„ბოლოს, ალბათ, მეტყვიან, ახლა ბორკილებსაც დაგადებთო" - ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკა დასრულდა

პუბლიკა

ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში თითქმის 7-საათიანი ჩხრეკა დასრულდა. საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ, ნანუკა ჟორჟოლიანმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად, მის სახლში საგამოძიებო მოქმედებებს ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც პროკურატურის წარმომადგენლებს „მითითებებს” აძლევდნენ.

ის აღნიშნავს, რომ ადგილზე მყოფი უწყების წარმომადგენლები ეძებდნენ ფონდის დოკუმენტაციას, ამოიღეს ტექნიკა და ძველი ტელეფონები.

„ეძებდნენ დოკუმენტაციას, აქ მთავარი ამბავი იყო ფონდის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით. ამოიღეს საბას ბავშვობის ნათლობის ვიდეოებით დაწყებული, მარიამის დაბადების დღით დამთავრებული და ვუხსნიდი, რომ აწერია, რაც არის. მაგრამ ამაში რაიმეს ტრაგიზმი კი არ არის, მე უბრალოდ მინდა გითხრათ, რა კომიკურ სიტუაციაში იყვნენ. ტექნიკაც ამოიღეს – ამოიღეს ისეთი ძველი ტელეფონები, რომ არ ირთვება, ამოიღეს ე.წ. ფლეშკები, რომლებიც ჩემი არ არის, ჩემი შვილების არის. ჯერ დაგვაყადაღეს და გვითხრეს, რომ გაჩერდით, შეჩერდით.. არ შევჩერდით. ახლა მეორე ეტაპი იყო, რომ შემოვიდნენ ჩხრეკაზე და მითხრეს კიდევ, რომ შეჩერდით. მე ხომ არ შევჩერდები?! შემდეგი ეტაპი იქნება, სავარაუდოდ, ბრალს წამიყენებენ, პროკურატურაში დამიბარებენ, მერე კიდევ არ შევჩერდებით და ბოლოს, ალბათ, მეტყვიან, რომ რატომ არ მოისვენებ, ახლა ბორკილებსაც დაგადებთო”, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა მის სახლში ჩხრეკის დასრულების შემდეგ.

დღეს პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა მარიამ ბაჯელიძის, ნანუკა ჟორჟოლიანის, ალეკო ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის და გუგა ხელაიას სახლებში. უწყებამ ჩხრეკასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ჩხრეკა „საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში“ ჩატარდა.