აზერბაიჯანი ოქროს მოპოვებას იწყებს საბადოში, რომელსაც ადრე სომხეთი აკონტროლებდა

პუბლიკა

ავტორი: რაფიგ შაჰბაზოვი

აზერბაიჯანის სახელმწიფო სამთო კომპანია AzerGold-მა ქელბაჯარის რაიონში, სომხეთის საზღვართან მდებარე სოიუდლუს (ზოდის) ოქროს საბადოზე ბურღვითი და აფეთქებითი სამუშაოები დაიწყო.

პროექტს რთული სამართლებრივი და პოლიტიკური ისტორია აქვს. საბადოს 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომამდე სომხეთი აკონტროლებდა, ომის შემდეგ კი მას აზერბაიჯანი ფლობს.

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, საბადო 1951 წელს აღმოაჩინეს აზერბაიჯანის ქელბაჯარის რაიონისა და სომხეთის გეღარქუნიქის პროვინციის საზღვარზე. გავრცელებული ინფორმაციით, საბადოს უმეტესი ნაწილი – ოქროს მარაგების 75%, ანუ 25 შახტიდან 17 – აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობდა.

თუმცა, საბჭოთა კავშირის გეოლოგიის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საბადოს მართვა სომხეთის გეოლოგიურ ადმინისტრაციას გადაეცა. ცნობების თანახმად, საბადოს სამრეწველო ათვისება 1976 წელს დაიწყო და 1990-იანი წლების დასაწყისისთვის იქიდან 27.6 ტონა ოქრო მოიპოვეს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საბადოს სომხეთის მხარეს მრავალი წლის განმავლობაში რუსული კომპანია GeoProMining Gold ამუშავებდა. მას შემდეგ, რაც 2020 წლის ომის შედეგად ტერიტორიებზე კონტროლი აზერბაიჯანმა მოიპოვა, GeoProMining-მა რეგიონი დატოვა.

1997 წელს აზერბაიჯანმა ხელი მოაწერა პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებას ამერიკულ RV Investment Group Services-თან ამ რეგიონში საბადოების დამუშავების მიზნით.

მოგვიანებით, RV Investment Group Services-ის სამართლებრივი უფლებამონაცვლე გახდა Anglo Asian Mining, რომელმაც საბადოების განვითარების უფლებები გადაიბარა.

თუმცა, ვინაიდან სოიუდლუს საბადო იმ დროს სომხეთის კონტროლქვეშ იმყოფებოდა, კომპანია ვერ ახორციელებდა რეალურ საქმიანობას აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.

2022 წელს აზერბაიჯანის მთავრობამ განვითარების შესახებ შეთანხმების სამართლებრივი ჩარჩო შეცვალა და შეთანხმების მხარედ ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო განსაზღვრა.

შემდგომ, 2024 წლის ივნისში, სახელმწიფომ შეთანხმების ფარგლებში საკუთარ წარმომადგენლად AzerGold დანიშნა.

2025 წლის აგვისტოდან საბადოზე მიმდინარეობს მასშტაბური გეოლოგიური კვლევები, ტოპოგრაფიული დაგეგმვა და ბურღვითი სამუშაოები, რომელთა საერთო სიღრმემ 18 000 მეტრს მიაღწია. გეოლოგიური კვლევებისა და საძიებო სამუშაოების შედეგებზე დაყრდნობით, სოიუდლუს ოქროს საბადოზე დარჩენილი, მოსაპოვებლად ვარგისი მარაგები შეფასებულია 1 მილიონ უნციად (28 ტონა).

სოიუდლუს პროექტის ამჟამინდელ ეტაპზე, კონტრაქტორი კომპანიების თანამშრომლების ჩათვლით, დასაქმებულია სულ 236 ადამიანი. მათგან 55 ქელბაჯარის რაიონში ცხოვრობს.

პროექტის საწყის, განვითარების და სამშენებლო ეტაპზე, რომელიც 2026–2029 წლებს მოიცავს, პირდაპირ და ირიბად დაახლოებით 700 ადამიანის დასაქმებაა მოსალოდნელი. სოიუდლუს საბადოს სრულმასშტაბიან წარმოებაზე გადასვლის შემდეგ კი პროექტში 1 300-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

ალიევი „თავისი ქალიშვილების გადასარჩენად“

AzerGold-ს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ოჯახთან დაკავშირებულ კორუფციის შესახებ გავრცელებულ ცნობებშიც ახსენებენ.

2016 წელს „ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გამოძიების პროექტმა“ (OCCRP) „პანამის დოკუმენტებზე“ დაყრდნობით გამოაქვეყნა გამოძიება, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მილიარდობით დოლარის ღირებულების ოქროს ექვსი საბადოს მოპოვების უფლება გადასცა კონსორციუმს, რომელსაც, სავარაუდოდ, მისი ქალიშვილები ფლობდნენ ოფშორული კომპანიების მეშვეობით.

ამ გასაიდუმლოებული შეთანხმების ნაწილის მიხედვით, ქალიშვილებს მომავალი სამთო-პოპოვებითი მოგების 70% უნდა მიეღოთ, ხოლო სახელმწიფოს – დარჩენილი 30%.

გამოძიების თანახმად, სამთო საქმიანობა დიდწილად წარუმატებელი და წამგებიანი აღმოჩნდა. OCCRP ციტირებდა კონსორციუმში შემავალი ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომელს, რომლის თქმითაც, კომპანიის მენეჯერებს „აშკარად არ ესმოდათ სამთო ბიზნესი და ძვირადღირებულ შეცდომებს უშვებდნენ“.

2016 წელს ალიევმა სახელმწიფო კომპანია AzerGold-ს კონსორციუმის წილის გამოსყიდვა დაავალა. OCCRP-მ ეს გადაწყვეტილება შეაფასა როგორც ნაბიჯი, რომელიც, სავარაუდოდ, „ქალიშვილების ინვესტიციას გადაარჩენდა“.

„უცნობია, რა თანხის დაბრუნებას შეძლებს ოჯახი წარუმატებელი პროექტიდან, რადგან გარიგების პირობები ჯერ საბოლოოდ შეთანხმებული არ არის“, – წერდა OCCRP 2016 წლის მაისში.

იმ პერიოდში OCCRP აცხადებდა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას მის მიერ კომენტარისთვის გაგზავნილ მოთხოვნებზე პასუხი არ გაუცია.

OC Media-მ პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართა და OCCRP-ის გამოძიებებთან დაკავშირებით კომენტარი მოითხოვა.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.