ჩვენ ეს შეზღუდვები გვჭირდება - გახარია კანონპროექტზე

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში იგეგმება პროექტის ინიცირება, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გასვლის შემდეგ მთავრობას კანონმდებლობით გარკვეული შეზღუდვების შემოღების შესაძლებლობას უჩენს. პროექტი დღეს, 19 მაისის ბიუროს სხდომაზე უნდა დარეგსტირდეს, პროექტის ავტორები მის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ.

პროექტის მიზნებთან დაკავშირებით დღეს ტურიზმის სექტორთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებმა პრემიერ-მინისტრს შეკითხვები დაუსვეს.

„ყველას კარგად ესმის, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დღეს ჩვენგან მოითხოვს გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნებას. არ დაგავიწყდეთ, რომ ევროპის ქვეყნებში საგანგებო მდგომარეობა ივნის-სექტემბრამდეა გაგრძელებული. ჩვენ კოვიდ 19-ის რისკებს ეფექტურად ვმართავთ, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ეკონომიკის ამოქმედების გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ. რისთვისაც უკვე მზად ვართ. მაგრამ არავინ იფიქროთ, რომ კოვიდი დავამარცხეთ.

ჩვენ ერთი რამ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი წარმატების ფასი ნული იქნება, თუ ჩვენი გაუაზრებელი სწრაფი ყოვლისმომცველი შეზღუდების ერთბაშად მოხსნით ქვეყანას, თითოეულ მოქალაქეს და ქვეყნის შემდგომი აღორიძინების საქმეს რისკის ქვეშ დავაყენებთ. ამიტომ ჩვენ ეს შეზღუდვები გვჭირდება, მაგრამ ამავე დროს ჩვენ არ გვჭირდება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. ამიტომ მივმართეთ პარლამენტს, რომ ეს შეზღუდვები გონივრული იყოს და მიმართული იყოს კონკრეტულ მიზნებზე.

არ დაგავიწყდეთ, რომ ქვეყანაში გრძელდება საკონსტიტუციო პროცესი და მან უნდა მიიღოს ის ცვლილებები, რომლებიც ჩვენ ყველას გვჭირდება არჩევნების კონტექსტში“, – განაცხადა გახარიამ.

შეკითხვაზე – შეეხება თუ არა შეზღუდვები კონკრეტული რაოდენობა ადამიანების შეკრების აკრძალვას,  მაგალითად, აქციების გამართვას? – გახარიამ უპასუხა, რომ ამ შეზღუდვებში გამოხატვის თავისუფლება არ შევა.

„ამ შეზღუდვებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არ შევა“, – განაცხადა გახარიამ.