23 მაისი
კვლავ კიევური დილა… ღამე ძილში, გამთენიისას, აქაც ჩაგვესმოდა საჰაერო განგაშის სირენა, მაგრამ მაინც არ გვტოვებდა განცდა, რომ დნეპრსა და ზაპოროჟიეში ერთი კვირის ყოფნის შემდეგ შედარებით სამშვიდობოს გამოვაღწიეთ… შეიძლება იმიტომ, რომ საჰაერო განგაშის ხმა შედარებით შორიდან ისმოდა, ანდა იმიტომაც, რომ დნეპრის სასტუმროს სამხედრო, ყაზარმული პირობების შემდეგ ნორმალურ საწოლებში ვიწექით და კერძო სახლში ვცხოვრობდით…
ვალერა სერგეევისა და მისი ავჩარკა „გრეტჰენისგან“ განსხვავებით, ძიაძია ვალერას ცოლი, ტანეჩკა, აშკარად ცუდი თვალით გვიყურებდა და დიდად არ ვეპიტნავებოდით, ჩვენი კეთილშობილური და თავგანწირული ზრახვების მიუხედავად. დაგვიმარტოხელებდა თუ არა, გამუდმებით რაღაცას გვერჩოდა… ვგრძნობდით, რა ჯაფად უჯდებოდა ჩვენი სტუმრობა და ცოლის მოგერიება ჩვენს კეთილ მასპინძელს, ძიაძია ვალერას, რომელიც თვითონ მართლა ოქრო იყო… ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობდით, ნაკლები დისკომფორტი შეგვექმნა. აუარებელ სასმელ–საჭმელს ვყიდულობდით გოგა და მე, ტანეჩკას გულის მოსაგებად; ფეხაკრეფით ვიძურწებოდით სახლიდან და ვცდილობდით, მხოლოდ დასაძინებლად შევბრუნებულიყავით, რომ ჩვენს მკაცრ დიასახლისს ზედმეტად თვალში არ მოვხვედროდით…
დღეს ჩვენს ქართველ მებრძოლებს ვხვდებით. რაც აქ ვართ, ამ ორი კვირის განმავლობაში, ჩემი სუბიექტური დაკვირვებით (თუმცა შეიძლება, ვცდები კიდევაც), აქ მებრძოლი ქართველი მეომრები, ძირითადად, სამ ნაწილად იყოფიან – პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დროს ნამსახურები გვარდიელები (ძირითადად, აფხაზეთისა და სამეგრელოს მეომრები), პრეზიდენტ სააკაშვილის დროს ნამსახურები სამხედროები და „მხედრიონელები…“, თუმცა ეს „დაყოფა“, როგორც მოგახსენეთ, საკმაოდ პირობითია. ისინი უპირველეს ყოვლისა ქართველი მეომრები არიან…
ბუნებრივია, ზვიად გამსახურდიას მომხრე გვარდიელებისა და „მხედრიონელების“ უმეტესობა უკვე საკმაოდ ასაკოვანია და გამოცდილი მებრძოლი… ცოტა უმცროსები არიან პრეზიდენტ სააკაშვილის დროინდელი სამხედროები. ასე რომ, ძირითადად, ჩემი ასაკისა და კიდევ უფროსი ხალხია; იშვიათად არიან შედარებით ახალგაზრდები. ისინიც, ძირითადად, რუსეთისგან ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, ან ვისაც მამა, ბიძა ან უფროსი ძმა ჰყავს რუსებთან ომში დაღუპული… მოკლედ, ვისაც რუსების ჯავრი გვჭირს და ვისი სისხლიც რუსეთს მართებს, ყველანი უკრაინაში გადმოვედით, რუსეთთან საბრძოლველად, პოლიტიკური სიმპათია–ანტიპათიის, წარსული დაპირისპირებისა თუ უთანხმოების მიუხედავად. ქართულმა ვენდეტამ რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ყველა გაგვაერთიანა… ასე რომ, როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს „დაყოფა“ საკმაოდ პირობითია; ჯერ ამხელა მესამე მსოფლიო ომი, მერე მაინც უცხო ქვეყანა და ბუნებრივია, ყველა ერთად დგას… მეომარი და მებრძოლი მაინც სხვაა, ყოველდღიური სიკვდილის ყურება და ცეცხლი სხვანაირად აწრთობს და აკაჟებს მათ და ომის ორომტრიალი მთლიანად აცლის ნებისმიერ პოლიტიკურ მტვერს, მოტივსა და დავიდარაბას… ასე რომ, ეს განსხვავება აქ უფრო შაყირის, ჯარისკაცური ხუმრობისა და გაკენწვლის თემა უფროა, ვიდრე სერიოზული განსხვავება ან განხეთქილების მიზეზი…
