ჩვენ არ გვაქვს რასიზმის, თუ ადამიანთა გარიყვის ნებისმიერი შემთხვევის შეწყანრების უფლება - პაპი ფრანცისკე

ოთხშაბათს რომაელი პონტიფექსი აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო მღელვარებას გამოეხმაურა. პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ხალხს ქადაგებისას მიმართა და განაცხადა, რომ რასიზმი შეუწყნარებელია, ხოლო ძალადობრივი პროტესტი კი თვითდესტრუქციული და კონტრპროდუქტიული.

პაპი ფრანცისკეს მიმართვა აშშ-ში შავკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის დაღუპვის გამო დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს ეხებოდა, რომელიც უკვე რვა დღეა გრძელდება. მისი თქმით, ფლოიდის ტრაგიკული სიკვდილი კიდევ ერთხელ ცხადყოფს რასიზმის დაუშვებლობას. რომაელმა პონტიფექსმა განაცხადა, რომ ის ყველასთვის ილოცებს, ვინც „რასიზმის ცოდვას” ემსხვერპლა.

„მეგობრებო, ჩვენ არ გვაქვს რასიზმის, თუ ადამიანთა გარიყვის ნებისმიერი შემთხვევის შეწყანრებისა და უგულებელყოფის უფლება. სხვაგვარად ჩვენ ვერ დავიცავთ იმ სიწმინდეს, რომელსაც ადამიანური სიცოცხლე წარმოადგენს.

ამავდროულად აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ბოლო დღეებში მიმდინარე ძალადობრივი პროტესტი თვითდესტრუქციულია. ძალადობით ვერაფერს შევიძენთ, პირიქით მრავალს დავკარგავთ”, – განაცხადა რომის პაპმა.

პაპმა ფრანცისკემ მოუწოდა ამერიკულ საზოგადოებას მიმართონ ღმერთს ქვეყანაში მშვიდობისა და ერთიანობის დასაბრუნებლად.