ბათუმში წყლით სავსე თხრილში ორი ბავშვი ჩავარდა, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა

პუბლიკა

ბათუმში, „ოცნების ქალაქის” ტერიტორიაზე წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა. მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს ტრაგედიის ამ მძიმე წუთებში. მომხდარის დეტალებს დაადგენს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი დაწყებული გამოძიების ფარგლებში”. – განაცხადა ბათუმის მერიამ.

„ბათუმელების” ინფორმაციით, დაღუპულები არიან 5და 7 წლის ბავშვები.

გამოცემა წერს, რომ პირველადი ცნობებით, ბავშვები იმ ტერიტორიაზე ჩაცვივდნენ ორმოში, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და მათ რამდენიმე საათი ეძებდნენ.

„ბათუმელებისცე“ ინფორმაციით, ორივე ბავშვი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა.

„ოცნების ქალაქი” უბანია ბათუმში, სადაც სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ცხოვრობენ. 2000-მდე ოჯახი წლების განმავლობაში ითხოვდა ნორმალურ საცხოვრებელ პირობებს.

2020 წლიდან „ქართულმა ოცნებამ” ადგილზე მშენებლობები დაიწყო.

2025 წლის 8 თებერვალს კი „ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იწყება „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპი. მან მშენებლობის საფუძვლის ჩაყრასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ცერემონიაში „ოცნების” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

„რადიო თავისუფლების” მოკვლევის თანახმად, ამ დღისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დაიქირავა კომპანია „არტ ბიურო“, რომელმაც მოაწყო სცენა და სივრცე მიწვეული სტუმრებისთვის. ღონისძიება 209 165 ლარი დაჯდა. მშენებლობის დაწყებისთვის საძირკველში სიმბოლურად ჩადებულ კაფსულაზე 1770-ლარი დაიხარჯა.

განახლება: 01:00

ბავშვების დაღუპვის შესახებ ინფორმაციას „ოცნების ქალაქში” მცხოვრებთა აღშფოთება და უკმაყოფილება მოჰყვა.

„აჭარა თაიმსის” პირდაპირი ჩართვის დროს მოქალაქეები ამბობდნენ, პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებდნენ.

მათივე თქმით, მოითხოვეს თხრილის შემოღობვა, თუმცა, უშედეგოდ.

ერთ-ერთმა მოქალაქემ თქვა, რომ ორმო ირაკლი კობახიძის ჩამოსვლისთვის შემოღობეს, შემდეგ კი ღობე ისევ მოხსნეს.

ამასთან, მისივე განცხადებით, ღობის მოთხოვნისა და გაპროტესტების გამო დააკავეს, 13 თებერვალს კი სასამართლო პროცესიც ჰქონდა, სადაც ჯარიმა დააკისრეს.

მან კადრებიც აჩვენა, სადაც თხრილი ჩანს და თქვა, რომ ამბობდა, რომ „უბედურება მოხდებოდა”.

„[კობახიძის] პირველ ჩამოსვლაზე სახლში მეცნენ და დამიჭირეს. ორივე ჩამოსვლაზე დამიჭირეს რომ სიმართლე არ მეთქვა. მე მივიღე ბინა, მაგრამ ამისმა შვილმა რა ქნას. შენო ინტრიგანი ხარო. ინტრიგანი ვარ?”. – თქვა „ოცნების ქალაქის” მცხოვრებმა.

შემთხვევის ადგილზე მოვიდა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი თავდგირიძე. მან უარყო, რომ ადგილზე სამშენებლო უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის. მან ასევე თქვა, რომ ადგილი, სადაც შემთხვევა მოხდა, არ არის სამშენებლო ტერიტორია.

თავდგირიძის „ოცნების ქალაქში” მისვლის შემდეგ გამოჩნდა რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც აგრესიულობით გამოირჩეოდნენ „აჭარა თაიმსის” და „ბათუმელების” ჟურნალისტების, სულხან მესხიძის და ჯაბა ანანიძის მიმართ. ერთ-ერთმა მათგანმა ჯაბა ანანიძეს ხელშიც ჩაარტყა.

ისინი ასევე ამბობდნენ, რომ „არ არის საჭირო ტელევიზიები” და რომ „არავინ არ ჩავარდნილა სამშენებლო თხრილში”.

ადგილზე მივიდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაფა ფუტკარაძეც. მან თქვა, რომ „ეს არ არის საშემენებლო ტერიტორია – ეს საშემებლო სამუშაოების მოსამზადებელი ტერიტორიაა”.

„ამ საკითხზე სპეკულაციები უნდა დასრულდეს”. – თქვა ჯაბა ფუტკარაძემ.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ოჯახმა ბავშვების პროზექტურაში გადასვენებაზე უარი თქვა. დაღუპულების ცხედრები ოჯახებში მიიყვანეს.