რას ითვალისწინებს ახალი კანონი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

ქრისტინე მუჯირი

გარემოზე მნიშვნელოვანი ზიანის მიმყენებელი პირი 2022 წლის 1 ივლისიდან ვალდებული იქნება, რომ აღადგინოს დაბინძურებული გარემო პირვანდელ ან პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ  მდგომარეობამდე.  ამას ითვალისწინებს ახალი კანონი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე მომზადდა. ახალი კანონი ეფუძნება პრინციპს – „დამაბინძურებელი იხდის“.

მიუხედავად პრინციპების დონეზე კანონის სწორი სულისკვეთებისა, მის აღსრულებასთან დაკავშირებით ისმის  მნიშვნელოვანი კითხვები. მთავარი საჭირბოროტო საკითხია – როგორ და რის საფუძველზე შეაფასებენ/განსაზღვრავენ მიყენებული ზიანის ხარისხს. შესაბამისი კრიტერიუმები განსაზღვრული უნდა იყოს სხვა თანმხლებ კანონებშიც, რომლებიც ამ დროისთვის ქვეყანას მიღებული არ აქვს, ხოლო „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონი ამ საკითხს მხოლოდ ფრაგმენტულად, შეიძლება ითქვას, ზედაპირულადაც კი, ეხება. შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ ზიანი ჯეროვნად ვერ შეფასდება, და ეს ბადებს შეკითხვას, რამდენად ქმედითი და ამომწურავი იქნება ახალი კანონი პრაქტიკაში.

 

რას ითვალისწინებს ახალი კანონი და ვისზე გავრცელდება? – ამ შეკითხვებით „პუბლიკამ“ გარემოსდაცვითი პოლიტიკის ექსპერტს, ხათუნა გოგალაძეს მიმართა. როგორც ექსპერტი ამბობს, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ქვეყანა ვალდებული იყო კანონმდებლობა ევროკავშირის დირექტივასთან შესაბამისობაში მოეყვანა.

ახალი კანონი ერთ მთავარ პრინციპზე დგას: პირმა, რომელმაც გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, უნდა აღადგინოს დაბინძურებული გარემო და მიიყვანოს ის პირვანდელ, დაბინძურებამდელ მდგომარეობამდე. იმ შემთხვევაში თუ პირვანდელი სახით აღდგენა ვერ ხერხდება, მან უნდა გაატაროს ღონისძიებები დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარედ ან სხვა ტერიტორიაზე, რითაც  გარემოს დაზიანების გამო დაკარგულ რესურსებსა თუ ეკოსისტემურ სერვისებზე წვდომის კომპენსაცია მოხდება.

ხათუნა გოგალაძის თქმით, აქამდე დამბინძურებელი პირი იხდიდა ჯარიმას და ფულად კომპენსაციას მიყენებული ზიანისთვის, რომელიც მიდიოდა სახელმწიფო ბიუჯეტში. არ არსებობდა ვალდებულება, რომ ის დაბინძურებული გარემოს აღდგენას მოხმარებოდა. ამ კანონით კი ჩნდება დაზიანებული გარემოს აღდგენის ვალდებულება, როგორც ეს ევროკავშირის ქვეყნებშია.

კანონი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ეხება გარემოს სამი კომპონენტისთვის – წყლის, ნიადაგისა და ბიომრავალფეროვნებისთვის – მიყენებულ ზიანს.

რას ნიშნავს „მნიშვნელოვანი ზიანი“ და როგორ განისაზღვრება, მნიშვნელოვნად დააზიანა თუ არა პირმა გარემო? – გოგალაძე აღნიშნავს, რომ კანონის მიღება თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა მიიჩნევს, რომ არსებობს რიგი საკითხები, რომლებიც ამ კანონის მიღებამდე უნდა დარეგულირებულიყო.

