Bassiani ჰომოფობიურ კანონპროექტზე: სრულად ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს

პუბლიკა

კლუბი Bassiani „ქართული ოცნების“ ჰომოფობიურ კანონპროექტს განცხადებით ეხმაურება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი სრულად ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, აწესებს ცენზურას საჯარო და თავისუფალი სახელოვნებო საქმიანობის ფაქტობრივად ყველა სფეროზე, საფრთხეს უქმნის საკლუბო კულტურას, ქვიარ წვეულებებს და ბოლო წლების განმავლობაში შექმნილ დრეგ კულტურას.

„ვეხმაურებით მავნებლურ საკონსტიტუციო ცვლილებას, ე.წ “ლგბტ პროპაგანდის” ამკრძალავი კანონის შესახებ, რომელიც პირველად რუსეთში შეიქმნა და მას შემდეგ, მისი მიღება მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში გახდა შესაძლებელი, რომელსაც ულტრამემარჯვენე, ფაშისტური მთავრობები მართავენ. ჰომოფობიური ინიციატივა წარმოადგენს პირდაპირ, აგრესიულ შეტევას ქვიარ ადამიანებზე, რომლებიც წლების განმავლობაში განიცდიან ინსტიტუციონალიზებულ ზეწოლას პოლიტიკური და რელიგიური ისტებლიშმენტის მიერ, რომლებიც ხელოვნურად აღვივებენ კონფლიქტებს, საზოგადოებრივი ჯგუფების დაყოფისა და ამ გზით, მათზე სრული კონტროლის მოპოვების მიზნით. ეს არის ხელისუფლების ამაო მცდელობა, ჩაახშოს ყველა კრიტიკული ხმა.

კანონი სრულად ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას საჯარო და თავისუფალი სახელოვნებო საქმიანობის ფაქტობრივად ყველა სფეროზე. საფრთხის ემუქრება საკლუბო კულტურას, ქვიარ წვეულებებსა და ბოლო წლების განმავლობაში შექმნილ დრეგ კულტურას, რომელიც თანამედროვე ქართული ალტერნატიული კულტურის მონაპოვარია. საზოგადოებრივი მორალისა და ოჯახის ღირებულებების დაცვის მოტივით ამ კანონის მიღება არის პოპულისტური აბსურდი. ქართულ საზოგადოებას, და მოწყვლად ჯგუფებს დღეს დაცვა სჭირდებათ პირველ რიგში უთანასწორო, გულგრილი და არაადამიანური სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკისგან, რომელმაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ტანჯვისთვის გაწირა და ქვეყნიდან გაქცევა აიძულა, და რომლის შემქმნელიც არის დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კლასი. მარტის აქციები, როდესაც ხალხის რისხვამ ხელისუფლებას რუსული კანონის მიღების შესაძლებლობა არ მისცა, გაკვეთილი უნდა იყოს მათთვის, ვინც მუდმივად ცდილობს, უგულებელყოს ჩვენი მტკიცე და ურყევი მიზანი, შექმნას თავისუფლებაზე, თანასწორობასა და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოება. ხელისუფლება კიდევ ერთხელ ცდილობს, ქვეყნის პოლიტიკური და კულტურული გარემო რუსულ რეპრესიულ მეთოდებს დაუქვემდებაროს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას და პარლამენტის წევრებს, უარი თქვან საკონსტიტუციო ცვლილების მიღებასა და განხორციელებაზე, რომლის მიღებას, გვჯერა, რომ ჩვენი საზოგადოება არ დაუშვებს.

იმედი გვაქვს, საზოგადოება უკომპრომისოდ დაუდგება ქვიარ ადამიანებს გვერდში ამ მძიმე დროს და გამოხატავენ სოლიდარობას, რომელიც ახლაც, როგორც ყოველთვის, ყველაზე დიდი ძალაა რეპრესიული სისტემის შესაჩერებლად“, – ნათქვამია Bassiani-ს გავრცელებულ განცხადებაში.


2024 წლის 25 მარტს „ქართულმა ოცნებამ” ჰომოფობიური საკანონმდებლო ცვლილებები დააინიციირა, რომელიც მხატვრული ნაწარმოებების ცენზურასა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასაც ითვალისწინებს.

წარდგენამდე მის შესახებ მმართველი გუნდის წევრები გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში საუბრობდნენ.

„ოცნების“ ლიდერები ამბობდნენ, რომ შეზღუდავდნენ, მათი მტკიცებით, „ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას“.

მამუკა მდინარაძის თქმით, ცვლილებები შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს. კერძოდ, მას დაემატება მე-3 მუხლი, სადაც ჩაიწერება, რომ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია”.

შემდეგ კი უნდა მოხდეს მთელი რიგი კანონების შეცვლა და მათი ჰომოფობიურად ფორმულირება.

მდინარაძის ჰომოფობიურ ინიციატივაში ნათქვამია, რომ „კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს”.

„ქართული ოცნების“ ინიციატივით, აკრძალულია იმგვარი შეკრება, ასევე, ისეთი ნაწარმოებების გავრცელება, რომლებიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული. აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში ამავე შინაარსის ინფორმაციის მიწოდება.

არ არსებობს მეცნიერულად გამყარებული მტკიცებულება, რომ „პროპაგანდა“ ადამიანების სექსუალურ ორიენტაციას ან გენდერულ იდენტობას ცვლის.

ინიციატივა კონსტიტუციაში ცვლილებებს ითვალისწინებს, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კი „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი რაოდენობით დეპუტატები არ ჰყავს.