ჩრდილო ამერიკის ეპარქიაში მოღვაწე მამა იოსებ მინდიაშვილს კორონავირუსი აღმოაჩნდა

ჩრდილო ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსის, საბას განცხადებით, ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირს, დეკანოზ იოსებ მინდიაშვილს კორონავირუსი აღმოაჩნდა.

ეპისკოპოსის განცხადებით, დეკანოზს 20 მარტს გამოუვლინდა სიმპტომები და იმავე დღეს მიმართა ექიმს. მისივე თქმით, მამა იოსებს მრევლთან შეხება არ ჰქონია და სახლში მკურნალობს.

“მისი ნებართვით ვამბობ სახელს და გვარს, რადგან ამით მაგალითი მივცეთ სხვებს, რომ დღეს მაღალი საზოგადოებრივი პასუხიმსგებლობა ნიშნავს იმას, რომ არ დამალო არაფერი, “- განაცხადა მეუფე საბამ.

ეპისკოპოსი მრევლს მოუწოდებს, თუკი რომელიმე მათგანს ბოლო ორი კვირის განმავლობაში დეკანოზთან ჰქონდა კონტაქტი, დააკვირდნენ სიმპტომებს და გამოვლენის შემთხვევაში, მიმართონ ექიმს.

„ამ წუთას ის არ საჭიროებს საავადმყოფოში გადაყვანას და მადლობა ღმერთს. უფრო მეტიც, მას ჰქონდა პროფესიონალ ექიმებთან კონსულტაცია და ღმერთს შევთხოვთ, რომ მალე სრულიად ჯანმრთელი გვენახოს”, – განაცხადა მეუფე საბამ.

ეპისკოპოსის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში კრიტიკული სიმპტომების არქონის შემთხვევაში საავადმყოფოში მკურნალობის აუცილებლობა არ არსებობს. მეუფე საბა აცხადებს, რომ დეკანოზს სიცხე სტაბილური აქვს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.