როგორ მოვიქცეთ თუ ჩვენი ახლობელი დამოკიდებულია ► ფემისტრიმი

პუბლიკა

„ფემინსტრიმი“ წარმოგიდგენთ პოდკასტების სერიას, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის – „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საქართველოში“ – ფარგლებში ხორციელდება, ქალთა ფონდის მიერ საქართველოში. „ფემინსტრიმის“ მედიაპარტნიორია Publika.ge

 

ავტორი: ირა სილანტევა 

დამოკიდებულება მხოლოდ ფიზიკური მდგომარეობა არ არის, რომელსაც სხეულიდან წამლებით გამოდევნი და ის დასრულდება.

ჩემი გამოცდილებით, ის უფრო მექანიზმია, რომელსაც ადამიანი სხვადასხვა სიატუაციაში თავდაცვისთვის იყენებს, მაგრამ ზოგჯერ თავდაცვაც შეიძლება თვითდესტრუქციაში გადავიდეს. სწორედ ამ ზღვრის მოშლაა დამოკიდებულება და იქიდან უკან მობრუნება ალბათ ყველაზე რთული რამ არის, რაც შეიძლება ადამიანმა გამოიაროს, თუმცა ეს შესაძლებელია.

რამდენიმე დღის წინ ჩემმა მეგობარმა საუბრისას მითხრა რომ შეგრძნების დონეზე ეგონა  რომ დამკარგა. აი, ასე უბრალოდ თვალსა და ხელს შუა დაგკარგეთ. თითქოს შენ შენ აღარ იყავი, სხვა ადამიანი იყო, რომელთანაც ურთიერთობა აღარ შემეძლოო.

პირველად დავფიქრდი იმაზე, თუ რას გადიან ადიქციის მქონე ადამიანების ახლობლები.

წარმოუდგენლად რთულია უყურებდე როგორ იცვლება შენთვის ძვირფასი ადამიანი, როგორ იღვიძებს მასში ნეგატიური თვისებები, როგორ თვითდესტრუქციაშია და თავის გარშემოც დესტრუქცია შემოაქვს და ანგრევს ყველაფერს.

ადიქცია არ არის მხოლოდ ორგანიზმის გარკვეული მდგომარეობა, რომელიც რამდენიმე დღეში დეტოქსის შემდგომ გამოსწორდება. არა. ადიქცია სრულიად ცვლის ადამიანის პიროვნებას,  მის არსს და ერთ დროს ჩვენთვის ძალიან საყვარელი ადამიანები აბსოლუტურად უცხო პიროვნებებად იქცევიან, რომელთანაც საერთო აღარაფერი გვაქვს.

პრობლემა გაცილებით ადრე იწყება, იმდენად რომ შესაძლოა ვერც კი შევამჩნიოთ, თუმცა ხილული მას შემდეგ ხდება, როდესაც სხვადასხვა ნივთიერებები ჩვენს ყოველდღიურობას იკავებენ. როცა ადამიანი უფრო მეტ დროს ატარებს არაფხიზელ მდგომარეობაში, როცა ყოველდღიური საქმიანობები ამ მდგომარეობის ნაწილი ხდება, მაგრამ ამის აღიარება არ გვსურს. ვიგონებთ სხვადასხვა გამამართლებელ არგუმენტებს, რომ ეს დროებითია, რომ აი ორშაბათიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებთ, ან შესაძლოა, რაღაც პერიოდი ფხიზლადაც გავატაროთ, მაგრამ პრობლემის არსი ამით არ იცვლება და სიფხიზლეს აუცილებლად მოჰყვება სიმთვრალე.  ნელ-ნელა სიმთვრალე ჩაანაცვლებს სიფხიზლის მონაკვეთებსაც და საბოლოო ჯამში, ეს ყოველდღიურობად იქცევა.

