ასეთი „მენეჯმენტის“ პირობებში მომდევნო პიკი მაისში მოუწევს - ჭიაბერაშვილი

პუბლიკა

„ასეთი „მენეჯმენტის“ პირობებში მომდევნო პიკი მაისში მოუწევს“, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი და ჯანდაცვის ექსპერტი ზურაბ ჭიაბერაშვილი მთავრობის მიერ შემსუბუქებულ შეზღუდვებს.

„ის, რომ სამოქალაქო პროტესტმა შედეგი გამოიღო, კარგია, მაგრამ ვირუსი და თანმდევი ეპიდემია არსად წასულა. გახსნის სიხარულს თან სდევს იმის წუხილი, რომ მთავრობას კვლავაც არ აქვს: არც ვაქცინაციის ზუსტი გრაფიკი და არც მკაფიო გეგმა, როგორ უნდა ვიარსებოთ მომდევნო 2 წელი, ვიდრე მსოფლიოშიც და ჩვენთანაც ეს პრობლემა იდგება“, – წერს Facebook-ზე ჭიაბერაშვილი.

მისი თქმით, „ჩაკეტვა-გახსნა“ გეგმა არ არის და არც „მილიარდობით აღებული ვალით ისევ საკუთარი საარჩევნო ბაზის მოთაფვლა“.

„გეგმა არის, როგორ ვცხოვრობთ ისე, რომ არც ვიკეტებით და ინფექციაც ისე არ გაგვირბის, რომ ჩაკეტვა არ მოგვიწიოს. როცა ეს გეგმა არაა და თან „ლოქდაუნის“ პირობებში მთავრობა თვალს ხუჭავს ასეულ კაციან ქორწილებსა და ქელეხებზე, შემთხვევათა მატება გარდაუვალია. ასეთი „მენეჯმენტის” პირობებში მომდევნო პიკი მაისში მოუწევს. ქვეყანა უნდა გაიხსნას, ოღონდ საზოგადოებასთან შეთანხმებული და სათანადოდ აღსრულებული წესებით. მოვთხოვოთ მთავრობას გეგმა!“, – აცხადენს ჭიაბერაშვილი.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 8 და 15 თებერვლიდან საქართველოში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ ისაუბრა.

8 თებერვლიდან –  საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც ნიშნავს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდება თბილისშიც, რუსთავშიც და ქუთაისშიც. მეტრო, ავტობუსი და სამარშრუტო მიკროტაქსები.

8 თებერვლიდან – ამოქმედდება სრულად ასევე ბაზრობები

15 თებერვლიდან – სკოლები გააგრძელებენ სწავლას საკლასო ოთახში.

15 თებერვლიდან – კვების ობიექტები, მათ შორის რესტორნები შეძლებენ ამოქმედდნენ ღია სივრცეში.

„თუმცა, შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათი-კვირას. შემდგომი შემსუბუქება განხილული იქნება ერთი კვირის თავზე“, – განაცხადა გახარიამ.