როდესაც აფხაზეთისა და სამეგრელოს მებრძოლებს შევხვდით, თავიდან, ცოტა არ იყოს, ალმაცერად გვიყურებდნენ, რადგან იცოდნენ, გოგა ჭყონია „მხედრიონთან“ რომ იბრძოდა, თუმცა გალელი პარტიზანების – ცხონებული გია როსტობაიას („მკვლელში“ გია ზუხბაიას პროტოტიპი), პოლკოვნიკ კობა ახვლედიანის, იურა კვარაცხელიას და სხვების ხსენებამ უცებ განმუხტა სიტუაცია. მით უმეტეს, რომ რამდენიმე კაცმა გვიცნო კიდევაც, 1999-2001 წლებში აფხაზეთში პარტიზანული რეიდების დროიდან…
ეს ოდიოზური „მხედრიონი“ ხომ ცალკე თემაა… ურთიერთგამომრიცხავი იმიჯით, 90-იანი წლების სახედ თუ ბრენდად ქცეული, ათასი ტყუილ–მართლითა და ჭორით გაჯერებული ისტორიით – პრეზიდენტ გამსახურდიას დამხობა (არადა, ახლა ცოტა ვინმეს თუ ახსოვს, რომ 1991 წელს, 22 დეკემბერს, სამხედრო გადატრიალების დაწყებისას მთელი „მხედრიონი“ ციხეში იჯდა და მხოლოდ 28 დეკემბერს გამოუშვეს, ანუ სამხედრო გადატრიალება და თბილისის სამოქალაქო ომი, უკვე თითქმის მთელი კვირა მიმდინარეობდა), სამეგრელოს უპატიებელი დანაშაულები, რის გამოც დღემდე გაიგონებთ: „მხედრიონელი ვარ, მაგრამ სამეგრელოში არ ვყოფილვარ, აფხაზეთში ვომობდი…“ აფხაზეთში, რუსეთის წინააღმდეგ მართლა მხეცებივით იომეს. ამას მათი მოწინააღმდეგეები და მტრებიც ვერ უარყოფენ და ამით ძალიანაც ამაყობენ აქ უკრაინაშიც – „„მხედრიონი“ უკვდავია ძმაო…“
საერთოდ, დღეს ცოტას ახსოვს თავად „მხედრიონის“ დაარსების ისტორია ან საიდან მოვიდა ეს დასახელება – „მხედრიონი“, რომელმაც ისეთი ამბები დაატრიალა, რომ ახლაც, წლების შემდეგ, მათ ავად ან კარგად ხსენებას დანაღმული მინდვრის გადავლასავით უფრთხიან…
„მხედრიონი“, ისევე როგორც „თეთრი გიორგი“, 9 აპრილის შემდეგ შეიქმნა (როდესაც რუსმა სამხედროებმა ქაშუეთისა და მთავრობის სასახლის წინ, ზედ რუსთაველის პროსპექტზე, სასანგრე ნიჩბებით დაგვჩეხეს), როგორც გასამხედროებული ორგანიზაციები, ვიდრე ეროვნული გვარდია დაარსდებოდა: – როდემდე უნდა გვხოცონ რუსებმა ასე დაუსჯელად, ჩვენც ხომ ხელი უნდა შევუბრუნოთ, ამათი დედაც ვატირეო…
თვითონ სახელწოდება „მხედრიონი“ პირდაპირ იყო აღებული ერთიანი საქართველოს მეფის, სვეტიცხოვლის ამშენებლისა და ბიზანტიის იმპერატორის, ბასილი ბულგართმმუსვრელის წინააღმდეგ დაუცხრომელი მებრძოლის, გიორგი პირველის (1014-1027) როქის სპის, ანუ დღევანდელი სპეცდანიშნულების რაზმის სახელიდან (ვახუშტი ბაგრატიონი – „ქართლის ცხოვრება“ მე-4 ტომი) და, თუ არ ვცდები, ეს სახელი მათთვის თავად აკაკი ბაქრაძემ შეარჩია, ანუ დაანათლა… თავიდან „მხედრიონი“ და „თეთრი გიორგი“ ერთად იყვნენ და ძალიანაც მეგობრობდნენ; მოგვიანებით „თეთრ გიორგიში“, ძირითადად, პრეზიდენტ გამსახურდიას მომხრე მებრძოლები გაერთიანდნენ, ბოლოს კი მივიღეთ ის, რაც მივიღეთ – სამოქალაქო ომი, ეროვნული ტრაგედია და კატასტროფა…