იქცევა იმდენად, რომ სხვა საქმეები სადაც აუცილებელია სიფხიზლე, შემაწუხებელი გახდება. ადამიანებიც შემაწუხებლები გახდებიან, რომლებიც ამას ითხოვენ ჩვენგან. ნელ-ნელა მეხსიერებისა და კოგნიტური უნარების დაქვეითებაც შესამჩნევი გახდება. რაღაც მომენტში მიხვდები, რომ ძალიან დიდ მორევში ხარ, საიდანაც ამოსვლას ვეღარ ახერხებ ან არც გინდა, რადგან რეალობას დამახინჯებულად აღიქვამ, არაფხიზელის ლუპიდან, საიდანაც ყველა და ყველაფერი პრობლემაა, შენი მოხმარების გარდა.

სწორედ აღიარება არის ის გარდამტეხი ეტაპი, საიდანაც შესაძლოა დაიწყოს გამოჯანმრთელება. გამოჯანმრთელებას იმიტომ ვამბობ, რომ დამოკიდებულება არის თავის ტვინის პროგრესირებადი დაავადება, რომელსაც სჭირდება ხანგრძლივი და მეთოდური ინტერვენცია, დაწყებული სპეციალიზირებული დეტოქსის პროგრამით, დამთავრებული ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ნარკოლოგის და სოციალური მუშაკის ჩარევით.

► პირველი ეტაპი – უარყოფა. ამ დროს ადამიანი როგორც წესი უარყოფს პრობლემას. ჰგონია რომ მისი არავის ესმის და ყველა ზედმეტად კრიტიკულად არის განწყობილი მის მიმართ. ცდილობს მოერიდოს ადამიანებს, რომლებიც პრობლემაზე უმახვილებენ ყურადღებას. შესაძლოა, აგრესიულიც კი გახდეს ამ ადამიანების მიმართ. ძირითადად, ეს არიან ახლო ადამიანები. გარეშე თვალისთვის სიტუაციას იმდაგვარად წარმოაჩენენ, თითქოს მას ერჩიან და ა.შ. აქ მნიშვნელოვანია ახლობლებმა გააცნობიერონ, რომ ამ დაავადების სიმპტომთან აქვთ საქმე და არა თვითონ ადამიანთან. ეს არ  გულისხმობს პრობლემაზე თვალის დახუჭვას, არამედ პრობლემაზე საუბართან ერთად აუცილებელია გამოსავლების ძიება და მათი შეთავაზება.

ჩვენს რეალობაში ეს გამოსავლები ძალიან ძვირი სიამოვნებაა და არც საყოველთაო დაზღვევა ფარავს ამ ხარჯებს. ამიტომ, აუცილებელია ალტერნატიული რესურსების მოძიება. ეს შესაძლოა იყოს როგორც ფინანსური, ასევე თუნდაც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ბაზაზე არსებული ჯგუფური თერაპიები თუ სხვა სერვისები, რომლებიც ფინანსების არარსებობის შემთხვევაში ძალიან დაეხმარება ადამიანს. უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს უფასოდ ჯგუფური შეხვედრები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი რესურსია.

► ეტაპი მეორე – აღიარება. აღიარება ალბათ გარდამტეხი ეტაპია, როდესაც ადამიანი აღიარებს, რომ აქვს პრობლემა და მზად არის მას შეებრძოლოს. უნდა გვახსოვდეს რომ აღიარება  ძალიან დიდ სირცხვილთან არის დაკავშირებული. ამ დროს საკუთარი არსებობის გრცხვენია. თუმცა ამ ეტაპის გარეშე პროცესი ვერ დაიწყება. ამ დროს კრიტიკულად მნიშვნელოვანია მხარდამჭერი გარემოს არსებობა. ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ არ არის მარტო ამ პროცესში. მეგობრებმა და ახლობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ადამიანს შესაძლოა, გამოჯანმრთელების არაერთი მცდელობა ჰქონდეს და ბევრჯერ კრახიც განიცადოს. ყოველი ასეთი კრახი უფრო და უფრო ამძიმებს მდგომარეობას.

