ჩერდება ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობაც - ეროვნული ბანკი

პუბლიკა

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით დროებით ჩერდება სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საკრედიტო კავშირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, აქტივების მმართველი კომპანიების, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, საფონდო ბირჟის, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს  მუშაობა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნულ სუბიექტებს საქმიანობა (გარდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა), შესაძლებლობის შემთხვევაში, ოფისებში მიუსვლელად, მხოლოდ დისტანციური არხების მეშვეობით  შეეძლებათ. 

 მათივე ინფორმაციით, როგორც ოფისებში, ისე დისტანციურად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობას კვლავ განაგრძობს კომერციული ბანკები, საგადახდო სისტემის ოპერატორები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და აგენტები, რომლებიც მომსახურებას გადახდის აპარატების, ბანკომატებისა და პოს-ტერმინალების საშუალებით აწვდიან. ასევე, აგრძელებენ საქმიანობას გადახდის აპარატების, ბანკომატებისა და პოსტერმინალების მუშაობისთვის საჭირო მომსახურების მიმწოდებლები.

„ამ შეზღუდვის პირობებშიც, მოსახლეობას ფინანსური სერვისების უწყვეტად მიღების შესაძლებლობა აქვს. მათ შორის, გრძელდება ნაღდი ფულის შეუფერხებლად მიწოდება, ნებისმიერი ტიპის გადახდა, სასესხო და სადეპოზიტო მომსახურება და ვალუტის გადაცვლის სერვისების მიწოდება (ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში). 

იმისათვის, რომ ქვეყანამ ეფექტიანად შეძლოს ვირუსთან ბრძოლა, მოვუწოდებთ მოსახლეობას,  მაქსიმალურად გამოიყენონ ინტერნეტგადახდის სერვისი. შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე –  info@nbg.ge. ერთობლივი ქმედებით, ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში აღდგენას. #დარჩიშინ,  –  ამბობენ ეროვნულ ბანკში.