მისი თქმით, საყურადღებოა კანონით განსაზღვრული კრიტერიუმები, რითაც მნიშვნელოვანი ზიანის დადგენა მოხდება. თვალსაჩინოებისთვის, გოგალაძე ყურადღებას ამახვილებს წყლის ობიექტებისთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის განსაზღვრის კრიტერიუმებზე და ამბობს, რომ ამ მხრივ  ცვლილებები იქნება საჭირო. კერძოდ, როცა საუბარია წყლისთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის შესახებ,   ევროკავშირის „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ დირექტივა რეფერირებას აკეთებს  ევროკავშირის წყლის ჩარჩო-დირექტივაზე და ამ დირექტივით განსაზღვრული წყლის სტატუსის ცვლილებას მნიშვნელოვანი ზიანის ერთ-ერთ კრიტერიუმად განიხილავს.  

წყლის ჩარჩო-დირექტივის მიხედვით წყლის ეკოლოგიური სტატუსები დაყოფილია, როგორც – „ძალიან კარგი“, „კარგი“, „საშუალო“, „ცუდი“ და „ძალიან ცუდი“. თუ ზიანის გამო შეიცვალა წყლის ობიექტის სტატუსი და ის „ძალიან კარგიდან“ გახდა „კარგი“, ან „კარგიდან“ – „საშუალო“, და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ წყლისთვის მიყენებული ზიანი არის მნიშვნელოვანი.

საქართველოში მოქმედი წყლის კანონმდებლობა წყლის სტატუსებს არ ითვალისწინებს, ხოლო  ევროკავშირის წყლის ჩარჩო-დირექტივასთან შესაბამისობაში მყოფი კანონპროექტი წყლის შესახებ, ჯერ დამტკიცებული არ არის.  ამის გამო, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონში წყლისთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი შემდეგი კრიტერიუმებით განისაზღვრება:

ა) ზედაპირული წყლის ობიექტი დაიშრიტა (მდინარის შემთხვევაში, მდინარის კალაპოტი დაიშრიტა არანაკლებ 500 მეტრით);

ბ) ზედაპირული წყლის ობიექტში ჩაშვებულ ჩამდინარე წყალში დამაბინძურებელ ნივთიერებათა რაოდენობა ათჯერ ან მეტად აღემატება დადგენილ ნორმებს;

გ) წყლის ობიექტზე მავნე ზემოქმედებამ გაანადგურა თევზის რესურსი.

გოგალაძის აზრით, ეს არ არის სწორი კრიტერიუმები.

„წყლის ობიექტის მთლიანად  ან  მდინარის კალაპოტის 500 მეტრის მანძილზე დაშრობა არ არის გამართული კრიტერიუმი. 100 მეტრით რომ დაშრეს მდინარის კალაპოტი, ეს რატომ არ უნდა ჩაითვალოს მნიშვნელოვან ზიანად? ან ვთქვათ, ტბაში რომ განახევრდეს წყლის მოცულობა, რაც ვეღარ უზრუნველყოფს ამ ტბის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, ეს არ იქნება მნიშვნელოვანი ზიანი? არ არის ასეთი მიდგომა სწორი. არ არის აუცილებელი, რომ წყალი სრულიად დაშრეს, რომ ის მნიშვნელოვანი ზიანად იყოს მიჩნეული. თუ სტატუსი შეიცვალა, გაუარესდა, ეს უკვე მნიშვნელოვანი ზიანია“, – ამბობს ის.

მისივე აზრით, პასუხისმგებლობის კანონის ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად განხორციელებისათვის, აუცილებელია წყლის ახალი კანონპროექტის დროულად დამტკიცება და პასუხისმგებლობის კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

„თუ წყლის შესახებ კანონი დროულად  არ შევიდა ძალაში და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონში შესაბამისი ცვლილებები არ იქნა შეტანილი, წყლისთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის განსაზღვრა არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის დირექტივებთან“, – ამბობს ის.

