ჩხენკელის განმარტება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაგეგმილ სიახლეებზე

პუბლიკა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე უმაღლეს განათლებაში 2020 წელს შესრულებულ პროექტებსა და სფეროს განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე და აღნიშნა, რომ უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსება უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა.

„აღსანიშნავია, რომ ქართველ პროფესორებთან ერთად უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობენ პროფესორები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან. ქუთაისის საერთაშორისო უნივერიტეტი თანამშრომლობს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. მასთან ერთად შეიქმნა ის აკადემიური პროგრამები, რომლითაც უნივერსიტეტმა დაიწყო ოპერირება.

მომდევნო წლებში უნივერსიტეტში გაჩნდება ახალი აკადემიური პროგრამები, განათლების სამივე საფეხურისთვის და ყოველი მათგანი მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების აკადემიურ პროგრამებზე იქნება დაფუძნებული“, –განაცხადა ჩხენკელმა.

მისივე თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსდება ადრონული თერაპიის ცენტრიც, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან ერთად სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში თანამედროვე კვლევებიც იწარმოებს.

„ცენტრში განთავსდება ორი ციკოტრონი, რომელთა დამზადება ამჟამად მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში „აი ბი ეი-ში“ მიმდინარეობს. ეს პროექტიც მთლიანად „ქართუ ფონდის“ მიერ არის დაფინანსებული.

ერთი ციკოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე მეთოდებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის. ხოლო მეორე ციკოტრონი – სამეცნიერო კვლევის პროცესს, აღნიშნულ კვლევებს ქართველი და უცხოელი მეცნიერები ერთობლივად განახორციელებენ.

პირადად შევხვდი მსოფლიოს წამყვან მკვლევრებს ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით და მათ უკვე გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ქართველ მეცნიერებთან ერთად აწარმოონ სამეცნიერო კვლევითი პროცესი ქუთაისში“, – განაცხადა ჩხენკელმა.

მისივე თქმით, უნივერსიტეტში დაგეგმილია მრჩეველთა ინდუსტრიული საბჭოს დაფუძნება, საბჭოს შემადგენლობაში შევლენ მსოფლიოს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები და ბიზნესასოციაციები.