ჩრდილო ამერიკის ეპარქიაში კიდევ ერთ სასულიერო პირს დაუდასტურდა კორონავირუსი – ეპისკოპოსი საბა

პუბლიკა

ჩრდილო ამერიკის ეპარქიის მღვდელმთავრის, ეპისკოპოს საბა ინწკირველის თქმით, ნიუ-იორკში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კიდევ ერთ სასულიერო პირს დაუდასტურდა კორონავირუსი.

„მეორე სასულიერო პირია ინფიცირებული ჩვენს ეპარქიაში. თქვენთვის კარგად ცნობილი მამა სპირიდონ ნარსია. იცით, რომ ნიუ-იორკი ეპიცენტრია. არ ვიცით, საიდან დაინფიცირდა, ვისთან ჰქონდა შეხება. მაგრამ მას წინა შაბათ-კვირას წირვა არ ჩაუტარებია და სახლის პირობებში გადის მკურნალობას“, – თქვა ეპისკოპოსმა Facebook-ზე გაკეთებულ ვიდეომიმართვაში.

ეპისკოპოს საბას თქმით, კორონავირუსზე თავადაც გაიკეთა ტესტი, რომელიც უარყოფითი აღმოჩნდა, თუმცა გააგრძელებს სახელმწიფოს რეკომენდაციების დაცვას.

„მე ვილოცებ ტაძრიდან თქვენთვის, თქვენ ილოცეთ სახლში ჩვენთვის. ასე ერთობით, სიყვარულით, ურთიერთპატივისცემით, მაღალი პასუხისმგებლობით და მოყვასის სიყვარულით, ღვთის შეწევნით გავუმკლავდებით ამ განსაცდელს, თუმცა ეს განსაცდელი ჩვენ გვაფიქრებს კიდეც, თუ რა პასუხისმგებლობა გვაკისრია ჩვენ ერთმანეთის მიმართ და პირველ რიგში, სასულიერო პირებს“, – თქვა ეპისკოპოსმა.