ცესკოსთან ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების მორიგი აქცია მიმდინარეობს

პუბლიკა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა მორიგი აქცია გამართეს. ცესკოსთან მათ მიიტანეს ბანერები თამარ ჟვანიას, კახა კალაძის, ბიძინა ივანიშვილის, მდინარაძისა და კობახიძის გამოსახულებით და წარწერით – „გამყალბებლები“. ისმის სირენების და სასტვენის ხმა. აქტივისტები პოლიციის მიერ განთავსებულ რკინის ჯებირებს ჯოხებს, ქვებს და ხელებს ურტყამენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, ითხოვენ: რიგგარეშე არჩევნებს; ეს არჩევნები ჩაატაროს დროებითმა საარჩევნო კომისიამ;

„თამარ ჟვანიას ისე აქვს სისხლში გაყალბება, covid-19 რომ შეხვდეს, covid-119-ს დაიწერს“, – განაცხადა მან.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ქვეყანაში ინსტიტუტები ჩამოშლილია. მისი თქმით, თითოეული მოქალაქის აქტიურობაზეა ყველაფერი დამოკიდებული, რადგან მთავრობა ხალხის წნეხს ვერ უძლებს.

„მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს პირბადით და დისტანციის, მაგრამ ჩვენ თუ არ ვანახეთ, რომ არ გვეშინია ტყუილების და მოგონილი რეალობის, ვიბრძვით ჩვენი ხმის უფლებისთვის, ამას თუ ვიზამთ, ეს ყველაფერი ჩამოიშლება“, – აცხადებს ელენე ხოშტარია.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ხელახალი არჩევნების და ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომის მოთხოვნით, 2 დღეა აქციები იმართება.