[2] წყარო ხელმისაწვდომია: https://papers.ssrn.com/sol3/papers.cfm?abstract_id=3617953. [ბოლო ნახვა: 24.09.2020].

პროექტს „ფემინსტრიმი” ქალთა ფონდი საქართველოში და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი წარმოგიდგენთ.