„ქართული ოცნების“ ლიდერების რიტორიკის ანალიზი

პუბლიკა

ავტორი: ხატია შამანაური

სიტყვა, როგორც მანიპულაციის გზა, ურთიერთსაპირისპირო როლები და რიტორიკა – რას აჩვენებს „ქართული ოცნების“ ლიდერების ათასობით განცხადების ანალიზი?

პოლიტიკოსის, ექსპერტის ან ნებისმიერი საჯარო პირის გამოსვლები ხშირად ხდება ხოლმე კრიტიკისა და განხილვის საგანი. ცალკეული გამონათქვამები ბევრს ამბობს ადამიანის ფასეულობებსა და პრიორიტეტებზე, მაგრამ ათასობით განცხადების საფუძველზე მათი რიტორიკის ანალიზი კიდევ უფრო ნათელი სურათის დანახვის შესაძლებლობას იძლევა. რა სიტყვებსა და ფრაზებს იყენებენ ყველაზე ხშირად, ვის აკრიტიკებენ და ვის არა, რა პერიოდში არიან განსაკუთრებით აქტიური, როდის ერიდებიან კომენტარის გაკეთებას, პასუხები ამ შეკითხვებზე ხშირად საუკეთესო გზაა, გავიგოთ მეტი მათ მეთოდებსა და სტრატეგიაზე.

სწორედ ამ მიზნით, იმედინიუსის ვებსაიტიდიან შევაგროვეთ ყველა ახალი ამბის სათაური და ლიდი, რომელიც 2022 წლის 24 თებერვლიდან (უკრაინაში ომის დაწყებიდან) 2023 წლის 24 ივლისამდე გამოქვეყნდა. ამ პერიოდში იმედინიუსზე 58 802 ნიუსი დაიდო. პროგრამული ენის პითონის გამოყენებით ამ მონაცემების დამუშავების საფუძველზე კი წარმოგიდგენთ სტატიების ციკლს.

პირველი სტატიის თემა „ქართული ოცნების“ ლიდერების რიტორიკის ანალიზი იქნება.