ასეთ დროს ხშირად ადამიანი კარგავს ყველას და ყველაფერს, მათ შორის ოჯახს, მეგობრებს, სამსახურს, ფინანსებს. როგორც წესი, ამ დროს ადამიანს იმდენად ცუდად აქვს საქმე ფინანსურად, რომ თვითონ გაუჭირდება მკურნალობის დაფარვა. ნორმალურ ქვეყანაში რომ გვეცხოვრა, აქ გირჩევდით ახლომდებარე კლინიკაში მისვლას და დახმარების თხოვნას და ჯანდაცვის მუშაკები თავისით მიხედავდნენ საქმეს, კერძოდ კი გადაიყვანდნენ ადამიანს ნარკოლოგიურ კლინიკაში, სადაც ის გაივლიდა დეტოქსის კურსს. შემდგომ კი მეთვალყურე ექიმის შეფასების მერე ან სპეციალიზირებულ დაწესებულებაში განაგრძობდა რესოციალიზაციისა და ფსიქო რეაბილიტაციას, ან დღის ცენტრში გადამისამართდებოდა.

თუმცა ჩვენ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც სახელმწიფო საერთოდ არ აღიარებს პრობლემას იმდენად, რომ არათუ მხოლოდ იკვებება მოხმარებასთან არსებული სტიგმით, არამედ ამას პოლიტიკური მიზენებისთვისაც იყენებს. კერძოდ კი, ე.წ. ნარკომანობა პოლიტიკოსებისა და სახელმწიფო მოხელეების მხრიდან, გამოიყენება ოპონენტების დისკრედიტაციისთვის. ამიტომ, ახლობლებს და მეგობრებს მკურნალობის თანხების  ფინანსების მოძიება თქვენით  მოგიწევთ.

► ეტაპი მესამე – მხარდაჭერა. ახლობლებმა უნდა იცოდეთ, რომ მხარდაჭერა მხოლოდ ფინანსური არ არის.  დეტოქსის შემდგომ უფრო რთული პერიოდი იწყება ადამიანის ცხოვრებაში. ამ დროს შესაძლოა დეპრესიამ იჩინოს თავი, ან უმეტეს შემთხვევებში არსებული დეპრესია დამძიმდეს. ამ დროს ყველაფერი გარშემო შესაძლოა ტრიგერი აღმოჩნდეს და რეციდივი გამოიწვიოს. კარგი იქნება თუკი ამ დროს ადამიანი მარტო არ დარჩება და მის სიახლოვეს იქნებით განსჯის გარეშე. როდესაც ვამბობ გვერდში დგომას, აქ არ ვგულისხმობ ვალდებულებას. იქიდან გამომდინარე, რომ მთელი ამ პროცესის თანამონაწილეობა ძალიან რთულია, ეს უნდა იყოს ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება და იმ ფარგლებში, რამდენის საშუალებსაც თქვენი ფსიქოლოგიური თუ ემოციური მდგომარეობა გაძლევთ. აუცილებლად უნდა დასვათ მკაფიო საზღვრები თქვენსა და დამოკიდებულს შორის, რომ თქვენ თვითონაც არ დაზიანდეთ ამ პროცესში.

► სივრცეები. აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ საერთო სივრცეებში, სადაც ეს ადამიანი მოხვდება არ უნდა იყოს ფსიქოაქტიური ნივთიერებები. არ აქვს მნიშვნელობა, რაზეა ადამიანი დამოკიდებული, მოსაწევი, ალკოჰოლი თუ სხვა ნივთიერებები. თუკი ადამიანი მართლა მნიშვნელოვანია, თქვენც მოგიწევთ მასთან ყოფნის განმავლობაში სხვადასხვა ნივთიერებებზე უარის თქმა. თუკი ეს არ შეგიძლიათ, შესაძლოა, თქვენც დამოკიდებულების პრობლემა გაქვთ ან ამ პრობლემის დასაწყისში ხართ.

