ხვიჩია: ჩვენ ერთადერთი მოსამართლე გვყავდა, ილია ჭავჭავაძე

პუბლიკა

„ჩვენ, ფაქტობრივად, ერთადერთი მოსამართლე გვყავდა. მე ილია ჭავჭავაძის გარდა, ერთი მოსამართლე არ ვიცი, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებდა და ადამიანთა შორის მტყუან-მართალს არჩევდა“, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ფაქტობრივად ერთადერთი მოსამართლე გვყავდა. მე ილია ჭავჭავაძის გარდა, ერთი მოსამართლე არ ვიცი, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებდა და ადამიანთა შორის მტყუან-მართალს არჩევდა და კონფლიქტების მოგვარება უნდოდა. შემდეგ კომუნისტები მოვიდნენ და ნაცვლად იმისა, რომ სასამართლოს და მოსამართლეებს ადამიანები დაეცვათ, მთავარი შეცდომა დავუშვით და მართლმსაჯულების განხორციელება კომუნისტების მონებს მივანდეთ. საბჭოთა მოსამართლეები მონები იყვნენ, კლოუნი მონები, რომლებიც ადამიანთა ინტერესებს კი არ ითვალისწინებდნენ და ადამიანებს კი არ იცავდნენ სისტემისგან, არამედ, პირიქით, სისტემას იცავდნენ ადამიანებისგან. ამ სასამართლოს ხელით ჩავიდინეთ ყველაზე სამარცხვინო დანაშაულები, რაც ჩაუდენია საქართველოს მოსახლეობას ერთმანეთის წინააღმდეგ და მაინც ვერაფერი ვისწავლეთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, დღევანდელი სასამართლო საბჭოთა სასამართლოს სამართალმემკვიდრეა.

„ჩვენ ყველამ ვიცით, მათ შორის თქვენც, პარლამენტის წევრებმა, რამე რომ შეიცვალოს ზუსტად ის დაგვემართება ყველას, რაც ნიკა მელიას დაემართა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი იყო. აქ, დარბაზში მსხდომ ხალხსაც კი არ აქვს იმის უნარი, რომ მართლმსაჯულება და სამართლიანობა დაიცვას, მაშინ, როდესაც სასამართლო არ გვაქვს ქვეყანაში“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ხვალ აირჩევა წარმომადგენლები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მაგრამ ისინი არ აირჩევიან ადამიანის უფლებების დასაცავად, არამედ სისტემის გასამყარებლად.

„ყველა პრობლემა, რომელიც ჩვენ დღეს გვაწუხებს, დაწყებული ნამახვანჰესიდან, სასამართლოს ბრალია. იმიტომ, რომ მტყუან-მართლის გამრჩევი ორგანო არ გვყავს. იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა არ იციან, სად გაარჩიონ მტყუან-მართალი. კოვიდდიქტატურაც სასამართლოს ბრალია და ა.შ.  მინდა, ჩემს კოლეგებს მივმართო, რამდენ ხანს ვაპირებთ ასე გაგრძელებას? ხომ გვესმის, რომ ეს სასამართლო ყველას შეგვეხება და ვერ დავემალებით?“, – განაცხადა მან.