აუცილებლად დავტოვებ ჩემს სიტყვას სააკაშვილის საქმეზე - ლონდა თოლორაია

პუბლიკა

სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას თქმით, თვის ბოლომდე, სანამ ის ჯერ კიდევ თანამდებობაზეა, სააკაშვილის მიმართ ციხეში შესაძლო არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ინსპექტორის პოზიციას გაახმოვანებს. თოლორაიას თქმით, ამისთვის ჯერ კიდევ 4 დღე აქვს უწყებას და ამ დროს გამოძიებისთვის გამოიყენებენ.

„მე აუცილებლად დავტოვებ ჩემს სიტყვას ამ საქმესთან დაკავშირებით. ერთი კვირაა ამისთვის დარჩენილი და ვიტყვი მანამ, სანამ მე ამ პოზიციაზე ვარ. აუცილებლად ვიტყვი რა გაკეთდა ამ საქმესთან დაკავშირებით, რა სტადიაზე რჩება გამოძიება.

ადვოკატები სრულყოფილ ინფორმაციას ფლობენ იმასთან დაკავშირებით, რას აკეთებს სამსახური. ისინი თავიდანვე იყვნენ ჩართულები პროცესსი, მე არ მინდოდა რაიმე კითხვის ნიშნები დარჩენილიყო, ამიტომ გამოძიების შესახებ მათ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

შეკითხვაზე, იქნება ეს მისი პირადი პოზიცია თუ ინსპექტორის შუალედური დასკვნა, როგორც ამას სააკაშვილი ითხოვს, ლონდა თოლორაიამ უპასუხა, რომ ეს იქნება უწყების პოზიცია, მაგრამ რა ფორმით, ამას ჯერჯერობით ვერ იტყვის.

„ეს რა თქმა უნდა, იქნება სამსახურის პოზიცია. მე ჩემს პოზიციას არ ვაჟღერებ, მე ვარ საჯარო მოხელე და ეს იქნება სამსახურის მიერ მომზადებული პოზიცია. რა ფორმით იქნება, ვნახოთ – ეს შეიძლება იყოს ზეპირი განცხადება, შეიძლება იყოს წერილობითი პრესრელიზი“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ და დასძინა, რომ ზოგადად შუალედური დასკვნის მომზადება სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული პრაქტკა არ არის.

შუალედური დასკვნის მომზადების შემთხვევაში კი, ის აუცილებელია იყოს ისეთ მტკიცებულებებზე დაფუძნებული, რომ ახალი მტკიცებულებების აღმოჩენის შემდეგ, პოზიცია არ შეიცვალოს.

თუმცა, ლონდა თოლორაიას თმით, სააკაშვილის საქმე გამონაკლისია, რადგან ამ ფორმით უქმდება თავად ინსპექტორის სამსახური.

„მე არ ვიცი როგორ გაგრძელდება ყველა იმ სხვა საქმეზეც და არამარტო ამ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება, რომლებიც გადაეცემა ახალ სამსახურს. თქვენ ნახეთ, რომ ახალი სამსახურის ხელმძღვანელობა ჩაბარდა პროკურატურის თანამშრომელს. მე არავის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პერსონებს არ ვეხები, მაგრამ პროკურატურა იყო ერთ-ერთი ის უწყება, რომელიც ამ სამსახურის გამოძიების პროცესში ქმნიდა დაბრკოლებებს“, – თქვა ლონდა თოლორაიამ.