საერთოდ, ძალიან საინტერესოა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში არც ერთ ხელისუფლებას, ცოცხალი თავით ლუსტრაციის კანონი არ მიუღია. მაგალითად, ჩვენთან ერთნაირ სასტარტო პირობებში მყოფმა პოლონეთმა, ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე გახსნეს „კაგებეს“ არქივები – არავინ არ დაუსჯიათ, არ ჩაუქოლავთ და სამარცხვინო ბოძზე არ გაუკრავთ; უბრალოდ, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვეს და ამიტომაც არიან ჩვენზე წინ წასული და ჩამოყალიბებული სახელმწიფოები, ამდენი ხანია, უკვე – „ნატოს“ წევრებიც და ევროკავშირისაც და აქეთ გვიწევენ ლობირებას… ასევე, საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას არ გამოუძიებია საქართველოს პირველი პრეზიდენტის საქმე, სამხედრო გადატრიალებიდან მკვლელობამდე!.. ასევე გამოუძიებელია და თეთრი ლაქებით სავსე საქართველო–რუსეთის სამი ომი – ცხინვალში, აფხაზეთსა და ისევ ცხინვალში…
აუცილებლად შესასწავლია – პირველ რიგში საქართველოს ისტორიის, მათ შორის სამხედრო ისტორიისთვისაც, დამოუკიდებელი საქართველოს არმიის – „ეროვნული გვარდიის,“ „მხედრიონის“, სხვადასხვა ბატალიონისა და შენაერთის ისტორია, რომ ასე სამზარეულოსა და ორღობის ჭორაობის ან ობივატელის მიერ ფბ–ს კლავიატურაზე კაკუნის დონეზე არ იყოს დარჩენილი ჩვენი ქვეყნის უახლესი, დრამატული, ტრაგიკული და სისხლიანი ისტორია… და, ბოლოს და ბოლოს, მართლა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას… ბევრი ბიჭი დაგვეღუპა ამ ომებში, მაგრამ კიდევ უფრო მეტი, მადლობა ღმერთს, დღესაც ცოცხალია და პოლიტიკური და სახელმწიფო ნების, რეალური მუშაობისა და ინიციატივის შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელია, მეტიც – აუცილებელია ყველაფრის გამოკვლევა და გამოძიება; ოღონდ, აუცილებლად სახელმწიფო კომისიის დონეზე, სამხედრო ექსპერტების, ისტორიკოსებისა და საზოგადოების სერიოზული ჩართულობით…
ე, რამოდენა ვილაპარაკე კაცო… მაგრამ სინამდვილეში გულწრფელად მჯერა და დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენ საქართველოს ისტორიის უახლეს წლებს საგულდაგულოდ არ შევისწავლით, ყველაფერს ოფიციალურად არ გამოვიძიებთ და იურიდიულ და ოფიციალურ დასკვნებს არ დავდებთ, თუ პარლამენტი საბოლოოდ არ მიიღებს ლუსტრაციის კანონს და ყველაფერს თავის სახელს არ დავარქმევთ, ძალიან გაგვიჭირდება სრულფასოვან ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება…
