ქვიარების იარები და მარში ღირსებისთვის

დავით ბუხრიკიძე

შეგვიძლია კეთილშობილური შეგონებით დავიწყოთ: რომ ყველა ჩვენგანში თვლემს მგრძნობიარე სიმი, თითქოს გაცვეთილი, გახევებული, მაგრამ უნივერსალური და კონკრეტულიც – ესაა თანაგრძნობა და სიყვარული… და როცა ამ სიმებს ეხები, შემწყნარებლობა და ჰუმანიზმი შესაძლებლად მიგაჩნია, მაგრამ რეალობა გაცილებით სასტიკია, რაც კარგად გამოჩნდა „თბილისი პრაიდის“ კვირეულის გახსნის დღეს.

მობილიზებული, ძალიან აგრესიული ადამიანების ჯგუფები მზად იყვნენ, კლუბ „ხიდის“ შესასვლელი (სადაც დაგეგმილი იყო პრაიდის გახსნა) დაეკავებინათ და პრაიდის მონაწილეებისა და მიწვეული სტუმრებისთვის „რაღაც-რაღაცები მეგობრულად აეხსნათ“ (ეს უკვე ბატონ კორკოტაშვილის განმარტებაა).

საბედნიეროდ, „მეგობრული“ სიშლეგის ეს ფორმა პოლიციამ ნაწილობრივ მაინც აღკვეთა, თუმცა მიწვეულ სტუმრებსა და უცხოელ ელჩებს კვერცხებისა და პომიდვრების წვიმაში მაინც მოუწიათ გავლა. მე და ჩემი კოლეგა ჟურნალისტები, რომლებიც კვირეულის გახსნის დღეს ფილმის პრემიერაზე ვიყავით მიპატიჟებულები, კვერცხებს გადავურჩით, თუმცა შესასვლელთან ერთმა დაკვირვებულმა და მოუსვენარმა ქალბატონმა სტუმრებს შორის იდა ბახტურიძე ნიღაბშიც კი იცნო. შორიდან გამოქანდა და ისეთი სიტყვებით შეამკო, რომ მამა-შვილი ფალავანდიშვილების ტექსტები პოეზიად მოგეჩვენებოდათ…

აუხსნელი ნახევარსიგიჟისა და სიძულვილის ეს ატმოსფერო გაგრძელდა შემდეგაც, როცა სტუმრები იძულებულები იყვნენ ტერიტორია მინი-ავტობუსებით დაეტოვებინათ. თუმცა პოლიციამ აქაც იყოჩაღა და ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა.

პრაიდის კვირეულის გახსნას ბრიტანეთის, გერმანიის, ისრაელის ელჩები და დიპლომატებიც ესწრებოდნენ. ისიც უნდა ითქვას, რომ ამსტერდამის მერმა, ქალბატონმა ფელკე ჰალსემამ თბილისის მერს, კახა კალაძეს ოფიციალური წერილით მიმართა:

„გთხოვთ, მიიღოთ ყველა საჭირო ზომა, რათა ლგბტ აქტივისტებმა უსაფრთხო და დაცულ გარემოში შეძლონ პრაიდის ჩატარება.

ღირსების მარშს, 5 ივლისს, ევროკავშირის სხვა მოქალაქეებთან ერთად, დაესწრება ამსტერდამის პრაიდის ელჩი ჰანს ვერჰოვენი. დაველოდები მის დაბრუნებას ამსტერდამში და ვიმედოვნებ, რომ ის მომიყვება, როგორი წარმატებული, მშვიდობიანი და უსაფრთხო იყო თბილისი პრაიდში მონაწილეობა“.

არ ვიცი, რა ისტორიას მოჰყვება ამსტერდამის პრაიდის ხელმძღვანელი, რადგან 5 ივლისი და „ღირსების მარში“ ჯერ წინაა და ეკლესიის პოზიციისა და აგრესიული ჰომოფობიური ჯგუფების განცხადებების ფონზე ცისარტყელას ფერები არც ისე ოპტიმისტურად მოჩანს. თუმცა იმედია, ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის.

რაც შეეხება თავად ფილმს „ღირსების მარში“ (March for dignity). ეს არის 2019 წელს გადაღებული ბრიტანული დოკუმენტური ფილმი ლგბტ აქტივისტების შესახებ საქართველოში: რეჟისორი – ჯონ იმსი, პროდიუსერი– კასანდრა რობერტსი, მუსიკა და საუნდი – ტარა კრენი. ძირითადი ამბავი თბილისში 2019 წლის ივლისში „ღირსების მარშის“ მოწყობას უკავშირდება. ფილმში   მნიშვნელოვანია განვლილი წლების გააზრებაც და უკვე  გარდამტეხი ისტორიული თარიღიც – 2013 წლის 17 მაისი.

ცნობილი კადრები, რომელიც გავეშებული ადამიანების ყვითელ სამარშრუტო ავტობუსზე შეტევასა და ანაფორიანი მღვდლების სახეებს ასახავს, ფილმში შევიდა და კიდევ უფრო შემზარავ შთაბეჭდილებას ახდენს. ასევე მნიშვნელოვანია 2017 წლის „თბილისი პრაიდის“ კვირეულისა და განსაკუთრებით 2018 წლის ივლისის აქცია კანცელარიის წინ, როდესაც მონაწილენი ჰომოფობიურმა და აგრესიულმა ჯგუფებმა რამდენიმე საათის განმავლობაში ალყაში მოაქციეს. მხოლოდ პოლიციის ძალისხმევის შედეგად მოხერხდა აქციის მონაწილეების გაყვანა ადგილიდან.

ფილმი, ძირითადად, აგებულია ინტერვიუებზე. „თბილისი პრაიდის“ ჯგუფის წევრები: გიორგი თაბაგარი, თამაზ სოზაშვილი, მარიამ კვარაცხელია ცდილობენ, ადამიანის უფლებები საქართველოში განიხილონ არა მხოლოდ კონკრეტულ ლგბტ თემის პრობლემატიკასთან კავშირში, არამედ ქვეყნის პოლიტიკური გზაჯვარედინისა და არჩევანის  გათვალისწინებით. მათი ძირითადი მესჯებიც არჩევანის თავისუფლებას უკავშირდება: ქვეყნის განვითარება და ადამიანის უფლებების დაცვა, თუ მეზობელი რუსეთის ზეწოლისა და გავლენის ქვეშ მოქცევა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ დოკუმენტური „ღირსების მარში“ დროის მიხედვით მნიშვნელოვან კონტექსტს ქმნის ლევან აკინის გახმაურებულ მხატვრულ ფილმთან – „და შემდეგ ჩვენ ვიცეკვეთ“. ასევე, შეგვახსენებს, რომ ასეთი ისტორიები აუცილებელ და მნიშვნელოვან პრეცედენტებს ქმნის ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და უფლებების დაცვის თვალსაზრისით.

და კიდევ ერთი… „თბილისი პრაიდის“ გახსნაზე, კლუბ „ხიდის“ დარბაზში  დაახლოებით 250-300 სტუმარი შეიკრიბა, თუმცა მათ შორის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი თავად ქვიარ თემის ოჯახის წევრების ხმამაღალი მხარდაჭერა იყო: „ჩვენ გამოვდივართ სოლიდარობისთვის!“ სწორედ ასეთი იქნება დღეს „ღირსების მარშზე“ გამოსული ადამიანების დევიზიც.