მისი თქმით, მსგავსი პრობლემებია ბიომრავალფეროვნების ნაწილშიც და მნიშვნელოვანია, რომ დროულად დასრულდეს და დამტკიცდეს ევროკავშირის გარეული ფრინველებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების შესახებ დირექტივების მოთხოვნების შესაბამისად შემუშავებული კანონპროექტი ბიომრავალფეროვნების შესახებ.

ხათუნა გოგალაძე, რომელიც ჩართული იყო კანონპროექტის შემუშავებაში როგორც კონსულტანტი, აღნიშნავს, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო ცდილობდა, მნიშვნელოვანი ზიანის კრიტერიუმები ყოფილიყო რაც შეიძლება კონკრეტული, რათა მაქსიმალურად თავიდან აგვეცილებინა ინტერპრეტაციის საშუალება. თუმცა ეს შეუძლებელია, რადგან ზიანის მნიშვნელობის განსაზღვრისას, უნდა მოხდეს ძალიან ბევრი გარემოების გათვალისწინება (ადგილმდებარეობა, მასშტაბი, დაზიანების ხარისხი და სხვა).

 „არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს წინასწარ გაწერილი მათემატიკური ფორმულები იმის დასადგენად, კონკრეტულ შემთხვევაში ზიანი მნიშვნელოვანია თუ არა. ამის განსაზღვრა დამოკიდებულია ექსპერტულ შეფასებებზე კანონში გაწერილი კრიტერიუმებისა და  ბევრი სხვა გარემოების გათვალისწინებით“,  – ამბობს ხათუნა გოგალაძე. 

ექსპერტის თქმით, ასევე გაუგებარია, რატომ არ ვრცელდება კანონის მოქმედება შავ ზღვასა და წიაღისეულზე მიყენებული ზიანის შემთხვევებზე. ამ შემთხვევაში მხოლოდ ფულადი კომპენსაციის გადახდა ევალება დამბინძურებელს (პირველად მდგომარეობამდე გარემოს აღდგენის ღონისძიებების გარეშე).

გოგალაძის განმარტებით, წიაღზე მიყენებულ ზიანს საერთოდ არ ითვალისწინებს დირექტივა და არც ამ კანონს ევალებოდა ამ საკითხის დარეგულირება, რომ არა ერთი გარემოება – საქართველოს კანონმდებლობით მიწისქვეშა წყლები განეკუთვნება წიაღს.

 „თუ ამა თუ იმ საქმიანობის შედეგად ზიანი მიადგა მიწისქვეშა წყლებს, რომელსაც, შესაძლოა, მოსახლეობა პირადი მოხმარებისთვის იყენებდეს, ზიანის მიმყენებელმა პირმა, წესით, უნდა უზრუნველყოს ანალოგიური სერვისი მოსახლეობისთვის და არა მხოლოდ ფულადი კომპენსაციის გადახდა, როგორც ეს დღეს კანონითაა განსაზღვრული“, – ამბობს გოგალაძე.

ექსპერტის თქმით, ანალოგიურია შავი ზღვის დაბინძურების საკითხიც.

 „ვთქვათ, შავ ზღვაში მოხდა ნავთობის ჩაღვრა. კანონის მიხედვით, დამბინძურებელი მხოლოდ ფულად ანაზღაურებას იხდის და არ ევალება მისი პირვანდელ მდგომარეობამდე აღდგენა. შესაბამისად, ეს ტვირთი სახელმწიფოზე გადადის, რაც გაუგებარია, მით უმეტეს, რომ საკომპენსაციო თანხამ შესაძლებელია ვერ დაფაროს გარემოს აღდგენისთვის საჭირო ხარჯები. ამ შემთხვევაში, ჩნდება აღდგენითი  ღონისძიებების არგატარების რისკიც“, – ამბობს ხათუნა გოგალაძე.

ევროკავშირის დირექტივა და ეროვნული კანონიც ითვალისწინებს საკომპენსაციო ღონისძიებებსაც, ე.წ. შუალედური დანაკარგების ასანაზღაურებლად.  ექსპერტის თქმით, ეს ერთ-ერთი რთული საკითხი იქნება განსახორციელებლად.

