უსიამოვნო ფრაზები, რომლებიც სექსის დროს უთქვამთ

პუბლიკა

ხანდახან არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ ან რა ვთქვათ, ამიტომ სექსის შესახებ საუბრები შეიძლება ძალიან სწრაფად არასწორი მიმართულებით შეიცვალოს და უსიამოვნო სახე მიიღოს. სტატიაში სწორედ ეს ცუდი მაგალითებია თავმოყრილი.

კარგ შემთხვევაში, ასეთი ამბები უნებლიედ სასაცილო ან უცნაურ ისტორიად იქცევა, რომლის დროდადრო გახსენებაც კი ღირს. თუმცა დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვები, შესაძლოა, სამუდამოდ  უსიამოვნო მოგონებად დარჩეს.

VICE-მა თავის მკითხველს მიმართა შეკითხვით – რა იყო ყველაზე უსიამოვნო ფრაზა, რომელიც მათთვის სექსის დროს უთქვამთ:

„მოგწონს, როცა გტკენ, არა?“

ერთ ქალს ვხვდებოდი, მთელი თვის განმავლობაში კარგი და ჯანსაღი სექსუალური ურთიერთობა გვქონდა. საღამო კარგად მიდიოდა, სანამ სახეში არ გამილაწუნა, თან მოულოდნელად, და ეს სიტყვები მითხრა.

სრულიად შოკირებული ვიყავი და ახლაც არ ვიცი ამ შოკის მიზეზი – სილა იყო თუ კომენტარი. არასოდეს მითქვამს, რომ ტკივილი მომწონს. მან ეს თავად დაასკვნა და ჩემი თანხმობის გარეშე ასეთ ზომებს მიმართა. სათუთი ურთიერთობა გვქონდა და თავს ვაჯერებდი, რომ ეს იმპულსურად გააკეთა. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ გაიმეორა. ამის გამო დავშორდი. ეს აშკარად ახალი მიდრეკილების დასაწყისი იყო, რომელიც მე არ მომწონდა.

რამდენიმე წლის შემდეგ ერთ გოგოსთან ვზასაობდი, როდესაც ცხვირზე ფუფხის აძრობა დამიწყო და თან სწორედ ჩემი ყოფილის სიტყვები გაიმეორა. არადა, მანამდე ვილაპარაკეთ ტკივილსა და სიამოვნებაზე და ვუთხარი, რომ სექსის დროს კაწვრა არ მომწონდა. ამას აღარ ველოდი. ნატკენის კაწვრა გააგრძელა.

მატიასი, 37 წლის

„უფრო მაგრად, მამიკო!“

რამდენიმე წლის წინ ფესტივალზე ერთ გოგოს შევხვდი, რომელმაც მაშინვე მითხრა, რომ მოვეწონე. მთვრალი ვიყავი და ყურადღება მესიამოვნა, თან გარეგნულად მეც მომეწონა. დაახლოებით 15 წუთი ვილაპარაკეთ, მერე  მკითხა სახლში ხომ არ გამომყვებიო.

გვიანი იყო, როცა მის სახლში წავედით. მოვლენები სწრაფად განვითარდა. როდესაც ჩემს მაქსიმუმს ვცდილობდი, რაღაც ჩაილაპარაკა და ვერ გავიგონე. არ მინდოდა ჩემი დუმილით უხერხულობა შემექმნა, ამიტომ ამოვილუღლუღე – „ჰა?“ და გავიგონე, როგორ მითხრა „უფრო ძლიერად, მამიკო!“. თავი მაშინვე უხერხულად ვიგრძენი და საქმეს ვეღარ ვაგრძელებდი. ამიტომ დავიძინეთ. დილით ნომრები მაინც გავცვალეთ, რამდენიმე დღის შემდეგ ყავის დასალევად შევხვდით. ის ინციდენტი არცერთს არ გვიხსენებია და მას შემდეგ ერთმანეთიც აღარ გვინახავს.

იდრისი, 27 წლის

„…“

ჩემი ყოფილი სექსის დროს ყოველთვის ჩუმად იყო. ეს ისე მთრგუნავდა, ვერასდროს ვხვდებოდი მოსწონდა თუ არა ის, რასაც ვაკეთებდით. ზოგიერთი ადამიანი საწოლში ჩუმია, მაგრამ ის სრულიად დადუმებული იყო. არც ლაპარაკი, არც კვნესა, არც სიცილი. ვეცადე ამაზე დავლაპარაკებოდი, მაგრამ შეურაცხყოფად მიიღო, მეც გავუგე. გავაცნობიერეთ, რომ ორივე ვიმსახურებდით ვინმე ისეთს, ვისთანაც თავს ნამდვილად კარგად ვიგრძნობდით.

ტიმი, 29 წლის

„ამბობ, რომ ანალური სექსი არ მოგწონს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აზრს შეგაცვლევინებ“

გასულ ზაფხულს ჩემზე ბევრად ახალგაზრდა ბიჭს ვხვდებოდი. კვირაში რამდენიმეჯერ ვხვდებოდით სავახშმოდ, ღვინის დასალევად და საწოლში დროის გასატარებლად. სექსი ძალიან კარგი გვქონდა, ძალიან ღია: ვუყურებდით პორნოს, როლურ თამაშებს ვთამაშობდით, ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენს ფანტაზიებსა და წარსულ გამოცდილებას. სექსის გარდა, საერთო ბევრი არაფერი გვქონია, თუმცა საწოლში კომუნიკაცია ძალიან კარგად გამოგვდიოდა. ან უბრალოდ ასე მეგონა. ერთ დღეს მკითხა, დარწმუნებული ვიყავი თუ არა, რომ არ მინდოდა ანალური სექსი. ამ შეკითხვამდე ცოტა ხნით ადრე ეს საკითხი უკვე განხილული გვქონდა. ვუთხარი, რომ ადრე რამდენიმეჯერ ვცადე და კიდევ ერთხელ ცდა აღარ მინდოდა, რადგან საჩემო არ იყო. იმედგაცრუებული დარჩა, მაგრამ ეტყობოდა, რომ ჩემს არჩევანს პატივს სცემდა.

