„ქმარი ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდა ჩემზე, დანით ჭრილობაც მომაყენა“ | 1500-ლარიან გირაოს სააპელაციოში ასაჩივრებენ

„მუსლიმი ვიყავი და ამის გამო სულ მავიწროებდა, ძალით მომნათლა [ქრისტიანად]. ხშირად ძალადობდა ჩემზე ფიზიკურად და სექსუალურად. ბოლოს დანით ფეხში რამდენიმე ჭრილობა მომაყენა. მისი სახლიდან ჩემებმა უგონო მდგომარეობაში მყოფი წამომიყვანეს“, – ჰყვება 22 წლის გოგო, რომლის ყოფილ ქმარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 1500-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული. ოჯახში ძალადობის საქმეში დაზარალებული გოგოს ინტერესებს კავშირი „საფარი“ და იურისტი თამუნა ლუკავა იცავს. დაზარალებული და მისი ადვოკატი მიიჩნევენ, რომ  ბრალდებულის მიმართ გამოყენებული ეს სასჯელი სრულიად შეუსაბამოა. მათ იმედი აქვთ, სააპელაციო გაითვალისწინებს საქმეში არსებულ მთელ რიგ გარემოებებს.

რას ჰყვება დაზარალებული?

ოჯახში ძალადობის საქმეში დაზარალებული გოგო [რომლის ვინაობასაც არ ვასაჯაროებთ] „პუბლიკას“ უყვება, რომ 21 წლის იყო, როდესაც ოჯახი შექმნა. ის ამბობს, რომ ქმარი თავიდანვე ავიწროებდა რელიგიის გამო.

„ოჯახის შექმნის დღიდან, თავდაპირველად ქმართან ურთიერთობის პრობლემა მქონდა. ტკივილები მაწუხებდა და ვთხოვდი, ექიმთან წავეყვანე. უარზე იყო გამუდმებით. შემდეგ ჩემზე ამბობდნენ, რომ რადგან სხვა რელიგიის წარმომადგენელი ვიყავი, ჩემში დემონური ძალები იყო და ამიტომ ვერ ვახერხებდი ქმართან ყოფნას. ერთხელ იმისთვის მცემა, რომ ექიმთან მიყვანა ვთხოვე. შემდეგ სხვა საკითხზეც – ხელი გამარტყა და სისხლი წამომივიდა.

2 თვის თხოვნა-მუდარის შემდეგ მიმიყვანა ექიმთან. სამედიცინო ჩარევის შემდეგ, ექიმის რეკომენდაციით ორი კვირა სექსუალური კავშირი არ შეიძლებოდა. მაგრამ ამას არ ითვალისწინებდა და სექსუალურად ძალადობდა. გაუსაძლის ტკივილს განვიცდიდი.

…ძალით მომნათლა, თავისი ძმაკაცი დამიყენა ნათლიად. მე ვერ ვსაუბრობდი იმაზე, რასაც განვიცდიდი, რადგან ძალიან უმწეო მდგომარეობაში ვგრძნობდი თავს. ისიც მემუქრებოდა, რომ ბათუმში მის ოჯახს ბევრი იცნობდა და ვერაფერს დავამტკიცებდი.

ბოლოს 14 ოქტომბერს ვკითხე რაღაც. ამის გამო აგრესიული გახდა და მარცხენა ფეხზე დანით რამდენიმე ჭრილობა მომაყენა. ამის შემდეგ ჩემზე სექსუალურად იძალადა, რა დროსაც სუნთქვა შემეკრა და სასწრაფო დამჭირდა. 16 ოქტომბერს კი ისე ცუდად გავხდი, დაურეკეს ჩემს მშობლებს, რომ წავეყვანე. უგონო მდგომარეობაში ვიყავი, არც მახსოვს, როგორ გამომიყვანეს სახლიდან“, – ჰყვება დაზარალებული „პუბლიკასთან“.

ამის შემდეგ მას ორი თვე დასჭირდა, რომ ძალები მოეკრიბა. როგორც ამბობს, მიიჩნევდა, რომ პოლიციისთვის მიმართვას აზრი არ ჰქონდა. ამიტომ ორგანიზაცია „საფარს“ დაუკავშირდა. სწორედ მათი დახმარებით მიმართა პოლიციას.

„მათი მხარდაჭერით დღემდე ვიბრძვი, თუმცა, სამწუხაროდ, ამდენი დანაშაულის შემდეგ მაინც არ დააკავეს და ბათუმის სასამართლო მხოლოდ 1500-ლარიანი გირაოთი შემოიფარგლა“, – ამბობს ის.

„საფარის“ იურისტი, თამუნა ლუკავა აღნიშნავს, რომ არათუ ამ ოდენობის, არამედ საერთოდ გირაო არის არაადეკვატური ზომა ბრალდებულის მიმართ ჩადენილი დანაშაულების გათვალისწინებით.

„ჩვენ დეკემბერში მოგვმართა დახმარების თხოვნით, გვაცნობა მის მიმართ ჩადენილი დანაშაულების შესახებ. ჩვენი რჩევისა და  კონსულტაციის შემდგომ გადაწყვიტა, რომ პოლიციისთვის მიემართა. ერთობლივად მივმართეთ პოლიციას დეკემბერშივე. გამოიკითხა, ჩატარდა სხვა საგამოძიებო მოქმედებები და ცნობილი იქნა დაზარალებულად“, – ამბობს იურისტი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში 21 მარტს გაიმართა სხდომა, სადაც ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით 1500-ლარიანი გირაო შეეფარდა.  მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, იურისტის თქმით, სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა.

„ახლა ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, როდესაც განიხილავს აღკვეთის ღონისძიების საკითხს, გაითვალისწინოს დაზარალებული მხარის დამოკიდებულება ამ დანაშაულების მიმართ. ჩვენ არანაირად არ ვეთანხმებით ამ გირაოს. მიგვაჩნია, რომ არის შეუსაბამო იმ დანაშაულების გათვალისწინებით, რომლებიც ჩადენილია ბრალდებულის მიერ. ვითხოვთ მისთვის პატიმრობის შეფარდებას.

როდესაც ბათუმის სასამართლომ  აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა, არ შეისწავლა რეალური ფაქტები, ყურადღება არ მიაქცია იმას, რომ დაზარალებულის მიმართ დანაშაული ჩადენილი იყო არაერთგზის. მარტივად რომ ვთქვათ, ამ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიჩინა გულგრილი დამოკიდებულება“, – ამბობს თამუნა ლუკავა.

ბრალდებულს ბრალი წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. იურისტის თქმით, პროკურატურა ბრალდებულს ოჯახში ძალადობის სამ ეპიზოდზე ედავება.

დაზარალებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. სასამართლო სხდომა, სავარაუდოდ, მალე გაიმართება.