„ბატონებთან“ დაკავშირებულ რიტუალებსა და აპოხტის ხინკალს არამატერიალური ძეგლების სტატუსი მიენიჭათ

პუბლიკა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს, მათ შორის, მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიციას და „ბატონებთან“ დაკავშირებულ რიტუალურ წესებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭათ.

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს დაემატა:

  • „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“;
  • „გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიცია“;
  • „რთვლის ტრადიცია საქართველოში“;
  • „მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიცია და მისი კულტურული კონტექსტი“;
  • „მესხური სამზარეულო – აპოხტის, წიბოსა და აპოხტის ხინკლის დამზადებისა და გამოყენების ტრადიცია“;
  • „ინფექციურ დაავადება „ბატონებთან“ დაკავშირებული  რიტუალური ქმედებები, სიმღერა და წესჩვეულებები საქართველოში“.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა ბრძანება 30 დეკემბერს გამოსცა და დღეიდან შევიდა ძალაში.

ამავე ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა დაევალა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციას კი, ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ამ ობიექტების მონაცემების საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დაევალათ.