საღამოს, იმ ლაპარაკის შემდეგ გავაცნობიერე, რომ მას გარკვეული აზრი ჩამოუყალიბდა. აღმოაჩინა, რომ რაღაც-რაღაცებზე უარს ვამბობ და თავი დააჯერა, რომ შეეძლო, ჩემთვის აზრი შეეცვალა. მითხრა, რომ მასთან სხვანაირად იქნებოდა, ასევე მისი თქმით, როდესაც ვთქვი „არა“, სინამდვილეში ვიგულისხმე „კი“.

ალბათ, მას თავი სუპერ ტრანსგრესიული და სექსუალური ეგონა, თუმცა რეალურ ცხოვრებაში სხვებისთვის მსგავსი ფრაზების თქმის უფლება არავის  აქვს. შეიძლება უნდოდა, რომ საკუთარი თავისთვის რაღაც დაემტკიცებინა, დომინანტი კაცის როლი ეთამაშა, რათა ჩვენ შორის ასაკისა და გამოცდილების სხვაობა შეევსო. ერთი კვირის შემდეგ შეხვედრები შევწყვიტეთ.

სოფია, 34 წლის

„პატარა გოგოს ტანი გაქვს… თითქოს სექსი არასრულწლოვანთან მაქვს, ოღონდ კანონიერად“

ბიჭი, რომელმაც ეს სიტყვები მითხრა ჩემი პირველი ნამდვილი შეყვარებული იყო და წლების განმავლობაში ერთად ვიყავით. ასეთ ფრაზებს ხშირად მეუბნებოდა, რამაც თავისი როლი ითამაშა ჩემი ანორექსიის ჩამოყალიბებაში. ასეთ რემარკებში (გარდა იმისა, რომ ის აშკარად პედოფილურია) ყველაზე შემაშფოთებელი ის იყო, რომ კომპლიმენტად ვიღებდი. სრულიად მოჯადოებული ვყავდი. ძალიან მინდოდა, რომ ვყვარებოდი.

ჩვენი ურთიერთობა ტოქსიკური იყო. ერთ დღეს მითხრა, მომწონს, რომ სექსუალურად გამოუცდელი ხარ, რადგან შემიძლია „ისეთ ყალიბში მოგაქციო, როგორშიც მომინდებაო“. მაშინ ამ ნათქვამით გამოწვეულ გაოგნებაზე ძლიერი მისი დაკარგვის შიში აღმოჩნდა – ვერაფერი ვუთხარი.

15 წელი დამჭირდა, რომ გამეაზრებინა, რამდენად ღრმა კვალი დატოვა ამ ურთიერთობამ ჩემზე. ჩემი თვითშეფასება განადგურებული იყო. მან ჩემი სექსუალობაც დიდი ხნის განმავლობაში განსაზღვრა: მხოლოდ იმაზე ვიყავი კონცენტრირებული, ჩემგან რას მოელოდა, როგორ მიმენიჭებინა მისთვის სიამოვნება. მუდმივად მის ფანტაზიებზე უნდა მეზრუნა.

ახლა დაქორწინებულია და ორი შვილი ჰყავს. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მივწერო და ყველაფერი ვუთხრა – შედეგებსა და ტრავმებზე. ამ ყველაფრის ტარება მარტოს აღარ შემიძლია.

ეისლინი, 35 წლის

„წადი, მომწყინდა“

აღიარება: მართლა ასე ვუთხარი. ის ბიჭი „გრაინდერზე“ მაშინ გავიცანი, როცა ლონდონში ვსწავლობდი. ჩემთან დავპატიჟე. ძალიან სიმპათიური იყო – ჩემზე უკეთ გამოიყურებოდა. ამან თავი ცოტა უხერხულად მაგრძნობინა. როცა გავიხადეთ, დაკუნთული ტანი ჰქონდა, ანტიკურ ქანდაკებასავით იყო. მთელი ის დრო იმაზე ვშფოთავდი, თუ რას ფიქრობდა ჩემზე: 22 წლის ვიყავი, თავი ცივი პიცით გამქონდა და მიმაჩნდა, რომ მახინჯი ვიყავი.

რაღაც მომენტში თეძოებზე შემომხვია ხელები. შემთხვევით თითი ჩემს ყველაზე დიდ კომპლექსზე მოუხვდა. ეს სექსუალური უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვიგრძენი, როგორ მიმძაფრდებოდა შფოთვა. ჩემს თავში მხოლოდ ერთი აზრი მწიფდებოდა – მის თვალში სირი ვიყავი. ამიტომ ვთქვი ის, რაც ვთქვი. თავზარი დაეცა და წავიდა, თუმცა მანამდე ჩემს უკიდეგანო უზრდელობაზე მიმითითა.

ერთდროულად გაოცებულიც ვიყავი და მოხიბლულიც იმით, თუ როგორი ცივი შემეძლო ვყოფილიყავი. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასე მოქცევას შევძლებდი. ტრავმირებული დავრჩი. იმაზე გაცილებით მეტად იმოქმედა, ვიდრე ოდესმე სხვების მიერ ნათქვამმა სიტყვებმა.