ბიძინა ივანიშვილი არის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი - წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ  13 ამერიკელი კონგრესმენის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიში, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირედაა მოხსენიებული, „ნაციონალური მოძრაობის” და მისი ლობისტების 2012 წლის რიტორიკას ახსენებს.

„ჩვენ გვახსოვს 2012 წელს მსგავსი „კვლევები” და „ანგარიშები”, რომ „ქართული ოცნება” არის პუტინის აგენტი, რომ ბიძინა ივანიშვილი, იმისთვის, რომ პუტინის დავალებით მოვიდეს ხელისუფლებაში, არიგებს მაცივრებს და ტელევიზორებს. იყო ასეთი სასიქადულო პოლიტიკასი ევროპაში, მარტენსი, რომელიც ამბობდა, რომ „ქართული ოცნებაო” პუტინის დავალებით ურიგებს ამომრჩევლებს მაცივრებს და ტელევიზორებსო”

წულუკიანის თქმით, კონგრესმენების ანგარიშში მრავალი შეუსაბამობაა, რაც, მისი აზრით, ანგარიშის სერიოზულობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

„იმავე კვლევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი სხვა „მიგნებები” და წერია, რომ „ქართული ოცნების” პირობებშიო სამხედრო თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის არისო უმაღლეს ნიშნულზეო. შესაბამისად, ეს შეუსაბამობები იწვევს, რა თქმა უნდა, ირონიას და ამიტომ ვსაუბრობ ირონიულად”, – აცხადებს წულუკიანი.

წულუკიანის თქმით, ანგარიშის უკან „ნაციონალური მოძრაობა” და მისი ლობისტები დგანან.

„ჩემთვის დასკვნა არის მარტივი. „ნაციონალური მოძრაობა”, სააკაშვილები, რომელი ქვეყნის პოლიტიკოსებადაც არ უნდა მოგვევლინონ, ქვეყნი შიგნით რესურსი მათ ამოწურეს. ისინი არიან განწირული მარცხისთვის, ამიტომ ვიღაც ლობისტების მეშვეობით ცდილობენ 2012 წლის ივლისის რიტორიკას. ეს ყველაფერი არის ძალიან სასაცილო და არასერიოზული”, – აცხადებს წულუკიანი.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, წულუკიანი აცხადებს, რომ ივანიშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტია.

„ბიძინა ივანიშვილი არის ფიგურა, ქათულ პოლიტიკურ სცენაზე და რეალობაში, რომელიც არის ჯერ-ჯერობით ამ ქვეყანაში ერთადერთი, ვინც არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და სტაბილურობის გარანტი. შესაბამისად, თუ ოპოზიციისთვის და მისი ლობისტებისთვის ვინმე ჟორიკა არის სტაბილიზატორი, მე მომეცით უფლება, რომ ეს არ გავიზიარო”, – განაცხადა წულუკიანმა.

კონგრესმენების ანგარიშს გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე. კობახიძის თქმით, კონგრესმენების ანგარიში „ნაციონალური მოძრაობის” მიერ ლობისტებისთვის გადახდილი ფულის შედეგია.

„ასეთი ფრაზები თუნდაც, ასეთი დაბალი რანგის დოკუმენტებში არის იმ ფულის დამსახურება, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჯერ ხალხის ხარჯზე, კორუფციის ხარჯზე მოიპოვა და შემდეგ გადაუხადა კონკრეტულ ლობისტებს”, – განაცხადა კობახიძემ.

კონგრესმენების ანგარიშს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც გამოეხმაურა.

“ეს არის დოკუმენტი, რომელსაც პოლიტიკური ძალა არ აქვს. ეს არის კვლევა, რომელიც ჩატარებულია რესპუბლიკური სასწავლო კვლევითი ცენტრის მიერ. არც აღმასრულებელი, არც საკანონმდებლო ძალა და დანიშნულება ამ დოკუმენტს არა აქვს.

ეს არის კვლევა და რეკომენდაციები, რომლებსაც ხელს აწერენ ჩვენთვის ძალიან პატივსაცემი რესპუბლიკელები. მათ შორის, 13 თუ 14 კონგრესმენის ხელმოწერაა. მე მინდა გითხრათ, სამთან მე პირადად მქონდა შეხვედრა თებერვალში ვიზიტის დროს, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარეც შეხვდა მათ და მსგავსი რამ არც კი გამიგია”, – განაცხადა ზალკალიანმა.

გუშინ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც 13 ხელმომწერი კონგრესმენი ბიძინა ივანიშვილის, როგორც „ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს.