აზიის განვითარების ბანკი საქართველოს დახმარების შესაძლებლობას განიხილავს

მინდია გაბაძე

აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციით, ბანკის (ADB) პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განიხილეს, როგორ შეუძლია აზიის განვითარების ბანკს, ხელი შეუწყოს საქართველოს COVID-19- ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ბანკის პრეზიდენტმა საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა და საქართველოს ფინანსთა მინისტრს უთხრა, რომ ბანკი ქვეყნისთვის სწრაფი და ეფექტიანი დახმარების ვარიანტებს განიხილავს.

ADB-ს პრეზიდენტის თქმით, ბანკი მზად არის იმუშაოს მთავრობასთან და მთავარ პარტნიორებთან ერთად დაზარალებული ეკონომიკის დასახმარებლად, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას, იზრუნოს მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომლებიც კორონავირუსის დროს ყველაზე მეტად დაზარალდნენ. „ასევე მიმდინარეობს მუშაობა, დამატებით კერძო სექტორის დასახმარებლად“, – აღნიშნა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ.

ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ საქართველო ორმაგ შოკს განიცდის პანდემიის პირდაპირი და ნავთობზე ფასების დაცემის არაპირდაპირი ზემოქმედების გამო.

„პრეზიდენტმა ასაკავამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველო წამყვანი რეფორმატორია და ამან ქვეყანას საშუალება მისცა, პანდემიის წინააღმდეგ განეხორციელებინა მტკიცე საპასუხო ქმედებები, მათ შორისაა საგადასახადო შეღავათები მძიმედ დაზარალებული ტურიზმის ინდუსტრიისთვის, ეკონომიკის სტიმულირებისკენ მიმართული კაპიტალდაბანდებები და ფინანსებთან გაუმჯობესებული წვდომა მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისა და კერძო პირებისთვის. ეს ნაბიჯები საქართველოს დაეხმარება რესურსების ეფექტიანად გამოყენებაში  და საფუძველს ჩაუყრის სწრაფ ეკონომიკურ გაჯანსაღებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აზიის განვითარების ბანკმა კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დასახმარებლად 18 მარტს 6.5 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო საწყისი ნაბიჯებისთვის. გარდა ამისა, ADB მზადაა, საჭიროებისამებრ ქვეყნებს დამატებით ფინანსური და საკონსულტაციო დახმარება გაუწიოს.