ჩვენ ვხედავთ რუსეთის აგრესიულ მოქმედებებს მისი მეზობელი ქვეყნების მიმართ - სტოლტენბერგი

პუბლიკა

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსსა და რუსეთს შორის ურთიერთობა „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ახლა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. რასაც, მისი თქმით, თავად რუსეთის აგრესიული მოქმედებები განაპირობებს.

„ჩვენ ვხედავთ რუსეთის აგრესიულ მოქმედებებს მისი მეზობელი ქვეყნების – უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ, მოწამვლის ფაქტებს, ასევე კიბერ თავდასხმებს, მათ შორის, NATO-ს წევრების წინააღმდეგ და ეს არის ის, რამაც რუსეთსა და NATO-ს შორის ურთიერთობების გაუარესება გამოიწვია.

ჩვენი ურთიერთობები „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. მაგრამ NATO ადაპტირებს და რეაგირებს. ჩვენ განვამტკიცეთ კოლექტიური თავდაცვა, გვაქვს მზადყოფნის მაღალი დონე.

2014 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად იზრდება თავდაცვის დაფინანსება და განვაგრძობთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებას და ჩვენ ამას იმ გადაწყვეტილებების საფუძველზე განვახორციელებთ, რომელსაც დღეს „NATO 2030-ის“ დღის წესრიგის ფარგლებში მივიღებთ“, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტის დაწყების წინ.

მისივე თქმით, თავდაცვის გაძლიერებასთან ერთად ალიანსი მიესალმება დიალოგს და დარწმუნებულია, რომ ალიანსის წევრი ქვეყნის ლიდერები მხარს დაუჭერენ რუსეთთან ამ ორმაგი მიდგომის გაგრძელებას – ძლიერი თავდაცვა დიალოგთან ერთად.

ამასთან, სტოლტენბერგის თქმით, დიალოგის კარგი შესაძლებლობა იქნება აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის დაგეგმილი შეხვედრაც.

„დარწმუნებული ვარ,  NATO-ს ლიდერები მიესალმებიან აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან კონსულტაციების შესაძლებლობას მასსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილი შეხვედრის წინ“, – თქვა იენს სტოლტენბერგმა სამიტის დაწყების წინ.

ბრიუსელში, დღეს, 14 ივნისს, NATO-ს სამიტზე ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოც იქნება.­ ამის შესახებ განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც სამინისტრო აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი მოხვდა სამიტის დღის წესრიგის იმ ნაწილში, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერას ეხება.