არტისტის თქმით, თეატრალურმა უნივერსიტეტმა ორგანიზატორს ნამუშევარი გამოფენიდან მოახსნევინა

პუბლიკა

არტისტი, რომელიც ანდრო დადიანის ფსევდონიმინით არის ცნობილი, აცხადებს, რომ თავისი ნამუშევარი „შე ყლეო“ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, საგამოფენო სივრციდან ჩამოხსნეს.

დადიანის თქმით, ნამუშევარი ფესტივალის „ლიტერატურა სოლიდარობისთვის“ დახურვაზე 10 აგვისტოს უნდა გამოფენილიყო. როგორც ის „პუბლიკას“ უყვება, ნაქარგი საგამოფენო სივრცეში დილით მიიტანა, რამდენიმე საათში კი ფესტივალის ორგანიზატორი დაუკავშირდა, ბოდიში მოუხადა და უთხრა, რომ უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ნამუშევრის ჩამოხსნა მოითხოვეს.

„[ორგანიზატორმა] მითხრა, – ავუხსენი ნამუშევარის შესახებ, ვთხოვე, მაგრამ მაინც მოითხოვეს ჩამოხსნა და ჩამოხსნეს“, – ამბობს ანდრო დადიანი.

„ჰოდა, ადმინისტრაციაში ისეთი ამბავი ამტყდარა… აქ ჩვენ ვართო; ესო ტაძარიაო, ცოდნისაო, ხელოვნებისაო; აქაო სიწმინდე და სიყვარულიაო, ისაო, ესაო. მოკლედ რა…“, – წერს დადიანი Facebook-ზე.

„პუბლიკამ“ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პრესსამსახურს განმარტებისათვის მიმართა, სადაც უნივერსუტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელთან გადაგვამისამართეს. თვითმმართველობის წარმომადგენელმა „პუბლიკასთან“ განაცხადა, რომ თვითმმართველობა განმარტებას Facebook-გვერდზე დღეს გამოაქვეყნებს. 


„8-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, სექტემბერში შეყვარბულმა ძალიან მაწყენინა, მერე იმ წყენას, სიბრაზეს და სიყვარულს 4 თვე ვქარგავდი, დღე და ღამე ნემსი მეჭირა ხელში და მეგონა, იმ ნემსით ხან ვკაწრავდი შეყვარებულს, ხან ჩვენს ჩამოშლილ ურთიერთობას ვკემსავდი. მოვრჩი თუ არა ამოქარგვას ყველაფერი დალაგდა, შევრიგდით“, – 17 იანვარს ასეთი აღწერით გამოაქვეყნა ანდრო დადიანმა ნაქარგი „შე ყლეო“.