„საკომპენსაციო ღონისძიებების მთელი აზრი ის არის, რომ დაზიანებული გარემოს სრულად აღდგენამდე, უნდა მოხდეს გარემოს დაზიანების გამო რესურსებისა თუ გარემოს მომსახურების დაკარგვით მიღებული ზიანის კომპენსაცია. ვთქვათ, კომპანიის საქმიანობის შედეგად განადგურდა საძოვარი, რომელსაც მოსახლეობა იყენებდა. საძოვრების პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენამდე, რასაც წლები დასჭირდება, ზიანის მიმყენებელმა უნდა უზრუნველყოს მოსახლეობისათვის ანალოგიური სერვისის მიწოდება (ვთქვათ საქონლის საკვებით უზრუნველყოფა, ან ალტერნატიულ საძოვარზე ხელმისაწვდომობა), რაც საკმაოდ რთული პროცესი იქნება და საინტერესოა, როგორ მოხდება ამ ნაწილის აღსრულება“, აღნიშნა ექსპერტმა.

ხათუნა გოგალაძის განცხადებით, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის პრინციპების აღსრულება საკმაოდ დიდ ადმინისტრაციულ რესურსს მოითხოვს. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის დირექტივა მხოლოდ მნიშვნელოვან ზიანს არეგულირებს, ხოლო ეროვნული კანონი სტანდარტულ ზიანსაც ფარავს, რაც ართულებს კანონის წაკითხვას. კანონი განსაზღვრავს საქმიანობებსაც, რომლებიც მიჩნეულია გარემოსათვის განსაკუთრებულად საშიშად. თუმცა ექსპერტი აღნიშნავს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ ამ საქმიანობების განხორციელებისას  გარემოზე მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შემთხვევაში.  შესაძლებელია, რომ სხვა საქმიანობამაც გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი, რაც ექსპერტთა განსჯის საგნად უნდა იქცეს.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ექსპერტმა ყურადღება გაამახვილა, ფინანსური უზრუნველყოფის საკითხია. კანონის მიხედვით, საქმიანობის განმახორციელებელ კომპანიას უნდა ჰქონდეს საბანკო გარანტია, ან დაზღვევა, რაც უზრუნველყოფს ზიანის შემთხვევაში დაზიანებული გარემოს აღდგენისთვის საჭირო ღონისძიებების ხარჯების დაფარვას. გოგალაძის თქმით, ეს კანონის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია და კერძო სექტორი ამისთვის უნდა მოემზადოს. მისივე აზრით,  გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის აღსრულება არ იქნება მარტივი და მნიშვნელოვანი ძალისხმევაა საჭირო.

„კანონის აღსრულებისთვის საჭიროა საკმაოდ სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება როგორც მის აღსრულებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების, ასევე კერძო სექტორის მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონი უბრალოდ არ იმუშავებს, რაც არ უნდა მოხდეს, რადგან აღნიშნული საკანონმდებლო აქტი ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია გარემოს მდგომარეობის შენარჩუნებისა და აღდგენისთვის“, – აღნიშნა ექსპერტმა.

„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის მიხედვით:

  • გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხის შესახებ ან მნიშვნელოვანი ზიანის შესახებ შეუტყობინებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 0000-დან 10 000 ლარამდე.
  • დაზიანებული გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენის ან პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
  • გარემოსთვის ზიანის მიყენების პრევენციისთვის/შერბილებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განუხორციელებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარიდან 20 000 ლარამდე.
  • ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან/და შესარბილებლად აუცილებელი ღონისძიებების განუხორციელებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარიდან 40 000 ლარამდე.
  • გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიების განუხორციელებლობა გამოიწვევს ამ პირის დაჯარიმებას 40 000 ლარიდან 80 000 ლარამდე.
  • გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის გარეშე განხორციელება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.