მეტრო „სლავუტიჩთან“ შევხვდით ორ ქართველ მებრძოლს, რომლებიც უკრაინულ „უცხოურ ლეგიონში“ მსახურობენ – დათო აბულიძე, იგივე „თუში“ და სოხუმელი მებრძოლი… „თუში“, ჩვეულებრივად, სამხედრო ფორმით მოვიდა, სოხუმელი სამოქალაქო ტანსაცმელში იყო გამოწყობილი… საერთოდ, ქართველები, გარდა კონკრეტული „ქართული ლეგიონისა“, თითქმის ყველა უკრაინულ შენაერთში იბრძვიან, „აზოვიდან“ დაწყებული „უცხოური ლეგიონით“ დამთავრებული… „თუშმა“ ეგრევე იცნო გოგა ჭყონია და გახარებული გადაეხვია – ჯერ კიდევ აფხაზეთის ომში იბრძოდნენ ერთად, რუსეთის წინააღმდეგ… „თუშის“ ძმა კი, ფაქტობრივად, გოგას თვალწინ დაიღუპა ტყვარჩელთან. ჩვენც უამრავი საერთო ნაცნობი აღმოგვაჩნდა თუშეთიდან: ნუგზარ იდოიძე, გოჩილაიძეები… დათომ წარგვადგინა სოხუმელთან, რომელიც თავიდან ცოტა გამომცდელად გვიყურებდა, რაც ბუნებრივიც იყო – ჯერ უცხო ხალხი, მერე ომში… თუმცა სოხუმელთანაც მალე ვიპოვეთ საერთო ხალხი, იგივე იურა კვარაცხელია, სოსო ბჟალავა, გია კილასონია, გელა ჩქვანავა… უცებ მოვშინაურდით და იქვე კაფეში ჩამოვსხედით მოსალაპარაკებლად. ბევრი ვილაპარაკეთ, ვიმსჯელეთ, რა და როგორ… ძირითადი, რაც გავარკვიეთ, ის იყო, რომ ბიჭები აქამდე მარიუპოლში იბრძოდნენ, ანუ სამხრეთის ფრონტზე. ჯერჯერობით, კიევში არიან; როდის და სად უკრავენ თავს, წინასწარ არ იციან და ვერც ეცოდინებათ – შეიძლება, ერთ საათში; შეიძლება, ერთ დღეში; შეიძლება, კვირაში… ომის წესი როგორც არის. ჩვენ სრული მზადყოფნა გამოვუცხადეთ: როგორც კი დაგვირეკავთ, ბოტასებს ამოვიცვამთ და მოვდივართ–თქო… ერთადერთი პრობლემა უკან დასაბრუნებელი ბილეთები იყო – 11 ივნისს გვქონდა წამოსასვლელი ბილეთები აღებული, მაგრამ გოგა და მე უცებ შევთანხმდით – თუ წავედით, ერთი ბილეთის დედაც ვატირეთ, ან გადავცვლით, ან რამეს ვიზამთო…
„თუშმა“, ოღონდ, ხომ იცით, 50 პროცენტ სიკვდილზე მივდივართ – ყოველ ჯერზე ვიღაც გვეღუპება და გვეჭრებაო… აქაც თავი დავუქნიეთ. ვიცით, ამხელა გზაზე რისთვისაც მოვდიოდით; ეგრე შეიძლება, აქაც დაგვეცეს ჭურვი, რუსებისას რას გაიგებ, როდის რა?.. მოკლედ, ჩავარტყით ხელი, კონტაქტები გავცვალეთ, ჩვენი მისამართიც დავუტოვეთ, სადაც ვიყავით და უკვე ვიშლებოდით, როცა ისეთი კლასიკური „მიმინო“ დაგვემართა, აი, არც ვიცი, მოგიყვეთ თუ არა; ისეთი დაუჯერებელი სომხურ–ქართული ისტორია შეგვემთხვა – მართლა „მიმინო…“ იფიქრებთ, რომ გია დანელიას ფილმიდან გადმოვამღერე, მაგრამ ნაღდად ეგრე იყო და მაინც უნდა დავწერო; თან აგე ბიჭებიც იქ იყვნენ, სამი სული ტო…
ასე გამწარებულები ვსხედვართ ეს ოთხი ქართველი, თან ერთმანეთს ვეცნობით, ვუყურებთ, ვინ ვინა ვართ, ვთათბირობთ, სად ჩავიხოცებით ამ უკრაინაში და ბიჭო, გავიხედე და ერთი სომეხი ჯიგარი არ მოგვადგა?.. შორიდანვე ვიცანით, ისეთი დარბაისლური სომხური ცხვირი და ნაღვლიანი თვალები მოიყოლა, ცხონებული ფრუნზიკა მკრტიჩიანი ფეხზე წამოუდგებოდა და ქუდს მოუხდიდა.
