„ჩემი განცხადება შედეგიანი იყო, რადგან მას შემდეგ გვარამია წკავწკავებს“ - წულუკიანი

პუბლიკა

„ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ჩემი განცხადება ჩვეულებრივი პოლიტიკური რიტორიკის და პაექრობის ნაწილი იყო, რაც ჩემი პროფესიაა – ეს იყო შედეგიანი, რადგან მას შემდეგ გვარამია წკავწკავებს“, – ასე ახსნა დეპუტატმა თეა წულუკიანმა მის მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნიკა გვარამიას საკონტაქტო ნომრის გამოცხადების ფაქტი.

წულუკიანი აცხადებს, რომ გვარამია ცდილობს, საზოგადოება უცნაურ პირობებში აცხოვროს.

„მე ამ პირობებში ცხოვრებაზე უარს ვამბობ. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი იტყვის, რომ ოპოზიცია, ვინც პარლამენტში შევიდა, გვამია. ხოლო თუკი მე ვიტყვი, რომ ვინც არ შედის პარლამენტში გვამები ისინი არიან, ნიკა გვარამია აწკავწკავდება და ამას სიუჟეტებს მიუძღვნის. თუ გვარამია სალომე ზურაბიშვილზე იტყვის უხამს სიტყვებს, ეს შეიძლება, მაგრამ თუ მე მას ამისთვის გავკიცხავ, გვარამია კვლავ, მორიგ ჯერზე აწკავწკავდება და იტყვის, რომ ეს დაუშვებელია.

თუ ჩვენი ოჯახის წევრებს გალანძღავენ, ეს დასაშვებია, თუ ჩვენ მის მეუღლეს შევაქებთ და ვიტყვით, რომ ის მზეთუნახავია, გვარამია ისევ აწკავწკავდება და იტყვის, რომ ეს დაუშვებელია. მიაჩნია, რომ სტანდარტი უნდა მუშაობდეს ყველასთვის. თუ ისინი ამ რეჟიმში გააგრძელებენ ცხოვრებას, მე ჩემს გუნდთან ერთად ყოველთვის ვიქნები ფეიკ ნიუსების, სხვადასხვა ბულინგის წინააღმდეგ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.


2 თებერვალს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე დეპუტატი თეა წულუკიანი ალეკო ელისაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ოპოზიციონერმა დეპუტატმა მოქალაქეებს თავისი ტელეფონის ნომერი შეახსენა და მათი პრობლემების მოსმენის პირობა დაუდო.

წულუკიანმა ელისაშვილს, მისი თქმით, ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი მისცა და ურჩია, მისთვის დაერეკა და ის უკარნახებდა, რაზე ესაუბრა პარლამენტში.

„ბატონო ალეკო, თქვენ აქ გვაჩვენეთ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან და ნომერიც ჩაგვაწერინეთ. მეც მინდა თქვენ ჩემი ნომერი ჩაგაწერინოთ: 577 ** ** ** და იქნებ მოინიშნოთ და ხალხმაც იცოდეს. ჩაინიშნეთ?  – 577 ** ** **.

ოღონდ, ეს ჩემი ნომერი არ არის, ეს ნიკა გვარამიას ნომერია და დაურეკეთ ხოლმე და ის რასაც გიკარნახებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იმაზე ისაურბეთ ამ პარლამენტში. თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ? კარგი, ეს რიტორიკული კითხვა იყო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

2 თებერვალსვე, ცნობილი გახდა, რომ ამ საკითხზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ შეისწავლის, შეესაბამება თუ არა კანონს ნიკა გვარამიას ნომრის გასაჯაროება.