„ჩემი მხრიდან არ იქნებოდა სწორი საერთო სახალხო სასამართლო პროცესში ჩართვა“ – მეუფე გრიგოლი

პუბლიკა

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, გრიგოლმა, საკათედრო ტაძარში ღამისთევის დასრულების შემდეგ ქადაგებისას აღნიშნა, რომ საქართველოს უძველესი სამოციქულო საყდარი და აქ განვითარებული მოვლენები მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა. 

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაზე შეკითხვას კი ასე უპასუხა  – „მნიშვნელოვანი ის არ არის, მე ვუჭერ თუ არ ვუჭერ მხარს, მნიშვნელოვანია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეკლესია. ამის დროც დადგება. ამ წუთას ისეთ საგანგებო მდგომარეობაში ვართ, რომ ყველა საკითხმა უკან დაიხია. მთავარია სიმშვიდე.“ – განუცხადა ქადაგების დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა გრიგოლმა ჟურნალისტებს. 

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა ქადაგებისას ეკლესიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. 

„უკანასკნელი დღეების განმავლობაში ჩვენს თვალწინ განვითარდა პროცესი, რაც, თავისი არსით, არის უმძიმესი და ურთულესი! მღელვარებამ მოიცვა მთელი საზოგადოება, მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა საქართველოს უძველესი სამოციქულო საყდარი და აქ განვითარებული მოვლენები, რამაც არავინ დატოვა გულგრილი. 

ჩვენ აღმოვჩნდით იმ მდგომარეობაში, როგორც 2018 წლის ერთ-ერთ შეხვედრაზე მისი უწმიდესობა ბრძანებდა – „მთის მწვერვალიდან დაგორდა ლოდი“ და საფრთხე დაემუქრა ყველას და ყველაფერს! შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემი მხრიდან არ იქნებოდა სწორი საერთო სახალხო სასამართლო პროცესში ჩართვა, მით უფრო, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს ემოციური დუღილის პროცესი და ნებისმიერი მხრიდან ყოველგვარი განცხადება, თუნდაც კეთილი განზრახვით ნაკარნახევი აზრი, ისედაც მძიმე მდგომარეობის კიდევ უფრო დამამძიმებელი შეიძლება აღმოჩნდეს. დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება საღი აზრი, რაც შექმნილ ვითარებას, გარკვეულწილად, დაამშვიდებს და თანდათანობით დააბრუნებს განვითარების პერსპექტივაზე ორიენტირებულ კალაპოტში, იმ მძლავრ საყრდენზე, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ქარიშხალთა პირობებში ეკლესიის მდგრადობას განაპირობებდა!“ – თქვა მეუფე გრიგოლმა. 

მისივე თქმით, გამოცდა ელის სამოქალაქო ცნობიერებასაც და საბჭოთა წარსული ტოტალიტარიზმისა და კოლექტივიზმის სახით ჯერ კიდევ ჩვენს ქვეცნობიერშია ჩამალული. 

„არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ წინ გველოდება არანაკლებ რთული გზა! ჩვენს სახარებისეულ რწმენას წინ ელოდება დიდი გამოცდა! დიდი გამოცდა ელის ჩვენს სამოქალაქო ცნობიერებასაც! რასაკვირველია, ეს არის ქრისტიანული ცხოვრების, თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე ორიენტირებული ერის არსებობის თანმდევი პროცესი. საბჭოთა წარსული, რომელიც ტოტალიტარიზმისა და კოლექტივიზმის სახით ჯერ კიდევ ჩვენს ქვეცნობიერშია ჩამალული, კვლავინდებურად გვიტევს და ცდილობს წარსულში ჩვენს დაბრუნებას, როგორც ფარაონი, რომელიც ვერ ელევა ეგვიპტიდან აღთქმული ქვეყნისკენ მიმავალ ისრაელს, და ყველა მის ხელთ არსებული საშუალებით ცდილობს მის უკან დაბრუნებას! თუმცა, ჩვენ ვიცით, თუ რა ბედი ეწია მას (ფარაონს), როცა ორად გაპობილ მეწამულ ზღვაში ჰპოვა თავისი აღსასრული. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მიუხედავად ტკივილებისა, ვიმოძრაოთ წინ და არ შევუშინდეთ ქარიშხალს!“ 

 

LB loan image desktop LB loan image mobile