საზოგადოებრივი აზრის კვლევა: „49%-ს სჯერა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობისკენ სწორი მიმართულებით არ მიიწევს”

პუბლიკა

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში საზოგადოებრივი აზრის ყოველწლიური კვლევის შედეგებს აქვეყნებს. 2026 წლის შედეგებით, ქართველების 71% კვლავ ემხრობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრებას, ხოლო 79%-ს სჯერა, რომ ევროკავშირის წევრობა მეტ სარგებელს მოიტანს, ვიდრე ზიანს.

კვლევა 2026 წლის იანვარ-თებერვალში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 1 000-ზე მეტ რესპონდენტთან პირისპირ ინტერვიუების საშუალებით ჩატარდა. აღნიშნული კვლევა EU NEIGHBOURS EAST პროგრამის ფარგლებში საქართველოსა და აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის დანარჩენ ხუთ ქვეყანაში უკვე 10 წელია ტარდება.

კვლევის თანახმად, ევროკავშირი ქართველებისთვის კვლავ რჩება ყველაზე სანდო საერთაშორისო აქტორად და მას გამოკითხულთა 67% ენდობა, თუმცა იკლო იმ ადამიანთა რიცხვმა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობები აქვს.

„49%-ს სჯერა, რომ საქართველო წევრობისკენ სწორი მიმართულებით არ მიიწევს. 56% კი ამბობს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი კანონები უარყოფითად აისახება გაწევრიანების პროცესზე. იმავე დროს, 87% თანხმდება, რომ საქართველომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინსვლისთვის მეტი უნდა გააკეთოს. 

საქართველოსადმი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობა კვლავ მაღალ ნიშნულზე, 70%-ზე რჩება და გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (48%) ამბობს, რომ ეს მხარდაჭერა ეფექტიანია. მოქალაქეების აზრით, ევროკავშირმა უფრო დიდი როლი უნდა შეასრულოს განათლებისა და უწყვეტი განათლების (38%), ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის (34%) და ჯანდაცვის (33%) მიმართულებებით”, – წერია კვლევაში.

გამოკითხულთა ¾ მიიჩნევს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის უსაფრთხოებას გააძლიერებს. ნაწილი შეშფოთებას გამოთქვამს. 43% ამბობს, რომ ევროკავშირი საკუთარ ღირებულებებს ახვევს თავს და 51%-ს სჯერა, რომ ევროკავშირს ფარული ინტერესები აქვს.

როგორც ტექსტშია აღნიშნული, გამოკითხვამ აჩვენა, რომ ევროკავშირის შესახებ ინფორმირებულობა შემცირებულია. კერძოდ, მხოლოდ 40% აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში გასცნობია ევროკავშირთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რაც  2025 წელთან შედარებით 14 პროცენტული პუნქტითაა დაკლებული. გამოკითხულებმა ასევე გამოთქვეს შეშფოთება დეზინფორმაციაზე, რომელსაც 86% ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს.