ჩემთვის უკიდურესად მძიმეა - გახარია უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებაზე

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კახეთში ტურიზმის სექტორთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ჟურნალისტებმა გახარიას უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების შეფასება სთხოვეს. შეკითხვა დაისვა გიორგი რურუას გათავისუფლებასა და საკონსტიტუციო ცვლილებებზეც.

„მმართველ გუნდს ბოლომდე აქვს გააზრებული პოზიცია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა ჩატარდეს და ის შედგება. ჩემს კონკრეტულ პოზიციას რაც შეეხება, მოგახსენებთ, რომ, ჩემი აზრით, ის საარჩევნო სისტემა, რომელზეც შეთანხმება მოხდა, ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. პროპორციული საარჩევნო სისტემა აუცილებელია პოლიტიკური სისტემის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის. რაც შეეხება სხვა ყველაფერს უბრალოდ პოლიტიკური სპეკულირებაა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებაზე დასმულ შეკითხვას კი უპასუხა, რომ მისთვის ეს მიუღებელია, თუმცა შეწყალება პრეზიდენტის კომპეტენციაა.

„ამ შეწყალებასთან დაკავშირებით – ჩემთვის უკიდურესად მძიმეა, რომ ადამიანი, რომელიც უბრალოდ შტურმით მიდიოდა პარლამენტზე და რომელმაც 50 მილიონი ბიუჯეტიდან მოიპარა, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ვითომ პოლიტიკოსები არიან, დაიმსახურეს შეწყალება, ეს ჩემთვის მძიმეა.

კარგად მესმის რიგითი მოქალაქეების გაბრაზება, რომლებიც უყურებენ პრივილეგირებული პოლიტიკოსების კასტას, რომლებიც იმის გამო, რომ პოლიტიკოსის მანტია მოისხეს, ასეთი მძიმე კონკრეტული კრიმინალური დანაშაულის შემდეგ შეიწყალეს. მაგრამ, რა თქმა უნდა, პრეზიდენტს შეწყალების სრული უფლება აქვს და ეს მისი სრული კომპეტენციაა. ჩემთვის ამაზე საუბარი დღეს არის მეორე ხარისხოვანი და რატომ? არავის გეგონოთ, რომ კოვიდი დამარცხებულია; არავის გეგონოთ, რომ ქვეყნის ეკონომიკური აღორძინება გარანტირებულია. ეს ასე არაა. მსოფლიოში სისტემური  სახელმწიფოები დღეს ხან მეორე ტალღას გვიანონსებენ, ხან მესამეს. გაურკვევლობა ამ გლობალური კრიზისის  ყველაზე დიდი მახასიათებელი კომპონენტია. ამ პროცესში ჩვენი პასუხისმგებლობა ათმაგდება“, – განცხადა გახარიამ.