ავიღეთ და მცირე ადაპტაციით დავაკოპირეთ უკრაინული კანონი დეოლიგარქიზაციაზე - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით მმართველმა გუნდმა უკრაინული კანონი თარგმნა და ახლა ის სამუშაო ჯგუფის ფორმატში განიხილება.

„რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, ამასთან დაკავშირებით, ჩვენ კონკრეტული შეთავაზება გვაქვს. ჩვენ ავიღეთ და ვთარგმნეთ უკრაინული კანონი, მცირე ადაპტაციით მოხდა მისი დაკოპირება და ახლა ეს საკითხი განიხილება სამუშაო ჯგუფში. რატომ უკრაინული კანონი? იმიტომ, რომ ქართულ რეალობაზე მორგებული არ არის, განყენებულ სივრცეში არის ჩამოყალიბებული”, – განაცხადა კობახიძემ.

მან კომენტარისას ასევე განაცხადა, რომ მთლიანად ეთანხმება კახა კალაძის განცხადებას, რომ ევროპარლამენტარები, რომლებიც ე.წ. დებიძინიზაციაზე საუბრობენ, ქვეყნის მტრები არიან.

„რა თქმა უნდა, მათ მტრული მოტივაცია ამოძრავებთ, რაც ძალიან სამწუხარო და ძალიან მძიმეა. ევროპარლამენტარები არიან და ყველა პარლამენტში არიან ასეთი ადამიანები”, – განაცხადა კობახიძემ.

17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესახებ თავისი მოსაზრებები წარმოადგინა. საქართველოს შემთხვევაში ევროკომისია მხარს უჭერს ქვეყნისთვის ევროპული მომავლის დადასტურებას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მოგვიანებით, თუკი ის ევროკომისიის მიერ გაწერილ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.

საქართველოსადმი ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციის თანახმად, ქვეყანამ უნდა შეასრულოს „დეოლიგარქიზაციის“ ვალდებულება ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.