თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის რეაბილიტაცია იწყება. ფილარმონიის რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე ტენდერი გამოცხადდა.
შესყიდვის სავარაუდოდ ღირებულება 6.5 მილიონი ლარით განისაზღვრა. წინადადების მიღება 4 ნოემბერს დაიწყება და 9 ნოემბერს დასრულდება.
„ვინაიდან საპროექტო შენობა აშენებულია გასული საუკუნის 70-იან წლებში, არსებული გეგმარება თანამედროვე სტრანდარტების მიხედვით მოუქნელია და, მათ შორის დამატებითი სივრცეების მოსაწყობად,საჭიროებს რეკონსტრუქციას” – წერია დოკუმენტში.
რეკონსტრუქციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საკონცერტო დარბაზის აკუსტიკის გაუმჯობესებაა. დაგეგმილია სასცენო დანადგარების კონსტრუქციის ექსპერტიზა, შენობის გეგმარების შეცვლა, ლიფტების განახლება, უსაფრთხოების სისტემის დანერგვა, შენობის ადაპტირება შშმ პირებისთვის, ფასადის ექსპერტიზა, ვიტრაჟების სრული დემონტაჟი, კედლების, ფილების, მოაჯირების რესტავრაცია, სხვენისა და სახურავის რესტავრაცია, აკუსტიკური სისტემების მოწყობა.
ახალ პროექტში აღარ იქნება გათვალისწინებული ეკრანი, რომელიც ამჟამად ფილარმონიის წინა ფასადზეა. საჭიროების შემთხვევაში, დარბაზში მაყურებლის უფრო მოქნილად გადაადგილების მიზნით, შესაძლებელი იქნება არსებული სავარძლების მოხსნა და რიგებს შორის დამატებითი ბილიკების მოწყობა.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ აღნიშნულ საკითხზე ბაზრის კვლევა გამოცხადდა, რომელშიც ორმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი განისაზღვრა იმ კომპანიის მიერ შეთავაზებული უფრო დაბალი ფასის მიხედვით.