მომხმარებელი ქალების შემთხვევაში საქმე გაცილებით უფრო რთულად არის საქმე.  ქალის მიმართ კულტურა და საზოგადოება გაცილებით უფრო მომთხოვნია ვიდრე კაცის მიმართ. ქალებს გაცილებით უფრო მეტი მოეთხოვებათ და საზოგადოება მათ ნაკლებად პატიობთ დამოკიდებულებას.  თუკი კაცების შემთხვევაში ოჯახი ხშირად მხარდამჭერად იქცევა, ქალების შემთხვევაში თვითონ ოჯახიც სტიგმის მსხვერპლად იქცევა, რადგან ქალი განიხილება, როგორც „დოვლათი“, რომელიც ოჯახიდან უნდა წავიდეს და ამ დოვლათის „ხარისხზე“  ოჯახი, ან უფრო სწორად ამავე ოჯახის სხვა ქალია პასუხისმგებელი. შესაბამისად, გაცილებით უფრო დიდ წნეხთან უწევთ გამკლავება დამოკიდებულების მქონე ქალის ოჯახს ვიდრე კაცისას.

აქ გასათვალისწინებელია ის რომ რაც უფრო მეტი ჩაგვრის ნიშანი აქვს ადამიანს მით უფრო მოწყვლადი ხდება იგი სხვადასხვა ნივთიერებების მოხმარებისადმი. შესაბამისად, ლბტ ქალებისა ან თუნდაც შშმ ქალების შემთხვევაში ის წნეხი და სირცხვილი რაც მოსდევს დამოკიდებულების ქონას, ასმაგდება, რაც ძალიან დიდი ხელის შემშლელი ფაქტორია პრობლემის აღიარებასა და მკურნალობაში.  შშმ ქალების ხელმისაწვდომობა საჯარო სივრცეებთან, ჯანდაცვის სერვისებთან, თავისუფლად გადაადგილებასთან, არაადაპტირებული გარემოს გამო შეზღუდულია, რაც დამატებითი ჩაგვრის წყარო ხდება გენდერზე დაფუძნებულ ჩაგვრასთან ერთად.

თავის მხრივ, ლბტ ქალებს ჰომოფობიური გარემოს გამო ისედაც არ ჰყავთ მხარდამჭერი ოჯახი, რომელიც ასეთ სიტუაციებში ფინანსურად და ემოციურად გვერდში დაუდგება. ჩაგვრის სისტემურობა მათ იმდაგვარ პოზიციაში აყენებს, რომ შეუძლებელია ხელი მიუწვდებოდეთ სარეაბილიტაციო ცენტრებზე. ლბტ ქალების შემთხვევაში ძირითადი მხარდამჭერი, როგორც წესი, თემია, რომელიც ხშირად ოჯახის ფუნქციასაც ასრულებს. თუმცაღა, არსებული ჩაგვრების მიმართ თემის მოწყვლადობა მხარდაჭერის ხარისხზე მოქმედებს. რა თქმა უნდა, არსებობენ გამონაკლისი შემთხვევებიც, თუმცა აქ ძირითად ტენდენციებზე ვსაუბრობ.

გამოსავალზე ფიქრისას იდეალურ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა აღიაროს არსებული პრობლემა და ადამიანზე მორგებული ნარკოპოლიტიკა გაატაროს, რაც გულისხმობს არა მხოლოდ დეკრიმინალიზაციას, არამედ ყველასათვის ხელმისაწვდომი სარეაბილიტაციო ცენტრებისა და პროგრამების  შექმნას. თუმცა, დღეს არსებულ სისტემაში, სადაც ადამიანებს ისედაც უამრავი ბარიერის გადალახვა უწევთ ყოველდღიური არსებობისთვის, სადაც ყველა ენერგია მიმართულია რომ ადამიანები გადარჩნენ,  სრულიად წარმოუდგენელი სითავხედე და არსებული რეალობის სიბრმავეა დღეს წამყვანი პოლიტიკური ძალების მხრიდან დემოკრატიასა და თავისუფლებაზე საუბარი. იმ თავისუფლებაზე, რომელიც როგორც წესი სახელმწიფოს ჰუმანური პოლიტიკისგან თავისუფლებას უფრო გულისხმობს, ვიდრე ღირებულებაზე, რომელზეც ყველას მიუწვდება ხელი.

ორგანიზაციები სადაც შეგიძლიათ ჯგუფურ შეხვედრებზე იაროთ: „გამოსავალი“ „კამარა.“