ბაჩუკი ქარდავამ დოკუმენტს მოაწეროს ხელი მას შემდეგ, რაც პოლიტპატიმრები დატოვებენ ციხეს - ედპ

პუბლიკა

ეროვნულ-დემოკრატიული პარტი მთავარი კომიტეტის დადგენილებას ავრცელებს.

პარტია მიზანშეწონილად მიიჩნევს, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ, ბაჩუკი ქარდავამ ხელი მოაწეროს დოკუმენტს და შეწყვიტოს პარლამენტის ბოიკოტის რეჟიმი მხოლოდ მას შემდეგ, რაც საპატიმროს დატოვებენ ნიკა მელია და გიორგი რურუა, ხოლო ნიკა მელიას მიეცემა საშუალება, პირადად დააფიქსიროს აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერა.

ბაჩუკი ქარდავა „ენმ – ძალა ერთობაშიას“ საპარლამენტო სიით მოხვდა პარლამენტში. საარჩევნო ბლოკის მთავარი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დოკუმენტზე ხელმოწერისგან, ჯერჯერობით, თავს იკავებს და ნიკა მელიას გათავისუფლების გადაწყვეტილებას ელოდება. ამ პარტიის სიიდან ინდივიდუალური გადაწყვეტილებები მიიღეს სალომე სამადაშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ. უკვე ცნობილია, რომ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს გუბაზ სანიკიძე.

გთავაზობთ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის განცხადებას სრულად:

„სტრატეგიული მოკავშირების – ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ჩართულობის შედეგად, ქვეყანაში შექმნილია ახალი პოლიტიკური მოცემულობა.

დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის მედიაციის შედეგად შემუშავდა და რომელსაც ხელი მოაწერა ოპოზიციური პარტიებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მკაფიოდ არის დაფიქსირებული, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი გამოწვეულია გაყალბებული არჩევნების შედეგად.

გარდა ამისა, დოკუმენტში ხაზგასმითაა საუბარი პოლიტიკურ დევნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების აუცილებლობაზე, რის გარანტორადაც დგებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები.

დოკუმენტი შესაძლებლობას იძლევა, ადგილობრივი არჩევნების მექანიზმების გამოყენებით უზრუნველყოფილი იქნას პოლიტიკური კრიზისი წყარო – გაყალბებული არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმაციის ხარისხის ამაღლება და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

აქედან გამომდინარე მიზანშეწონილად მივიჩნევთ, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ, ბაჩუკი ქარდავამ ხელი მოაწეროს დოკუმენტს და შეწყვიტოს პარლამენტის ბოიკოტის რეჟიმი მხოლოდ მას შემდეგ, რაც საპატიმროს დატოვებენ პოლიტპატიმრები, ხოლო ნიკა მელიას მიეცემა საშუალება, პირადად დააფიქსიროს მთავარი ოპოზიციური პარტიის სახელით, აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერა“, წერია განცხადებაში.