აშშ „ანტიფას" ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ანტიფაშისტურ ორგანიზაციას „ანტიფას” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს.

პრეზიდენტმა ორგანიზაცია ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამო გამართულ საპროტესტო აქციებზე ბუნტისა და ამბოხების დაწყებაში დაადანაშაულა.

ჯორჯ ფლოიდი, ამერიკის შავკანიანი მოქალაქეა, რომელიც დაკავების შემდეგ გარდაიცვალა.  თეთრკანიანი პოლიციელი, რომლის ქმედებებმაც ფლოიდის სიკვდილი გამოიწვია, დერეკ ჩაუვინია. დაკავების კადრებში ჩანს, როგორ ყვირის ქუჩაში პოლიციის მიერ ძირს დაგდებული ჯორჯ ფლოიდი – „ვერ ვსუნთქავ“, კეფაზე კი თეთრკანიანი პოლიციელი რამდენიმე წუთის განმავლობაში მუხლით აწვება. პოლიციელი ჯერ სამსახურიდან გაათავისუფლეს, შემდგომ კი დააპატიმრეს.

ფლოიდის სიკვდილის გამო დაწყებულმა აქციებმა მალევე მიიღო ძალადობრივი ფორმები, რასაც ამერიკის რამდენიმე ქალაქში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოჰყვა.

ამერიკის ხელისუფლებას 15 შტატში ქვეყნის ნაციონალური გვარდიის გამოყვანაც მოუხდა, რათა ქუჩებში მიმდინარე საპროტესტო მღელვარებასთან გამკლავებაში პოლიციას დახმარებოდა.

აშშ-ის ხელისუფლებას საპროტესტო გამოსვლების დაწყებიდან მრავალი მოსაზრება ჰქონდა, ვინ შეიძლებოდა მდგარიყო ძალადობრივი ბუნტისა და პროტესტის ორგანიზების უკან.

ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არეულობის ორგანიზებაში „ანტიფას მიერ მართული ანარქისტები” და „რადიკალი მემარცხენე ანარქისტები” დაადანაშაულა, თუმცა მის განცხადებას დამატებითი განმარტებები არ მოჰყოლია.

 

აშშ-ის პრეზიდენტს არ განუმარტავს, რა ფორმით აპირებს ამერიკის ხელისუფლება ანტიფაშისტური მოძრაობა „ანტიფას” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას.

სამართლის ექსპერტების განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციას აქვს უფლებამოსილება, უცხოელი ინდივიდები, თუ ადამიანთა ჯგუფი ტერორისტულ ჯგუფად გამოაცხადოს, მათ შორის პრეზიდენტის განკარგულებით. თუმცა, მათი აზრით, არ არის ცხადი,  რა უფლებამოსილებით უნდა გამოაცხადოს პრეზიდენტმა ქვეყნის შიგნით მოქმედი ორგანიზაცია ტერორისტულ ჯგუფად.

„ტერორისტად შერაცხვის ნებისმიერ მცდელობას მოჰყვება სერიოზული მღელვარება ამერიკის კონსტიტუციის პირველი შესწორების გარშემო”, – აცხადებს აშშ-ის ყოფილი იუსტიციის მინისტრი მერი მაკქორდი გამოხატვის თავისუფლებაზე, რელიგიის, შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციურ უფლებაზე მინიშნებით.