– „ბრატია ვი გრუზინი, და?.. პო რაზგავორუ უზნალ…“. – „ჰა ახპეროჯან ნსტირ…“ – წავუსომხურე, როგორც თბილისელ ბიჭს შეეფერება. ჩემს ჯეელობაში „ვზროსლები“ ამბობდნენ, ვინც ცოტა სომხური არ იცის, ის თბილისელი არ არისო!..
„მნე პომოშჩ ნუჟნა…“ „ლავ ნსტირ მარდ…“ კაი, დაჯექი–მეთქი – მოვიპატიჟე; დავანებეთ ამ ოთხმა ქართველმა ერთმანეთს და უკრაინის ომს თავი და მოვუბრუნდით ამ ჩვენს სომეხ ძმას, რო, აბა, რა გაჭირვებია…
„უ მენია ტუტ მაშინა, ს გრუზინსკიმი ნომერამი“… სასწრაფოდ ხაზი გაუსვა „ხაჩუ ვერნუტსა დამოი, ნო ნე მოგუ, კაკ ვიბრატსა?..“
აბა, გზისას „თუშს“ ვინ დაასწრებდა; აბულიძემ – დასავლეთ უკრაინაში წადი, ივანო ფრანკოსკისთან სამხრეთით დაუხვიე – რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი და საქართველოში ხარ; იქიდან კიდევ რაღა უნდაო…“ „ნეეტ, ახპერ ნეე…“ – უარესად მოიწყინა სომეხმა – „ია ჟე არმიანინ, კაკ ია პრაედუ ჩერეზ ტურციუ, ზარეჟუტ!..“
ვახ… ახლა, სოხუმელი მიუბრუნდა – მაშინაო, თუ თურქეთს ვერ გაივლი, ჩერეზ პოლონეთი, ბელარუსი და რუსეთი შემოუარე და წადი სახლში. მანდ ზუსტადაც კაციშვილი ხელს არ გახლებს და სახლამდეც მშვიდობით ჩახვალო…“ „ნეე ბრატ“ – ისევ იუარა ჩვენმა მეზობელმა, ეტა სლიშკომ დალეკოო, კოგდა ია დაბერუს…“
მაშინაო – ახლა ჭყონიამ აიღო სიტყვა: – „აქვე გაყიდე მანქანა, ჩაიდე ჯიბეში ფული და წაფრინდი შენს მზიურ სომხეთშიო…“ გამომივიდა ესეც კომერციის მამა…
როგორც ჩანს, ჩვენი სომეხიც მასე ფიქრობდა: – „,ეეე, ბრატ–ჯან, ვი ნე ზნაეტე ეტიხ უკრაინცევ, კაკიე ანი სკუპიე ელი, ვიდიატ, შტო ზასტრიალ ტუტ ი ვსიო დიოშევა ი დარომ ხატიატო…“
ვაა, გაგიგონია?.. რა გინდა, რომ ქნა?…
„კარგი მაშინ“ ამოვიღე მეც ხმა… „დაბრუნების დრო რო მოგვივა, ჩვენ წაგიყვანთ სახლში. საკაიფოდ დამყავს მანქანა; გზაში ერთმანეთს შევენაცვლებით და თურქეთსაც ისე გაგატარებ, თითსაც ვერავინ დაგაკარებს, თბილისამდე მოგყვებით და მერე წადი შენს გზაზე მეთქი…“ სომეხმა ისე შეშფოთებულმა შემომხედა, აშკარად იფიქრა, ვერ არის ეს ჯანზე ვიღაცაა, უარეს შარში არ გამხვიოსო და სასწრაფოდ გაბრუნდა უკან თავის ძვირფას, ქართულ ნომრიან მანქანასთან…
მართლაც ეგრე იყო, აი, მართლა! ამასობაში ეს დღეც დამთავრდა; გოგა და მე ვალერას სახლში შევიპარეთ… ჩვენს სომეხ ძმას კი გულდაგულ შევპირდი, თურქეთზე უსაფრთხოდ გაგატარებ–მეთქი, მაგრამ თვითონ სუ ფეხაკრეფით ავცდი ტანეჩკას, საიდანმე რომ არ გამოგვხტომოდა; მეორე სართულზე გავმაგრდით და მომავალ დღეს დაველოდეთ…