როგორ ვიმოგზაუროთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გეოლოკაციის გამოყენებით

ფასიანი განთავსება

UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების მე-11 გლობალური კვირეულის ფარგლებში, მედიის განვითარების ფონდი (MDF) ყოველწლიურ მედიაწიგნიერების ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიება მედიითა და ინფორმაციული წიგნიერებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს  თემატურ სემინარებს სთავაზობს.

ერთ-ერთი ასეთი სემინარი გეოლოკაციაზე საუბარს დაეთმო, უფრო კონკრეტულად კი ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ იმოგზაურონ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გეოლოკაციის გამოყენებით.

„ფაქტების გადამოწმებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი მკვლევრებისთვის გეოლოკაციაა“, – ამბობს მაიკო რატიანი, მითების დეტექტორის მკვლევარი და განმარტავს, რომ გეოლოკაციის დასადგენ უფასო ინსტრუმენტებად შესაძლოა გამოყენებული იყოს google maps და Google Earth Pro. ეს ინსტუმენტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საქმე ოკუპირებულ რეგიონებს ეხება, რადგან მკვლევრებს ადგილზე ჩასვლისა და მონიტორინგის შესაძლებლობა არ აქვთ.

„ამ ინსტრუმენტის გამოყენებით შესაძლებელია დავადგინოთ თუ როგორ შეიცვალა ისტორიული ძეგლები ომის შემდგომ, ჩვენ ხშირად ვხედავთ ხოლმე ისტორიული ძეგლების მთლიანად განადგურებას, ან მათთვის იერსახის რდიკალურად შეცვლას. არამხოლოდ ისტორიული ძეგლები, ოკუპაცია ცვლის დასახლებებსაც, სატელიტის ფოტოების დახმარებით ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთი სოფელი საერთოდ გაქრა რუკიდან.“

ამის საილუსტრაციოდ სემინარზე განიხილეს სოფელი ძარწემის მაგალითი. სატელიტით გადაღებულ ფოტოებზე წლების მიხედვით ჩანს თუ როგორ ჩამოიშალა და განადგურდა სოფლის სახლები, დღეს კი სოფელი აღარ არსებობს. აქვე განიხილეს ცხინვალის რეგიონში მდებარე სხვადასხვა ტაძარი, მათ შორის ძელიცხოველის ტაძარი. რომელთან ახლოსაც რუსული სამხედრო ბაზა აშენდა, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანი საფრთხეა ამ ისტორიული ძეგლისთვის.

„როგორ ვამოწმებთ ამ კონკრეტული ძეგლების იერსახეს? Google Earth Pro -ს აქვს სპეციალური ფუნქცია, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია სატელიტიდან გადაღებული გამოსახულებები დავინახოთ წლების განმავლობაში, მაგალითად როგორ გამოიყურებოდა კონკრეტული ძეგლი 1, 2 ან 5 წლის წინ, ამგვარად მარტივად ვხედავთ ცვლილებას.

ზოგჯერ ეს არის დამატებითი ინსტრუმენტი, ზოგჯერ კი აქვს ბევრად მეტი მნიშვნელობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადგილზე ჩასვლა ვერ ხერხდება. ჩვენთვის, მკვლევრებისთვის ეს არის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ერთ-ერთი ინსტრუმენტიც, როდესაც ინფორმაციის გადამოწმება ხდება.“

„საქართველოს ლურჯი ფარის“ ეროვნული კომიტეტის პროექტების კოორდინატორმა, თამრო სოფრომაძემ, სემინარზე ისაუბრა ხელოვნებათმცოდნეებისთვის გეოლოკაციის მეშვეობით ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მონიტორინგის მნიშვნელობაზე.

მისი განმარტებით, ციფრული ტექნოლოგიები მკვლევრებს ეხმარებათ ერთი მხრივ იცოდნენ თუ რა ხდება ამჟამად კონკრეტულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, ასევე განსაზღვრონ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან დაკავშირებული საფრთხე და შესაბამისად თადარიგი დაიჭირონ ინფორმაციის მყისიერად გავრცელებით.

