ავტორი: აითან ფარჰადოვა
აზერბაიჯანის ქალთა მხარდაჭერის ცხელმა ხაზმა განაცხადა, რომ 2026 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში თითქმის 2 500 ზარი მიიღო – თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე 2025 წლის იმავე პერიოდში. ზარების უმეტესობა ოჯახში ძალადობას ან ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მიღებას ეხებოდა.
სახელისუფლებო მედია APA-ს ინფორმაციით, მიმართვების მნიშვნელოვანი ნაწილი ფსიქოლოგიურ დახმარებასა და ძალადობის შემთხვევებს უკავშირდებოდა.
2026 წლის პირველ ექვს თვეში ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით დახმარებისთვის 548 ქალმა მიმართა, ფსიქოლოგიური მხარდაჭერის საკითხებზე – 698-მა, იურიდიული დახმარების მოთხოვნით – 384-მა, ხოლო თავშესაფრის მიღების მიზნით – 233-მა.
ძალადობის შემთხვევები მოიცავდა ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სექსუალურ ძალადობას, ასევე უგულებელყოფას, სოციალურ, ოჯახურ და კიბერძალადობას.
გარდა ამისა, 171 მიმართვა განქორწინების პროცესში წარმოშობილ სირთულეებს ეხებოდა, 127 – სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს, ხოლო 113 – სხვა სოციალურ საკითხებს, რომლებიც არ დაკონკრეტებულა.
ამავე პერიოდში 98 მიმართვა სუიციდურ აზრებს შეეხებოდა, ხოლო 54 – მოწყვლადი ქალების ექსპლუატაციისა და ძალადობის შემთხვევებს.
ცხელი ხაზი ფუნქციონირებს აზერბაიჯანის უმსხვილეს მობილურ ოპერატორ Azercell-სა და ოჯახის, ქალთა და ბავშვთა საკითხთა სახელმწიფო კომიტეტთან პარტნიორობით. მომსახურება ხელმისაწვდომია დღე-ღამის განმავლობაში, მათ შორის სოციალურ მედიაშიც, ხოლო Azercell-ის მომხმარებლებისთვის ზარები უფასოა.
მიღებული მიმართვები რეგიონების მიხედვით არ იყო კლასიფიცირებული.
ქალებისა და ბავშვების თავშესაფრის ხელმძღვანელმა მეჰრიბან ზეინალოვამ, რომლის ორგანიზაციაც 2006 წლიდან ფუნქციონირებს, OC Media-ს განუცხადა, რომ ძალადობის შესახებ შეტყობინებების ზრდა სხვადასხვა მიზეზით შეიძლება აიხსნას.
ზეინალოვას თქმით, ზარების რაოდენობის ზრდას შესაძლოა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებამ და დახმარების ძიების მზაობის გაზრდამ.
„მეორე მიზეზი ძველი ნორმებისადმი წინააღმდეგობაა“, – დასძინა მან.
მისი თქმით, ეს მონაცემები მიუთითებს, რომ „ტრადიციული ნორმები იცვლება“ – მიუხედავად იმისა, რომ კაცები შესაძლოა ქალებზე ზეწოლას ახდენდნენ, რომ მათ დახმარებისთვის არ მიემართათ, „ქალები მაინც ცდილობენ დახმარების მიღებას“.
ზეინალოვას შეფასებით, ძალადობის შესახებ შეტყობინებების ზრდის მესამე ფაქტორი სოციალურ-ფსიქოლოგიური გარემოა, მათ შორის ოჯახებში არსებული დაძაბულობა COVID-19-ის პანდემიისა და 2020 წლის მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ.
„ეს ფაქტორები გავლენას ახდენს ადამიანების ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე და ამავდროულად ამწვავებს სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებსაც“, – ეუბნება ზეინალოვა OC Media-ს.
14 ივლისს მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს ქალი, რომელიც ქმრის მხრიდან სასტიკი ცემის შემდეგ თავშესაფარში მივიდა.
„ქალმა თქვა, რომ ქმართან დაახლოებით 14 წელი ცხოვრობდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო. ამ მძიმე პირობებში ცხოვრების შემდეგ მან საბოლოოდ შეძლო ქმრის დატოვება და შვილებთან ერთად ჩვენს თავშესაფარში მოვიდა“.
ზეინალოვას თქმით, ქალის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას მიეწოდა.
მოგვიანებით მან სოციალურ მედიაში განაცხადა, რომ ქალის ქმარი პოლიციამ დააკავა.
2025 წელს ოჯახის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტმა განაცხადა, რომ ოჯახში ძალადობის შესახებ ქალებისგან 539 შეტყობინება მიიღო, მამაკაცებისგან – 83, ხოლო ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებზე – 515, რაც ჯამში 1 137 მიმართვას შეადგენს.
კომიტეტის ინფორმაციით, მიმართვების 56% ბაქოდან იყო, ხოლო 43% – აზერბაიჯანის სხვა რეგიონებიდან.
ამავე მონაცემებით, დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობის 343 და ფსიქოლოგიური ძალადობის 169 შემთხვევა.
კომიტეტმა გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) პარტნიორობით, ცალკე ცხელი ხაზი შექმნა, რომელიც გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურებას უზრუნველყოფდა.
ძალადობის მსხვერპლები საჭიროების შემთხვევაში იღებდნენ შესაბამის მხარდაჭერის სერვისებსა და უფასო ფსიქოლოგიურ კონსულტაციას.
თუმცა, UNFPA-ს წარმომადგენლობამ აზერბაიჯანში საქმიანობა 2025 წლის მაისში დაასრულა, როდესაც ორგანიზაციამ ქვეყანაში თავისი მისია და პროექტები ოფიციალურად დახურა.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.