ორგანიზაცია საერთაშორისო „ლურჯი ფარის“ ეროვნულ კომიტეტს წარმოადგენს, რომლის მისიაც არის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კრიზისების დროს, იქნება ეს ბუნებრივი კატასტროფები თუ საომარი მოქმედებები. მისი თქმით, ამ პროცესში ინფორმაციის გავრცელებაც ძალიან მნიშვნელოვანია: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საფრთხის შესახებ ხმამაღლა საუბარი, საერთაშორისო საზოგადოებებისა და ორგანიზაციების ყურადღების მიპყრობა.

„გეოლოკაციის გამოყენებით ყველაზე მარტივ დონეზე, პირველ რიგში, შეგვიძლია დავინახოთ ადგილზე არის თუ არა ეს ძეგლი, როგორ მდგომარეობაშია, მაგალითად სახურავის გადაკეთება ყველაზე მარტივად ჩანს-ხოლმე, ასევე შეგვიძლია დავათვალიეროთ სივრცე, რა ხდება ირგვლივ. მაგალითად როცა საქმე ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, სადაც მთლიანი სოფლები განადგურდა, შეიქმნა სამხედრო ბაზები, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი გაფრთხილებაა, იმიტომ რომ სამხედრო ბაზის სიახლოვე საფრთხის შემცველია ძეგლისთვის, არაა გამორიცხული რომ ამან ძეგლს შეუქმნას სერიოზული პრობლემები მომავალში.“

თამრო სოფრომაძეს მაგალითად ივანე მაჩაბლის სახელობის სახლ-მუზეუმი მოაქვს, რომელიც თამარაშენში მდებარეობს. მუზეუმი ომამდე ჩვეულებრივ ფუნქციონირებდა, დღეს კი სატელიტურ ფოტოებზე დაკვირვებით ნათლად ჩანს, რომ მუზეუმი დაზიანებულია, დაზიანების დონე გაიზარდა დროთა განმავლობაში, ჯერ სახურავი ჩამოიშალა, ამჟამად ჩანს, რომ სამხრეთ ფლიგელი მთლიანად იშლება. იგივე დაემართა ირგვლივ საცხოვრებელ სახლებსაც. რაც მისი განმარტებით, წარმოადგენს ოკუპანტების მხრიდან დანაშაულს კულტურული მემკვიდრეობის წინაშე.

ივანე მაჩაბლის სახელობის სახლ-მუზეუმი, თამარაშენი

მას კიდევ ერთ მაგალითად მოჰყავს ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ილორის ტაძარი, რომელსაც, მისი თქმით, 2010 წელს გარეგნული იერსახე მთლიანად შეუცვალეს, გადაღებეს, შეუცვალეს გუმბათი და მე-11 საუკუნის ძეგლი რუსულ ეკლესიას დაამსგავსეს. მისივე თქმით, სატელიტის ფოტოებზე აღბეჭდილია ფაქტობრივი მტკიცებულება თუ როგორ ხდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უკანონო რესტავრაცია, რაც დანაშაულია.

ილორის ტაძარი რუსული გუმბათის დადგმამდე

ილორის ტაძარი რუსული გუმბათის დადგმის შემდეგ

 „ეს არის დანაშაული, რადგან საომარი მოქმედებების დროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება აკრძალულია, დაუშვებელია. ამ ყველაფრის მონიტორინგი ჩვენთვის მნიშვნელოვანი საშუალებაა, ერთგვარი საბუთია ამ დანაშაულისა. ეს ფაქტობრივი მონაცემები საშუალებას გვაძლევს პირველ რიგში გადავამოწმოთ და შემდეგ საზოგადოებასაც გავაგებინოთ.“

ტრენერები თანხმდებიან, რომ აღნიშნული ინსტრუმენტი მნიშვნელოვანი წყაროა როგორც მკვლევრებისთვის, ასევე დაინტერესებული მოქალაქეებისთვისაც, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ობიექტებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიებასა და გადამოწმებაში დაეხმარება.